კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყალი

12 დეკემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სასმელი წყალი ჯანმრთელობისათვის რომ უსაფრთხო არ არის, ამას სასმელი წყლით მოწამვლის რამდენიმე ფაქტთან ერთად უკვე ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც ადასტურებს. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხიდისთავის სასმელი წყლის ვარგისიანობის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო უწყებებს მას შემდეგ მიმართა, რაც ორგანიზაციას სასმელი წყლით მოწამლული მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებმა მიმართეს. ადგილობრივები მიუთითებდნენ, რომ სასმელი წყლით მოწამვლის შემთხვევები ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა, პრობლემის შესწავლისა და მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის 8 ივნისს წერილობით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას.  24 ოქტომბერს მერიის  საპასუხო წერილში  ვკითხულობთ:

,,გაცნობებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურს, საიდანაც გვაცნობეს, რომ ხიდისთვის წყალსადენის  სათავე ნაგებობაზე არსებული საქლორატორო სადგურიდან, ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება მაგისტრალებში მიწოდებული წყლის დაქლორვა", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის წერილში, სადაც მეტი დამაჯერებლობისთვის, მერია ადამიანის უფლებათა ცენტრს  იმ ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის მიმოწერის დოკუმენტაციას უგზავნის, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის მიწოდებსა და ვარგისიანობაზეა პასუხიმგებელი. 

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის სისტემების, წყალარიანების, მელიორაციის ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსი ბონდო მარუაშვილი წერს:

„მოგახსენებთ, რომ ხიდისთავის წყალსადენის სათავე ნაგებობაზე არსებული საქლორატორო სადგურიდან ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში, ხორციელდება მაგისტრალებში მიწოდებული წყლის დაქლორვა. ამასთანავე, მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს შესრულებულია ხიდისთავის წყალსადაწნევო რეზერვუარისა და მილსადენების დეზინფექცია, წყალმომარაგების შესახებ მოქმედი რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან ერთად, მოგახსენებთ რომ წყალსადენის ქსელების დაზიანების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა ჩვენი სამსახურის მიერ ხორციელდება მყისიერად, უმოკლეს ვადაში, რაც დაზიანებული ქსელიდან წყლის დაბინძურებას გამორიცხავს. შესაბამისად, წერილში გატარებული მოსაზრება წყლის დაბინძურების შესახებ საფუძველსაა მოკლებული. მუნიციპალიტეტის სოფლებში და მათ შორის სოფელ ხიდისთავშიც, ჩვენი სამსახურის მიერ, სისტემატურად სრულდება სასმელი წყლის ლაბორატორიული კონტროლი სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტებთან ერთად, რომელთაგან უარყოფითი შედეგი დღემდე არ ყოფილა დაფიქსირებული. რაც შეეხება ხიდისთვის მოქმედი საშუალო სკოლის სასმელ-სამეურნეო წყლით მომარაგებას, ის ხორციელდება არა სოფლის წყალსადენიდან, არამედ სკოლის ეზოში მოწყობილი საკუთარი ჭაბურღილიდან. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის  წერილი მომზადებულია არსებული მდგომარეობის გაცნობისა და შესწავლის გარეშე და ჩვენი სამსახურის მიმართ წამოყენებულია უსაფუძვლო ბრალდებები, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა უნდა მოიხადოს ბოდიში“, - წერს ბონდო მარუაშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერს და დანართის სახით ხიდისთავის წყალსადენიდან აღებული წყლის საკონტროლო სინჯების ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით შედგენილ აქტებს უგზავნის, რომლის მიხედვით სასმელი წყალი ვარგისია და ის საფრთხის შემცველი არ არის.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხიდისთვის სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ მიწოდებული ლაბორატორიული ანალიზის მიხედვით შედგენილი აქტები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ხიდისთვის სასმელი წყლის ვარგისიანობისა და უსაფრთხოების შემოწმების მიზნით  პირველ ნოემბერს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, წერილობით, მიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ხიდისთვის სასმელ წყალზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგები მერიის ა(ა)იპ-ის  მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგისგან განსხვავებულია და კრიტიკულად შეუსაბამოა. კერძოდ კი, სასმელი წყალი არ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო.

,,2019 წლის 12 ნოემბერს, სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ ლაბორატორიული კვლევის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილი წესით აღებულ იქნა სასმელი წყლის სინჯები შემდეგ მისამართებზე: სოფელი ხიდისთავის წყალმომარაგების სათავე ნაგებობიდან გამომავალი პირველ წერტილი, სოფელი ხიდისთავის საბავშვო ბაღის სამზარეულოს ონკანი და სოფელი ხიდისთავის სკოლის სამზარეულოს ონკანი. შპს გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიიდან მიღებული გამოცდის ოქმების (2019 წელი 15 ნოემბერი - # 2701; 2702; 2703) საფუძველზე დადგინდა, რომ სასმელი წყალი არ არის ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო, კერძოდ: სოფელი ხიდისთავის წყალმომარაგების სათავე ნაგებობიდან გამომავალ პირველ წერტილში აღებულ სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა: 300 მლ-ში 50 კწე საერთო კოლიფორმები (ნორმა: არ დაიშვება); 300 მლ-ში 27 კწე E.coli (ნორმა: არ დაიშვება); 250 მლ-ში 18 კწე St. Faecalis (ნორმა: არ დაიშვება).  სოფელი ხიდისთავის საბავშვო ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აღებულ სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა: 300 მლ-ში 53 კწე საერთო კოლიფორმები (ნორმა: არ დაიშვება); 300 მლ-ში 25 კწე E.coli (ნორმა: არ დაიშვება); 250 მლ-ში 10 კწე St. Faecalis (ნორმა: არ დაიშვება).  სოფელი ხიდისთავის სკოლის სამზარეულოს ონკანიდან აღებულ სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა: 300 მლ-ში 43 კწე საერთო კოლიფორმები (ნორმა: არ დაიშვება)", - ნათქვამია სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის გამოგზავნილ წერილში.
  
 ​ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის ალექსი მერებაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი პრობლემემის მოგარების ნაცვალად იმას არკვევადა თუ ვინ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციას დაბინძურებულ სასმელის წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. ალექსი მერებაშვილის გორის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს, რომ სოფელ ხიდისთავში სასმელი წყლის პრობლემა მოაგვაროს, რომლიც ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელია.  

,,მიმდინარე წლის ივლისის თვეში მივმართეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და ვაცნობეთ, რომ სოფელ ხიდისთავის მოსახლეობის ინფორმაციით, მათთვის მიწოდებული წყალი იყო სასმელად უვარგისი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო. დაფიქსირდა კიდეც ადამიანების მოწამვლის ფაქტები. შესაბამისი ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა ადგილზე ოფისში მოსვლით დაგვიფიქსირეს პროტესტი, ხოლო წერილობით პასუხში დაგვადანაშაულეს ცრუ ბრალდებებში და ადამიანის უფლებათა ცენტრისგან ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვეს. მიუხედავად ამისა, მერიისაგან მაინც მოვითხოვეთ გადამოწმებულიყო ეს ინფორმაცია და ასევე დამოუკიდებლად მივმართეთ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მათ აიღეს სინჯები, როგორც სათავე ნაგებობიდან, ისე ხიდისთავში არსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის სამზარეულოდან. სინჯების ანალიზის შემდეგ, აღმოჩნდა რომ ხიდისთავის მოსახლეობასა და საბავშვო ბაღს მიეწოდება სხვადასხვა კოლიფორმებით, მათ შორის ფეკალიებით დაბინძურებული, სასმელად უვარგისი წყალი, ასევე სკოლას მიეწოდება საერთო კოლიფორმებით დაბინძურებული სასმელად უვარგისი წყალი. აღნიშნული ვაცნობეთ, წერილობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოვითხოვეთ ხიდისთავის მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ამ დარღვევებზე, მათი სასწრაფოდ აღმოფხვრა და როგორც მოსახლეობისათვის, ისე საბავშვო ბაღისა და სკოლისათვის სასმელად ვარგისი, ჯანმრთელობისათვის და სიცოცხლისათვის უსაფრთხო წყლის მიწოდების უზრუნველყოფა. ჩვენ მიერ მოთხოვნილი იქნა ასევე შესაბამისი ააიპ-ის თანამშრომელთა მიმართ უმკაცრესი დისციპლინური ზომების გატარება და მუნიციპალიტეტის მიერ მოსახლეობისათვის მიწოდებული სასმელი წყლის კონტროლის ეფექტური სისტემის შემუშავება", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი  ალექსი მერებაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ხიდისთავის სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზის შედეგები უკვე გადაუგზავნა გორის მუნიციპალიტეტის მერიას. 

ახალი ამბები