05:45, Sunday, 05.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კოალიცია ჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევ პროცესს აკრიტიკებს

11.02.2020

 
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით დამტკიცებულ წესს ეხმიანებიან და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას,  მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს. 

მიმდინარე წლის 30 იანვარს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი.

აღნიშნული წესის მიხედვით, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად შერჩევას და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომლის შედეგებსაც შეაფასებს სპეციალური კონსულტანტი (ან კონსულტანტები). 

ტესტირებაში საუკეთესო შედეგების მქონე 5 კანდიდატი წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც მათგან შეარჩევს ორს. აღნიშნულ ორ კანდიდატს მთავრობა შესაფასებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ან პარლამენტის მიერ კანდიდატები არ იქნება მოწონებული/დამტკიცებული, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი თავიდან დაიწყებს კანდიდატთა შერჩევის პროცესს.

სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა წესის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა საკონკურსო პირობები და 10-დღიანი ვადა დაუწესა დაინტერესებულ პირებს საბუთების წარსადგენად.

ვინაიდან საქართველოს ამ დრომდე არ ჰყოლია ჰააგის სასამართლოში მოსამართლე და, მეორე მხრივ, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციაზე 4 წელია, რაც მიმდინარეობს გამოძიება, დიდია საზოგადოების მხრიდან ინტერესი. 

სამწუხაროა, რომ საზოგადოების მხრიდან არსებული ინტერესისა და საქართველოს კოალიციის მიერ გამოთქმული მზადყოფნის მიუხედავად, მთავრობის მიერ დამტკიცებული შერჩევის წესი შემუშავდა სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტების ჩართულობის გარეშე. უფრო მეტიც, წარმოდგენილი ახალი წესით, არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მათი ჩართულობა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სხვა ეტაპზეც არ არის გათვალისწინებული. 

ჩვენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ აღნიშნული შერჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს სასამართლოში ნომინირების ღია, გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს. სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გარეშე, პროცესის ასეთ დაჩქარებულ ვადებში წარმართვა იწვევს მის მიმართ უნდობლობას და ამცირებს კვალიფიციური კანდიდატების საყოველთაო მონაწილეობისა და სამართლიანი არჩევის შესაძლებლობას.

იმავდროულად, აღნიშნული წესით კანდიდატის შერჩევა არ ხდება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელიც გააერთიანებდა სასამართლოს, იურიდიული წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. გენდერულად დაბალანსებული, შესაბამისი გამოცდილების მქონე, მრავალფეროვანი წევრებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ორგანოს ნაცვლად, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი ერთპიროვნულად, მხოლოდ მოწვეული კონსულტანტის/კონსულტანტების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და დამკვირვებელთა გარეშე აწარმოებს კანდიდატების გადარჩევას და პირველად შერჩევა-შეფასებას ბუნდოვანი პროცედურებით. შემდგომ ეტაპზე კი, საქართველოს მთავრობას ექსკლუზიური უფლებამოსილება გააჩნია, აირჩიოს პარლამენტისთვის წარსადგენი 2 კანდიდატი, რაც პოლიტიზირებულს ხდის პროცესს და ამცირებს მაღალკვალიფიციური დამოუკიდებელი კანდიდატების პროცესში მონაწილეობის შანსებს.

ცხადია, რომ წარმოდგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცედურებით ჰააგის სასამართლოში დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირებას და საბოლოო ჯამში, დამტკიცებული შერჩევის წესი და პროცედურები რისკს უქმნის საქართველოდან ჰააგის სასამართლოში ნომინირებული კანდიდატის წარმატებით არჩევას ისევე, როგორც არჩეული კანდიდატის დამოუკიდებლობას და საქმიანობას. 

შესაბამისად, მივმართავთ პრემიერ-მინისტრს და იუსტიციის სამინისტროს:

- გამოიჩინოს მეტი პასუხისმგებლობა ჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით;
- საქართველოს კოალიციის მოსაზრებების გათვალისწინებით და საზოგადოების, მათ შორის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით მიიღოს ახალი პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს კანდიდატის შერჩევის ღია, გამჭვირვალე და სამართლიან პროცესს და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალკვალიფიციური კანდიდატის ნომინირებას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

აპოკალიფსი არ იქნება
  ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიუხედავად, სწორედ ახლა არის დრო, როცა საქართველოში პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება შეგვიძლია, რამაც მნიშვნელოვნად უნდა
ვრცლად...
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC