კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროექტის - „ წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ - ფარგლებში ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმეები

27 ნოემბერი, 2019
 
1. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარების შედეგად სოფელ წერეთელს სასმელი წყლის პრობლემა აღარ აქვს

 „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, სამართლებრივი დახმარებისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მომართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მკვიდრმა. განცხადების მიხედვით, სოფელ წერეთლის წყალი სასმელად უვარგისი იყო, რაც დასტურდებოდა ლაბორატორიული დასკვნით. აღნიშნული წყლის ლაბორატორიული შემოწმება კი მოსახლეობის განცხადების საფუძველზე ჩაატარა სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. შემოწმების თანახმად, სოფლის სასმელი წყალი არ შეესაბამებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით არსებულ ტექნიკური რეგლამენტის სტანდარტებს. მიუხედავად ლაბორატორიის დასკვნისა, შპს „მარნეულის სოფწყალმა“ არანაირი ქმედითი ღონისძიება არ განახორციელა სასმელი წყლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას, რომლის რეგულირების სფეროში შედიოდა შპს „მარნეულის სოფწყალი“ და მოითხოვა ლაბორატორიული წყლის ანალიზით დაედასტურებინათ სამელი წყლის ვარგისიანობა შპს „მარნეულის სოფწყალს“.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მხრიდან დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვა. კომისიამ შპს „მარნეულის სოფწყალის“ მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ადგილზე საქმის გასარკვევად კომპეტენტური პირი გამოჰყო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმეში ჩართვის შედეგად, სოფელში დაიდგა სასმელი წყლის გამწმენდები, გამოიცვალა სასმელი წყლის მილების დაზიანებული მონაკვეთები. ამის შემდეგ კი ორგანიზაციას მოაწოდეს ლაბორატორიული შემოწმების დასკვნა, რომლის თანახმად, სოფელ წერეთლის სასმელი წყალი შეესაბამება მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტს და ის ვარგისია სასმელად.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის მე-6 საჯარო სკოლაში სველი წერტილებისა და საკანალიზაციო სისტემის პრობლემა გადაიჭრა

არასამთავრობო ორგანიზაციების CENN-ისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სსიპ მე-6 საჯარო სკოლის სანიტარიულ-ჰიგიენური საკითხების შესწავლა. შედეგად გამოვლინდა სკოლაში არსებული საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობით გამოწვეული საგანგაშო მდგომარეობა, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა  სკოლის პრობლემებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა სკოლის დირექტორს, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსა და სსიპ განათლებისა და მეცნიერების ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მას შემდეგ რაც, განათლების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენცია გახდა, ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეხვედრები გამართა მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან, რის შემდეგაც მარნეულის მერიამ  ქ. მარნეულის სსიპ მე-6 საჯარო სკოლის სველი წერტილების,  საკანალიზაციო სისტემის მოწყობისა და ეზოს რეაბილიტაციის მიზნით 150 000 ლარი გამოჰყო ბიუჯეტიდან.

3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის მკვიდრს სასმელ წყალს ცისტერნებით აწოდებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაიწყო ადვოკატირების პროცესი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით.  სოფლის მცხოვრების, ლ.ა.-ს განცხადების თანახმად, 2 თვეზე მეტია, სოფლის მაცხოვრებლების უმეტესობას სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდა. ხოლო მის ოჯახს ფინანსური პრობლემების გამო არ შეეძლო წყლის შეძენა და მოხუცი დედა იძულებული იყო ბოთლებით მოეზიდა მდინარე ხრამის დაბინძურებული წყალი. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ 2019 წლის 8 ივნისის წერილობით მიმართა შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს სუფთა სასმელი წყლის მიწოდება სოფელ ნახიდურში. მითითებული წერილით ორგანიზაციამ გამოითხოვა  ინფორმაცია ჩატარებულია თუ არა ლაბორატორიული შემოწმება სოფელ ნახიდურის სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით და  გეგმავს თუ არა კომპანია კონკრეტულ სამუშაოებს უახლოეს მომავალში სოფლის წყალმომარაგების სისტემის გასამართად. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ კანონით გათვალისწინებულ 10 დღიან ვადაში პასუხი არ მოაწოდა ორგანიზაციას, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საჩივრით მიმართა საქართველოს წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას.

კომისიამ ორგანიზაციას აცნობა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის წყალმომარაგებას ნამდვილად ახორციელებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ასევე, 2019 წლის 11 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონული ფილიალის ლაბორატორიის მიერ განცორციელდა სოფელ ნახიდურში წყლის სინჯების აღება და ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სასმელი წყლის სტანდარტებს. თუმცა, იქამდე, სანამ კომპანია სრულად  უზრუნველყოფს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას სოფელში, განმცხადებელ ლ.ა.-ს რეგულარულად ამარაგებს სასმელი წყლით ცისტერნებით.  

4. სოფელ ყიზლაჯლოს საჯარო სკოლაში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა CENN-მა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეისწავლეს მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.   შედეგად,  ადგილზე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოიკვეთა სოფელ ყიზლაჯლოს №2 საჯარო სკოლაში არსებული საგანაგაშო მდგომარეობა . აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ოფიციალური წერილით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ადგილზე დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარება, რაც მათ პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა. ორგანიზაციას მარნეულის მერიისგან ეცნობა,  რომ ყიზლაჯლოს საჯარო სკოლის საპირფარეშოების მოწყობის სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაითვალისწინეს შესაბამისი თანხები და,  დღეის მდგომარეობით, უკვე მიმდინარეობს საპირფარეშოების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ყიზლაჯლოს სკოლაში.
  
5. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის №1  საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სველი წერტილების პრობლემა გადაიჭრა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტის  - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ - ფარგლებში მატანის №1 საჯარო სკოლა 2018 წლის ზაფხულში დაათვალიერეს. ადგილზე მონიტორინგით გამოვლინდა, რომ  „WaSH“-ის სტანდარტებთან მიმართებაში სკოლაში მძიმე მდგომარეობა იყო. წყალი, რომელიც სკოლას მიეწოდებოდა,  იყო სასმელად გამოუსადეგარი. მოსწავლეთა მცირე ნაწილი ბოთლებით სახლიდან ატარებდა სასმელ წყალს. მცირე ნაწილი კი, ყიდულობდა წყალს სკოლის საკვები ობიექტიდან ან მაღაზიიდან. გაირკვა, რომ სკოლას პერიოდულად საერთოდ არ მიეწოდებოდა წყალი სოფელში არსებული წყლის მომარაგების პრობლემების გამო. სკოლას ჰქონდა ორი საპირფარეშო, რომლებიც მდებარეობდა შენობის გარეთ. აქედან ერთი არ გამოიყენებოდა, ვინაიდან საძირკველი დაწეული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა ბავშვებისთვის. მოქმედი სველი წერტილი იყო ამორტიზებული, მძიმე სანიტარიული პირობებით. წყლის ონკანი მდებარეობდა საპირფარეშოდან მოშორებით, დაახლოებით 40 მეტრის მანძილზე, ხელის საპონი იდო სკოლის შენობის ერთ-ერთი ოთახის ფანჯარაში. არსებული მანძილის გამო მოსწავლეები, ფაქტობრივად, ვერ/არ იბანდნენ ხელებს. 

აღნიშნულ სკოლაში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების  მოწესრიგების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისი ადვოკატირებას 2018 წლის ნოემბრიდან აწარმოებდა. 2018 წლის 5 ნოემბერს, ორგანიზაციას სამმა მშობელმა განცხადებით მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან 16 ნოემბერს მიიღო პასუხი, რომ მატანის №1 საჯარო სკოლაში საპირფარეშოებისა და სველი წერტილების მოწყობის საკითხი 2019 წელს მოგვარდებოდა. მიმდინარე წლის 28 მაისს მუნიციპალიტეტმა ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისს მისწერა, რომ მატანის №1 სკოლაში სანიტარული კვანძების მოსაწყობად 93 200 ლარი გამოიყო. სამუშაოების დასრულების პერიოდად კი, 1 ოქტომბერი განისაზღვრა.

2019 წლის 30 აგვისტოს, მატანის №1 საჯარო სკოლაში მისულ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს ეზოში საპირფარეშოებისა და სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოები დასრულებული დახვდათ. ახალი საპირფარეშოები და სველი წერტილებია მოწყობილი შენობის სამივე სართულზე, რომლებიც ცალ-ცალკე ოთახებად არის დაყოფილი გოგოებისთვის, ბიჭებისთვის, შშმ მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის. 

6. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურის საჯარო სკოლაში სველი წერტილის პრობლემა გადაიჭრა

თოხლიაურის სკოლაში არსებული მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გამო, 2018 წლის 19 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრს რამდენიმე მშობელმა განცხადებით მიმართა. 

სკოლის ძველი საპირფარეშო ეზოში უმძიმეს მდგომარეობაში იყო.  საპირფარეშოს 2 ერთეული განკუთვნილი იყო გოგოებისთვის და 2 ერთეული ბიჭებისთვის. ტუალეტს არ ჰქონდა კარ-ფანჯარა, ავარიულ შენობაში იყო ჩამოშლის საფრთხეც. ტუალეტს არ ჰქონდა წყალჩამრეცხი სისტემა, რის გამოც, იყო სპეციფიკური სუნი და ანტისანიტარია. სკოლის მოსწავლეები თავს არიდებდნენ საპირფარეშოთი სარგებლობას. 

ეზოში, საპირფარეშოსგან მოშორებით იყო წყლის ონკანი, სადაც იდო თხევადი საპონი თავღია მდგომარეობაში. მსგავსი პირობების გამო მოსწავლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ საკმარისი ოდენობის სასმელი წყალი და დაებანათ ხელი. 

მშობლების განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 20 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა თოხლიაურის სკოლაში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით მიმართა. იმავე დღეს, წერილი გაიგზავნა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან. 

2019 წლის 14 თებერვალს, პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ დაგეგმილი ტურის ფარგლებში ფარგლებში, ჟურნალისტები თოხლიაურის საკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას გაეცნენ.  

2019 წლის 20 თებერვალს, თოხლიაურის სკოლის პრობლემის მოგვარების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. 2019 წლის 20 ივნისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგარეჯოს მერიიდან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, თოხლიაურის საჯარო სკოლაში ახალი საპირფარეშოებისა და სველი წერტილების მოსაწყობად 46 953 ლარი გამოიყო. 

თოხლიაურის საჯარო სკოლის ეზოში საპირფარეშოებისა და სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდა. სველი წერტილები სკოლის შენობაში განთავსდა.

7. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღრაანის საბავშვო ბაღში სველი წერტილები მოეწყო

მაღრაანის საბავშვო ბაღში ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის კოორდინატორი და იურისტი, ადვოკატირების კამპანიის დაწყების მიზნით, 2019 წლის 26 მარტს იმყოფებოდნენ. 

ბაღს ჰქონდა ხის საპირფარეშო, რომელიც მდებარეობდა შენობის გარეთ, ამორტიზებულ მდგომარეობაში. ხელსაბანი  კი - აივანზე, წყალთან არ იდო  საპონი. 

მშობლების განცხადების საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისმა 2019 წლის 4 აპრილს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიას და ბაგა-ბაღების გაერთიანებას განცხადებით მიმართა.

ამავე წლის 22 აპრილს, ორგანიზაციამ მიიღო პასუხი, რომ მაღრაანის საბავშვო ბაღის შენობაში ახალი საპირფარეშოებისა და სველი წერტილების მოსაწყობად 18 541 ლარი გამოიყო. 

ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღის შენობაში 3 ერთეული საპირფარეშო მოეწყო. (1 -1 გოგონებისა და ბიჭებისთვის, ხოლო 1 ერთეული აღმზრდელებისთვის). საპირფარეშოების გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამზარეულოსა და პროდუქტების შესანახ ოთახს.

8. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის დახმარებით სოფელ მატანში ახალი ამბულატორია შენდება

მატანის ამბულატორიაში არსებული სამედიცინო პრობლემების მოგვარებისა და ადვოკატირების მიზნით, 2019 წლის 25 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრს ექიმებმა განცხადების მიმართეს. (ამბულატორიას აქვს მძიმე სანიტარული პრობლემები. წყალი შეყვანილია ეზომდე (თავად ექიმების ძალისხმევით). საპირფარეშო ეზოში, ამორტიზებულ და მძიმე სანიტარულ მდგომარეობაშია. ექიმების ოთახებს არ მიეწოდება წყალი. ამბულატორია ემსახურება 6 ათასამდე პაციენტს) . 

მატანის ამბულატორიისთვის ახალი შენობის გადაცემის თხოვნით ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისმა ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს მიმართა. 

2019 წლის 2 აპრილს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმეტის მერიიდან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, სოფელ მატანში ახალი ამბულატორიის მშენებლობა იგეგმებოდა. ამავე წლის 24 ივლისს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა მატანის ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაათვალიერეს. აღნიშნულ ობიექტზე ორგანიზაციის წარმომადგენლები 30 აგვისტოსაც იმყოფებოდნენ. 

როგორც სამუშაოების შემსრულებლებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს უთხრეს, ახალი ამბულატორიის მშენებლობა ნოემბრის თვის ბოლომდე დასრულდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ახორციელებს CENN-თან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით

ახალი ამბები