კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოკუპაციის ახალი ტალღა ხაშურის მუნიციპალიტეტში

20 იანვარი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის წაღვლი-ჩორჩანას ტყეში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 2020 წლის იანვრის დასაწყისიდან განაახლა და 14 იანვარს უკვე გამოჩნდა საოკუპაციო ღობეები.​ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას განცხადებით, ოკუპანტებს გეზი  სოფელ ჩორჩანაში ქართულ ​საპოლიციო საგუშაგოსკენ აქვთ აღებული. ქაცარვა შიშობს, რომ თუ ოკუპაცია არ შეჩერდა, გაზაფხულისთვის ქართული საგუშაგო ოკუპანტების ალყაში მოექცევა. 

,,რუსები მიიწევენ ზუსტად იმ მიმართულებით, რომლითაც მოაქცევენ ქართულ საგუშაგოებს ახალი საოკუპაციო ხაზის შიგნით. სავარაუდოდ, ეს მოხდება გაზაფხულზე, მანამდე კი უკვე მიტაცებულ ტერიტორიებს შეღობავენ",- აცხადებს ქაცარავა. 

სახელმწიფო უსაფრთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში საოკუპაციო ძალების პროვოკაციული ქმედებები მწვავედ იქნა დასმული როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რაუნდებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების - ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზააციის პროცესი მას შემდეგ გაააქტიურა, რაც იქ ქართული საპოლიციო საგუშაგო დაიდგა. ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები შეთანხმებას ვერ აღწევენ, თუ როგორ დაძლიონ კრიზისი. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენით საუბარს აგრძელებს, რომელიც ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს აღების სანაცვლოდ ოკუპირებულ ახალგორში გამშვები პუნქტის გახსნას ეხება. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლებს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილება ხუთი თვის წინ მას შემდეგ აუკრძალა, რაც ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგო დაამონტაჟეს. 

2019 წლის 26 დეკემბერს, წინასაახალწლოდ, ახალგორში ჩასულ ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტით დახვდა. ახალგორში მცხოვრებლები ბიბილოვისგან მოითხოვდნენ ჩაკეტილი ე.წ. საზღვრების გახსნასა და მიმოსვლის აღდგენას. ბიბილოვმა შეხვედრაზე დამსწრეებს უთხრა, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე პასუხი არა მისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვის მოეთხოვათ. 

“მე, როგორც რესპუბლიკის მთავარსარდალს, რესპუბლიკის საფრთხეებისა და აქ მცხოვრები სხვა მოსახლეობის მიმართაც მაქვს პასუხისმგებლობა, და როდესაც წნელისთან ქართულმა მხარემ საპოლიციო პოსტი დადგა და ადგილობრივი მოსახლეობა მათი იარაღის სამიზნე გახდა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. შეგიძლიათ ქართულ მხარეს მოსთხოვოთ ამაზე პასუხი. წინა წლებში შეგპირდით, რომ გზა არ დაიკეტებოდა, არც გვიფიქრია არასდროს ამაზე და არც დაკეტილა იქამდე, სანამ ქართულმა მხარემ არ გამოიწვია ეს. ჩვენ ვერ გვეცოდინებოდა, რომ ქართული მხარე ამ ნაბიჯს გადადგამდა”, – განუცხადა ბიბილოვმა ადგილობრივებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების - ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს 14 იანვარს გამოეხმაურა და განცხადა, რომ საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო მოქმედებების შესაჩერებლად საქართველოს ხელისუფლება მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს. რაც შეეხება ახალგორში შექმნილ მდგომარეობას, ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ჰუმანიტარულ კრიზისში ამყოფებს იქ დარჩენილ მოსახლეობას. 

„ახალგორის მიმართულებით გადაადგილების სრული შეზღუდვა, ფაქტობრივად, თავადვე დაუკავშირეს ჩორჩანაში მათ მიზნებსა და სურვილებს, თავის მხრივ, უკანონოს და არალეგიტიმურს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არის, ფაქტობრივად, მძევლად აყვანილი. სურთ, ამ ფორმით განახორციელონ ზეწოლა უშუალოდ ადამიანებზე და ქართულ მხარეზე, რაც არის დაუშვებელი არა მხოლოდ პოლიტიკურად და სამართლებრივად, არამედ ადამიანური ნორმებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი და აუცილებელია, მიმოსვლის აღდგენა იმისთვის, რომ კიდევ უარესი იქნას თავიდან აცილებული“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლებისთვის   ხუთი თვე გაუსაძლისი გახდა. ადგილობრივები ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისზე საუბრობენ და აცხადებენ, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა იმის გამო, რომ თბილისში საავდმყოფოში ვერ გადაიყვანეს.  მიმოსვლის ჩაკეტვის გამო ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები პენსიონრები უკვე ხუთი თვეა, რაც საქართველოს სახელმწიფო პენსიასაც ვეღარ იღებენ, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. მოსახლეობა იმ მძიმე ყოველდღიურობაზე საუბრობს, რომელიც უკვე ხუთი თვეა, გრძელდება და დასასრული არ უჩანს. 

,,131 დღეა, ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება. მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა - აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ, ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან. მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას. გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, თბილისამდე რომ ჩააღწიო. ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია დოკუმენტის(საშვი) არ არსებობის გამო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება- თარიღის და ბეჭდის დასმა, თუმცა თვეებს ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან, პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ "არ ისარგებლეს". თქვენ მეტი ძალა გაქვთ გადასცეთ ჩვენი მძიმე მდგომარეობის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია. ვითხოვთ გადაადგილების თავისუფლებას, ან მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ან მოელაპარაკოს გადაწყვეტილების მიმღებ ძალას თუ ადამიანებს გზის გახსნაზე, პირობა თავად მოეძებნოს", - ასე აღწერს ოკუპირებუკლ ახალგორში შექმნილ მდგომარეობას ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა ახალგორში ჩაკეტილი გზების გახსნას ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს აღებამდე არ აპირებს, მათ ულტიმატუმზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პასუხი ისაა, რომ საგუშაგოს აღების საკითხს არ განიხილავენ, რადგან ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ახალგორში შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტის გოგა აფციაური მიიჩნევს, რომ მხარეებმა გამოსავალი უნდა იპოვონ და ეს გამოსავალი, მისი თქმით, ჩორჩანის საგუშაგოს ევროკავშირის მისიისთვის გადაცემაა.  


ახალი ამბები