კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

20 თებერვალი, 2020
 
19 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. აღნიშნული შეხვედრის საჭიროება 2019 წლის 28-29 სექტემბერს გამოვლინდა, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა  კახეთში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის ტრენინგი გამართა თემაზე - „WaSH და ადამიანის უფლებები,“ და „წარმატებული ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება.“  ტრენინგები გაიმართა  პროექტების „ახალგაზრდები უკეთესი WaSH-სთვის“ (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) და „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. 

ტრენინგის დროს ახალგაზრდებმა ისაუბრეს მათ სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების შესახებ და დაგეგმეს ადვოკატირების კამპანიები. საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან, საგარეჯოელმა და სოფელ ნინოწმინდელმა ახალგაზრდებმა 2019 წლის სექტემბერშივე განცხადებით მიმართეს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონულ სამმართველოს უფროსს და სთხოვეს საგარეჯოში და სოფელ ნინოწმინდაში სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა სასმელი წყლის ლაბორატორიული ანალიზები არა მარტო ზემოთ მითითებულ სოფელში, არამედ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში: ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, პატარძეული, თოხლიაური, ლამბალო და დაადგინა რომ აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს. მიღებული დასკვნების საფუძველზე, კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით განეხორციელებინა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს უმოკლეს ვადებში რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექციას, და სასმელი წყლის ქლორით დაუსნებოვანებას. ამას გარდა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე, მოსახლეობა უნდა გაფრთხილებულიყო რომ სასმელად მხოლოდ გადადუღებული წყალი მიეღოთ, თუმცა არა ხანგრძლივი პერიოდით. 

შეხვედრამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ნინო ტლაშაძე იმ სოფლებში გაესაუბრა მოსახლეობას, სადაც სააგენტოს დასკვნით სასმელ წყალში საგანგაშო დაბინძურება იყო აღმოჩენილი. ადგილობრივებმა ორგანიზაციის წარმომადგენელს განუცხადეს,  რომ მათ მუნიციპალიტეტის მერიიდან არავინ შეხვედრიათ და არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ სასმელი წყლის გადაუდუღებელ მდგომარეობაში მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში იყო. გარდა ამისა, სოფლებში არც სამუშაოები არ ხორციელდებოდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით. 

შეხვედრის დროს არც მერიის წარმომადგენლებს და არც საკრებულოს დეპუტატებს აღნიშნული სოფლებიდან არ ჰქონდათ პასუხი კითხვაზე, რატომ არ შესრულდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია, ეცნობებინათ მოსახლეობისთვის ანალიზის შედეგები და გაეფრთხილებინათ, რომ მხოლოდ გადადუღებული წყალი დაელიათ. 

 სოფლის რწმუნებულები აღნიშნავდნენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია მათ სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების შესახებ და ამის გამო ოჯახში არც იყენებდნენ მას სასმელად, თუმცა არ ჰქონდათ ინფორმაცია სოფელში რამდენი ოჯახი ახერხებდა სასმელი წყლის მუდმივად ყიდვას. 

განცხადების ავტორმა მოზარდმა, რომელიც სოფელ ნინოწმინდიდანაა და მის სოფელში წყალი ფეკალიებითა და ეკოლის ბაქტერიებით არის დაბინძურებული, შეხვედრაზე აღნიშნა რომ მის ოჯახში წყალს არ ყიდულობენ და სვამენ იმას, რაც ონკანში მოდის. ამის მიზეზი კი უმეტესად ფინანსური მდგომარეობაა, რადგან მოსახლეობას, ძირითადად, არ აქვს ფინანსური რესურსი, ყოველდღიურად შეიძინოს სუფთა წყალი. 

ააიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამსახურის წყლის რესურსებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასმელი წყლის ხარისხის პრობლემა მთელს მუნიციპალიტეტში დგას. როგორც ააიპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის რეგულირებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, ნათელა ჯანიაშვილმა აღნიშნა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ბუნებრივი, ზედაპირული წყლებით მარაგდება, რომელიც სპეციალურად არ იწმინდება, ბაქტერიოლოგიურად სუფთა არ არის. საქლორატოროები არ აქვთ და არასაკმარისი ფინანსების გამო, რეზერვუარებში ქლორის შეტანას იშვიათად, ძველებური წესით ახდენენ. მისივე თქმით, საუკეთესო გამოსავალი იქნება, მდინარე იორიდან წყალის ამოქაჩვა, რომლის განხორციელებაც მუნიციპალური ბიუჯეტით შეუძლებელია. 

სოფელ თოხლიაურის მაჟორიტარი დეპუტატის, ვეფხია ჩერქეზიშვილის განმარტებით, პრობლემაა ისიც, რომ სოფლებში არსებული  სასმელი წყლის სათავე-ნაგებობები დაცული არ არის. რის გამოც, წყლის ავზების დაბინძურება მარტივადაა შესაძლებელი.

ააიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამსახურის წყლის რესურსებისა და ლაბორატორიული კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მუდმივად იღებენ წყლის სინჯებს, თუმცა შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, აღნიშნული პრობლემის საფუძვლიანი მოგვარება ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველოს მთავრობამ 2020 წელი „წყლის წლად“ გამოაცხადა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს, სადაც 25 სოფელია და ყველა სოფელში სასმელი წყალი დაბინძურებულია, ან საერთოდ არ მიეწოდება, წყლის რესურსების მოვლა-პატრონობისთვის მხოლოდ 3 მილიონი აქვს გამოყოფილი, აღნიშნული თანხა 25 სოფელზე უნდა განაწილდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ დროებით შედეგზე გათვლილი სამუშაოები ჩატარდება და მომავალ წელს ისევ იგივე თანხა დაიხარჯება ისევ იმავე სამუშაოებზე. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორის, კობა მიჩილაშვილის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჭიროა მუნიციპალიტეტის მერიამ მოკლევადიანი ღონისძიებები მაინც დაგეგმოს და განახორციელოს, კერძოდ: აღნიშნულ სოფლებში არსებულ სათავე-ნაგებობებში საქლოროტორო ჯიხურები მოეწყოს. სოფელ ნინოწმინდას მაჟორიტარი დეპუტატის, ელენე სამხთუაშვილის თქმით, პრობლემიდან გამოსავალზე თვითმმართველობაში იმსჯელეს, მაგრამ სათავე-ნაგებობებთან საქლორატორო სადგურების მოწყობის შესაძლებლობას რელიეფი არ იძლევა. 
 
სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ გამოყოფილი თანხა უმჯობესი იყო, დახარჯულიყო ერთ ან ორ სოფელში სასმელი წყლის სისტემის სრულყოფილ რეაბილიტაციაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ ფასადური, დროებითი სარემონტო სამუშაოების ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, ყოველწლიურად, სულ მცირე ორი სოფლის წყლის სისტემის საფუძვლიანი რეაბილიტაცია დაგეგმილიყო, თუმცა, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან ორგანიზაციამ დამაიდებელი პასუხი ვერ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გააგრძელებს აღნიშნულ პრობლემაზე ადვოკატირებას და ახალგაზრდების ჩართულობით დაგეგმავს სხვადასხვა ნაბიჯს, რათა წყლის წლად გამოცხადებულ საარჩევნო წელს მთავრობამ რეალურად გადადგას ნაბიჯები სოფლებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.   

ახალი ამბები