კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარი დეპუტატების მხილების კამპანია გორში

1 დეკემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

,,ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" - აღნიშნული კამპანია ,,სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სწორედ იმ მაჟორიტარი დეპუტატების წინააღმდეგ დაიწყო,  რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს.

კამპანიის ფარგლებში, 28 ნოემბერს, ალეკო ელისაშვილი თანამოაზრეებთან ერთად გორში ჩამოვიდა და პარლამენტში ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის ე.წ. ,,ურჩი“  მაჟორიტარი დეპუტატების: იოსებ მაკრახიძისა და თემურ ხუბულურის წინააღმდეგ აქცია გამართა. აქციის ადგილად კი, სიმბოლურად, გორის ბაზარი ,,გეორგია ოცდამეერთე" შეარჩია, რომლის 33%-იან წილს იოსებ მაკრახიძის ოჯახი ფლობს. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წელს - 2040 წლამდე იჯარით რამდენიმე ასეული კვ.მ მიწის ფართი, კვადრატული 2 ლარად, გადასცა. ალეკო ელისაშვილი ამბობს, ეს არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმის, რომ მაჟორიტარი დეპუტატები რეგიონებში ფეოდალებად არიან ქცეულები.

,,სწორედ ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას მაჟორიტარულ სისტემაზე თქვას უარი, ეს არის ორმხრივი ინტერესი, მაჟორიტარების ხარჯზე ქართული ოცნება ხელისუფლების ყველა შტოს უზურპირებას ახდენს, მაჟორიტარები კი რეგიონებში ფეოდალებად არიან ქცეულები და მონური მორჩილებით გამოირჩევიან. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იოსებ მაკრახიძე, რომლსაც ერთ კვ.მ მიწის ნაკვეთს წლიური იჯარით ორ ლარად აძლევენ და აგებინებენ რამდენიმე ათეულ მილიონიან ტენდერებს მაკრახიძისა და მისი მეუღლის კომპანიებს. ბიუჯეტში კვ.მ. მიწის ფართზე წლიურად 2 ლარს იხდიან და ხოლო თვითონ ერთ კვადრატულ მიწას ბაზარში, თვეში,  60-დან-120 ლარამდე აქირავებენ მოვაჭრეებს", - აცხადებს ელისაშვილი.

,,სამოქალაქო მოძრაობის" წარმომადგენლების აქციას გორში ხმაურისა და შეხლა-შემოხლის გარეშე არ ჩაუვლია. აქციის დროს ბაზრის ტერიტორიაზე მივიდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, მმართველი პარტიიდან, მიშა გოგინაშვილი და მერაბ მელანაშვილი. ასევე იქ იმყოფებოდნენ მერიის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის ცენტრის თანამშრომლები. საკრებულოს წევრებმა განაცხადეს, რომ ბაზარში შემთხვევით მოხვდნენ. რაც შეეხება ა(ა)იპ-ის თანამშრომლებს, რომლებიც ,,სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერს დაუპირისპირდნენ, აცხადებენ, რომ ალეკო ელისაშვილს არ აქვს მორალური უფლება ქართულ ოცნების დეპუტატების წინააღმდეგ აქციის გამართვის, რადგან იგი ,,ნაციონალური მოძრაობასთან" ასოცირდება. რაზეც ელისაშვილმა უპასუხა, რომ, როდესაც მაკრახიძე ,,ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა  ის მაშინაც  ებრძოდა მას.

ელისაშვილის თქმით, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურს ოპონენტებთან საბრძოლველად იყენებს. ამის ნათელ მაგალითად კი სამუშაო საათებში ა(ა)იპ-ის თანამშრომლების მათ აქციაზე სპეციალურად მერიის მიკროავტობუსით მიყვანასა და პროვოკაციის მოწყობას ასახელებს.

,,როგორც ბოდბისხევში, აქაც იგივე მოხდა, საკრებულოს წევრები, რომლებიც შორი-ახლოს ტრიალებდნენ, აქეზებდნენ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს, რათა დაპირისპირება მოეწყოთ. რიგითი მოქალაქეები კი, ჩვენ გვეთანხმებოდნენ. თუ რაიმე ინციდენტსა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ეს იყო სახელისუფლებო სტრუქტურებში დასაქმებულების მხრიდან გამოწვეული",  - განაცხადა ელისაშვილმა.

რატომ იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები სამუშაო საათებში აქციაზე? მერიის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს ხელმძღვანელი გელა კაპანაძე პასუხობს, რომ ყველა პირი, რომელიც აქციაზე იყო მისული,  საკუთარი სურვილით მივიდა და წინასწარ ერთდღიანი შვებულება აიღეს.

„ვადასტურებ, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოს თანამშრომლები ნამდვილად იყვნენ ბაზარში იმ დროს, როდესაც ელისაშვილი აქციას მართავდა. თითქმის ყველა მათგანს აქვს შვებულება დაწერილი - ზოგს წინა დღეს, ნაწილმა კი დღეს დაწერა. მე ვერავის ვერ ვეტყვი, როდის გავიდნენ შვებულებაში, რომელ დღეს - არა",  - აცხადებს გელა კაპანაძე.

ელისაშვილის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყანაში ყველა ძირითად პრობლემას მოაგვარებს.

​,,პროპორციული არჩევნები კიდევ იმისთვის გვინდა, რომ სახელისუფლებო სტუქტურებში დასაქმებულ არცერთ ადამიანს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებდეს არცერთი ხელისუფლება. ადამიანებს, რომლებიც დღეს დაგვიპირისპირდნენ, არ მგონია, რომ ცივ ამინდში გარეთ გასვლა და ჩხუბი უნდოდეთ, თუმცა დაავალეს, სისტემაა ასეთი, ამიტომ არის სისტემა შესაცვლელი. სისტემა, რომელიც სიცივეში ყრის ხალხს გარეთ, აღატაკებს ამ ქვეყანას და ამდიდრებს მაჟორიტარ დეპუტატებს“, - აღნიშნა „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა.

გელა კაპანაძე, რომელიც მერიის ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს დირექტორის პარალელურად ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის საქმიანობაშიც აქტიურად არის ჩართული, პარტიულ მესიჯბოქს გვერდს ვერ უვლის და ამბობს, მოსახლეობას ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება თუ -შერეული. 

,,პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნით შესაძლებელია, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ იყოს აღფრთოვანებული, მაგრამ არის ეს მოცემულობა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებს თუ რა პრინციპით ჩატარდება 2020 წელს არჩევნები. ჩვენი მოსახლეობა ფიქრობს ყოველდღიურ პრობლემებზე, გაჭირვებაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლების საზრუნავი და უფრო უნდა გააათმაგოს ხელისუფლებამ მუშაობა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ხალხისთვის ყველაზე ნაკლები პრობლემაა, რა ფორმით ჩატარდება არჩევნები და ეს ჩანს აქციებიდან, სადაც ხალხის რაოდენობა მცირდება", - აცხადებს გელა კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 20-21 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ დადგა დღის წერიგში, აქციის მონაწილეების მოთხოვნას მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად იყო, საზოგადოების მოთხოვნა შეესრულებინა. ბიძინა ივანიშვილის დაპირების შემდეგ რუსთაველზე აქციები შეწყდა, თუმცა რამდენიმე თვეში ისევ განახლდა, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა და მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა.

,,შეცვალე უსამართლო საარჩევნო სისტემა" -  ამ მოთხოვნით აქციები თბილისში დღემდე გრძელდება. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემდეგ ქუჩაში გამოსული ოპოზიცია ხელისუფლებისგან გერმანული მოდელის მსგავსი საარჩევნო სისტემის მიღებას ითხოვს, რასაც მმართველი პარტია არ თანხმდება იმ მიზეზით, რომ, თითქოს, გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.   

ახალი ამბები