კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუისში სპორტული მოედნის გასხვისება სასამართლომ დროებით შეაჩერა

25 დეკემბერი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სოფლის სპორტული მოედნის გაყიდვას აპროტესტებენ. ადგილობრივების თქმით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტული მოედნის ტერიტორია აუქციონზე ისე გაიტანა, რომ ამის შესახებ სოფელში ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

,,გავყიდით და სოფელს რა? ეს ფული ბიუჯეტში წავა და სოფელს არაფერი არ ერგება იქიდან და სიახლოვეს არ გაგვაკარებენ გაყიდულ ტერიტორიასთან, რადგან კერძო საკუთრება გახდება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტოს აღნიშნულ ტერიტორიაზე სოფელს სპორტული კომპლექსი აუშენოს და ვეღარ გააკეთებს, რადგან ეს მიწა გაყიდული იქნება ", - აღნიშნა რუისში მცხოვრებმა ლევან ეგნატაშვილმა.

მოედანს, რომელსაც რუისში სპორტული აქტივობებისთვის იყენებდნენ, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, აუქციონის წესით, 95 000 ლარად ყიდის. ადგილობრივების თქმით, სტადიონის ადგილზე ელექტრომობილების სადგომების აშენება იგეგმება.  

,,სტადიონი იყიდებაო რომ გავიგეთ, ნახევარი სოფელი გამოვედით, წინააღმდეგი ვართ მისი გაყიდვის. ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადავკეტავთ გზას და არ მივცემთ შესვლისა და სტადიონის ადგილზე მშენებლობის უფლებას", - აცხადებენ რუისელები.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლადო ბუზიაშვილის განცხადებით, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიას ისე მისცა ტერიტორიის გაყიდვის უფლება, რომ აზრი არც რუისელებისთვის უკითხავთ და არც სპორტული მოედნის გაყიდვის მიზაშეწონილობაზე უმსჯელიათ.
  
,,სპორტული მოედანი ქარელის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანხმობით გაიტანეს აუქციონზე, რაც არის კანონდარღვევა. სპორტული მოედნის აუქციონზე გატანა არ შეიძლება, თუმცა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯერ გაიტანა აუქციონზე და შემდეგ გატანილ მიწას შეუცვალა სტატუსი", -აცხადებს ლადო ბუზიაშვილი.   

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი, გულიაშვილი ამბობს, რომ სტადიონის შემოღობვა მოხდება და მომიჯნავე მიწის ნაკვეთი გაიყიდება. 

,,რუისში რა მიწის ფართობიც იყიდება, ეს არის სტადიონის მომიჯნავე ფართობი. მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი, სპორტული მოედანი რჩება თავის ადგილზე. მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან შემოსული თანხა ისევ რუისის მოედანს მოხმარდება",- აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი.

რუისში მცხოვრებლები ქარელის მერის ამ განმარტებამ ვერ დაამშვიდა და დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის მიერ დამატებით მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ აუქციონზე გაიტანა სპორტული მოედნის ნაწილი. რუისელებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით ხაშურის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. სასმართლოს გადაწყვეტილებით, ქარელის მერიას აეკრძალა სადაო ქონების პრივატიზაციის წესით გაყიდვა სასამართლოს მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. 

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს მომართეს რუისის მაცხოვრებლებმა და ითხოვეს დახმარება რუისის სპორტული მოედნის პრივატიზაციის პროცესის შეწყვეტაში. იმის გათვალისწინებით, რომ გამოცხადებული აუქციონის დასრულებამდე დარჩენილი იყო ერთი დღე, სარჩელით მივმართეთ ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ვითხოვეთ იმ აქტების ბათილად ცნობა, რომლითაც მოხდა სპორტული მოედნის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა და მისი აუქციონზე განთავსება. ასევე მოვითხოვეთ პრივატიზაციის აკრძალვა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და აუკრძალა ქარელის მერიას სადავო ქონების პრივატიზაციის წესით გასხვისება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აუქციონი დასრულებულია, ქარელის მერიას არ აქვს უფლება მიიღოს თანხა მყიდველისაგან და გაუფორმოს მას შესაბამისი ხელშეკრულება, ვიდრე საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება", - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სტადიონის გაყიდვის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება 20 დეკემბერს 17:00 საათზე მიიღო, ამ დროს ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონი რამდენიმე წუთის დასრულებული იყო. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პირმა მიიღო და გაიმარჯვა, თუმცა ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მოედნის ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის პროცესი დროებით შეაჩერა. 

ახალი ამბები