კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც კრიზისის დაძლევის გზა'

6 თებერვალი, 2020
 ლანა გიორგიძე 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი. ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად“ , - ეს განცხადება საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელეს.

საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ 2019 წელს საარჩევნო სისტემების შესახებ გამოცემული პუბლიკაციის თანახმად, პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად, 50‐ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და პორტუგალიაში.

ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად. პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2020 წლის არჩევნები არსებული შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) სისტემით ჩატარდება. პროპორციული საარჩევნო სისტემა კი 2024 წელს ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

20-მა ოპოზიციურმა პარტიამ 2020 წლიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით 300 000 ხელმოწერა პარლამენტს 2019 წლის ივნისის დასაწყისში წარუდგინა. 20-21 ივნისის აქციების დარბევისა და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დამთმობი ნაბიჯი გადადგა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. საქართველოს პარლამენტმა 12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტები განიხილა. ორდღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. 

განსხვავება პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსის, ლაზარე ჯიბლაძის თქმით,  გარდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისა, არსებობს შერეული საარჩევნო სისტემის მოდელიც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.

„ცხადია, ყველა ამ სისტემას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მახასიათებლები. საზოგადოებრივი ორგანიზაციები საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლას ვუჭერთ მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ  სწორედ პროპორციული სისტემა შეძლებს პარლამენტში უფრო მეტი ადამიანისა თუ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ხმის მიტანას. პროპორციული სისტემის არსებობა ხელს უწყობს პარტიების მიერ მიღებული ხმების მათ მიერ პარლამენტში მიღებულ ადგილებთან პროპორციულობას. პროპორციულ სისტემაში მრავალპარტიულობა, ფაქტობრივად, გარანტირებულია, განსხვავებით სხვა სისტემებისა. ეს პოლარიზაციას ამცირებს, რაც კრიტიკულად  მნიშვნელოვანია დღეს ქართველი ამომრჩევლებისთვის, რომელთა უმრავლესობას არჩევანის გაკეთება იძულების წესით, მათთვის არასასურველ კანდიდატებს შორის უწევს. პროპორციული სისტემა, თავის მხრივ, გაზრდის მოქალაქეთა მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც დემოკრატიის ხარისხის გაზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორია“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსმა ლაზარე ჯიბლაძემ Humanrights.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, იმ ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, სადაც პროპორციული საარჩევნო სისტემები არსებობს, ქალების წარმომადგენლობა უფრო მაღალია. ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა კი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართველ ქალთა უფლებრივ მდგომარეობას.

Humanrights.ge-სთან საუბრისას მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების სამ ძირითად განმასხვავებელ ნიშანს განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე. 

ვახუშტი მენაბდე: „პოლიტიკური სისტემა პოლარიზებულია ორ ძირითად მოთამაშეს შორის და მათ ირგვლივ  ყალიბდბება მთელი პოლიტიკური სპექტრი, რაც იწვევს პოლიტიკური დისკუსიის გაღარიბებასა და მესამე აზრის დემონიზებას. პოლიტიკური იდეების სიღატაკე არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შედეგი, რომელიც ახალისებს ორპოლუსიან პოლიტიკურ ლანდშაფტს, რადგან პარტიებს სჭირდება რესურსი, რაც არ გააჩნიათ, ამიტომ მაჟორიტარული სისტემა მათ უბიძგებს გადაჯგუფებისკენ. პროპორციული სისტემა პოლიტიკურ პოლარიზაციას მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს, სწორედ ესაა პროპორციული სისტემის პირველი უპირატესობა.

რაც შეეხება მეორე პრობლემას - პარლამენტში საზოგადოების, თითქმის, 20 % -ს წარმომადგენელი არ ჰყავს, რაც გამოწვეულია სწორედ არსებული საარჩევნო სისტემით - მაღალი საარჩევნო ბარიერით.

მესამე პრობლემა უკავშირდება უსამართლო წარმომადგენლობას. პარტიას, რომელსაც 50 % მხარდაჭერა აქვს, დეპუტატების 80 %-ს აკონტროლებდა, ამიტომ პროპორციული საარჩევნო სისტემა ამ პრობლემის გადაჭრასაც გვთავაზობს და ყველა პარტიას იმდენი წარმომადგენელი ეყოლება პარლამენტში, რა მხარდაჭერაც ექნება ელექტორატში. 

ესაა სამი ძირითადი პრობლემა მაჟორიტარული სისტემის და სწორედ სამი ძირითადი უპირატესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის, რის გამოც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მოითხოვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. 

ზემოხსენებული უპირატესობების გათვალისწინებით, მმართველი პარტია საფრთხეს ხედავს პროპორციულ სისტემაში და მათთვის ხელსაყრელია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, რაც უპირატესობას აძლევს მათ, ეს უპირატესობა კი ბუნებრივი ბარიერის პირობებში არ ექნებათ“.

პროპორციული სისტემის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე აღნიშნავს, რომ როგორც ყველა სისტემას, პროპორციულ სისტემასაც აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. მნიშვნელოვანია იმაზე ხაზგასმაც, რომ თავად რომელიმე სისტემის არჩევა არ არის თვითმიზანი.

„როგორც სხვა სისტემებს, პროპორციულსაც აქვს უარყოფითი მხარეები. პოლიტიკური სიჭრელის პირობებში, შესაძლოა, მრავალპარტიულმა პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღების გართულება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის წინაპირობად იქცეს. თუმცა, მეორე მხრივ, მრავალპარტიულობა პარტიებს, უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ერთმანეთთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს, ხოლო კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება ლეგიტიმაციის ხარისხსა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც ზრდის. ეს კი, ერთი პირის მიერ ქვეყნის მართვის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს.

პროპორციული სისტემის პირობებში, თუკი პარტიის შიდა მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიული სიების შემდგენებად პარტიის ხელმძღვანელობა გვევლინება და არა პარტიის წევრები. ამასთან, პროპორციული სისტემა ართულოებს ამომრჩევლისთვის პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატის ვინაობაში გარკვევას და ამომრჩეველი პარტიასთან ასოცირებული კონკრეტული პირებისადმი თავიანთი დამოკიდებულებით იღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლაზარე ჯიბლაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე მიიჩნევს, რომ პროპორციული სისტემისთვის დამახასიათებელი საარჩევნო სისტემა დღეს არსებული საარჩევნო ფორმულით, უმრავლესობაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის გარანტირებული ე.წ. თავისუფალი მანდატების უსამართლოდ მითვისებას ხელს შეუშლის. 

„მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იქნება ეს, ხელისუფლება მუდმივად შეეცდება, შეინარჩუნოს არსებული უთანასწორობა. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლით, ყველა პოლიტიკური ძალა თამაშის ერთნაირ წესებზე შეთანხმდნენ, რაც ყველაზე მეტად ამომრჩეველთა ინტერესებში შედის“, - აღნიშნა ლაზარე ჯიბლაძემ.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პრობლემის გადაჭრის გზა და სიტუაციიდან გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება. ეს ნაბიჯი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა, უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, გაიაზროს პასუხისმგებლობა, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით.

ახალი ამბები