კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

OSCE/ ODIHR-ის დასკვნა ე.წ. 'გერმანულ საარჩევნო მოდელთან 'დაკავშირებით

1 მარტი, 2020
 
ლანა გიორგიძე

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ ODIHR) ოფისმა ე.წ. „გერმანულ საარჩევნო მოდელთან“ დაკავშირებით 5 თებერვალს  დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების პროექტი, ოპოზიციური პარტიების თხოვნით, OSCE/ ODIHR -ს  9 დეკემბერს გაუგზავნა. მ​თავარი კითხვა იყო ოპოზიციის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა - რაზეც პირდაპირი, ცალსახა პასუხი დასკვნაში არ არის. სწორედ ამან შეუწყო ხელი ეუთო/ოდირის დასკვნის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტირებას. 

თავის მხრივ ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებებით საქართველოს პარლამენტს მიმართეს, მაგრამ 12 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, ხმაურიანი განხილვების შემდეგ, პარლამენტმა 101 ხმით 3-ის წინააღმდეგ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი პირველივე მოსმენით ჩააგდო. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისათვის 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. 

„პროპორციული საარჩევნო სისტემა, როგორც კრიზისის დაძლევის გზა“ - სტატიაში Humanrights.ge-მ უკვე ისაუბრა პროპორციული საარჩევნო სისტემის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე, ასევე განხილულია, რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის და რატომ სურს ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო სისტემის შეცვლა, აგრეთვე - რატომ არ უჭერს მხარს მმართველი პარტია კანონპროექტს. ამჯერად, Humanrights.ge დაინტერესდა, რა დასკვნა გამოაქვეყნა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა და როგორ აფასებენ საქართველოში OSCE/ODIHR-ის დასკვნას. 

OSCE/ODIHR-ის დასკვნა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შეაფასა 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაში, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ დებატებს უკავშირდებოდა, სახალხო დამცველმა პოზიტიური როლი შეასრულა: „ფაქტია, რომ აღნიშნულ დასკვნას იზიარებს და მიესალმება, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი იყო შუამავალი ოპოზიციასა და OSCE/ ODIHR-ს შორის რადგან სწორედ მას ჰქონდათ მანდატი და ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოსაზრებებისთვის შეკითხვა გაეგზავნა ორგანიზაციებისთვის.

„საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, თუკი არჩეული საარჩევნო სისტემა შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფოს ვალდებულებებს. საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას. საარჩევნო სისტემის შერჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ფართო ინკლუზიური დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, რაც შესაბამისს დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, რეფორმის პოზიტიური და უარყოფითი შედეგები განიხილონ. ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილება საგულდაგულოდ უნდა იქნას განხილული და პოლიტიკურ პარტიებს შორის დიდი კონსენსუსის მიღწევის შედეგად მიღებული“, - ნათქვამია OSCE/ ODIHR-ის დასკვნაში.

იურისტ ანა დოლიძის განცხადებით,  OSCE/ ODIHR-ის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს პარტიებს შორის ფართო კონსესუსს. „ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, მოლაპარაკების მაგიდაზე დაჯდეს ოპოზიციასთან. ნებისმიერ მოდელზე შეთანხმება პოლიტიკურ ოპოზიციასთან უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ფართო კონსენსუსით“, – განაცხადა ანა დოლიძემ მედიასთან.

დასკვნის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტი არ აწესებს რამე კონკრეტულ საარჩევნო სისტემას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპაში არსებობს საარჩევნო სისტემის ორგანიზებისა და ფუნქციონირების მრავალი გზა და უამრავი განსხვავება, კერძოდ, ისტორიული განვითარების, კულტურული მრავალფეროვნებისა და პოლიტიკური აზრის მხრივ, რაც თითოეულმა სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი დემოკრატიული ხედვის შესაბამისად. 

OSCE/ODIHR-ის დოკუმენტის მიხედვით, ორივე საარჩევნო პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

„OSCE/ ODIHR-ის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის ორმაგი არაკომპეტენტურობა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საგანგებო ბრიფინგის დროს და აღნიშნა, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, არ არის ოდირის პრეროგატივა, რაზეც ოპოზიციას, „როგორც პატარა ბავშვებს მიანიშნა". ირაკლი კობახიძის თქმით, ოდირში ოპოზიციამ გაგზავნა დამახინჯებული "გერმანული მოდელი", რაზეც მათ მიიღეს პასუხი, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, ოდირის პრეროპგატივა არ არის.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ OSCE/ ODIHR-ის  დოკუმენტმა პასუხი გასცა მთავარ კითხვას, საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ.

„მთავარ კითხვაზე პასუხი იყო გაცემული. მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად არ იყო ამის შესახებ ნათქვამი, დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუსაბამობაშია, ასე რომ ყოფილიყო, აუცილებლად ეწერებოდა. ხელისუფლებამ სხვა ინტერპრეტაცია გააკეთა ეუთო/ოდირის დასკვნის, ისარგებლეს იმით, რომ პირდაპირ არ იყო ნახსენები ამის შესახებ. ეუთო/ოდირი საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციებს ვერ აიღებდა თავის თავზე და ამის შესახებ ვერ დაიწყებდა საუბარს“, - აღნიშნა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა Humanrights.ge-სთან საუბრისას.

ზურაბიშვილის პოზიციას იზიარებს ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე და მიიჩნევს, რომ ეუთო დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო ამ დასკვნაში საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს. ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც იქნება შეთავაზებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი. ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოგზე", - აღნიშნა სერგი კაპანაძემ ეუთო/ოდირის დოკუმენტის შესაფასებლად გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირის დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბიულეტინის ბათილად ცნობა, როგორ უნდა დააფიქსიროს ამომრჩეველმა ბიულეტინზე საკუთარი ნება, რა ვადებში უნდა შეაჯამოს ცესკომ არჩევნების შედეგები და ა.შ.

რესპუბლიკური პარტიის წევრის, დავით ზურაბიშვილის თქმით, ეუთოს მიერ გაცემული რეკომენდაციები არჩევნებთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათისაა და რთულია იმის წინასწარ განჭვრეტა, გაითვალისწინებს თუ არა მმართველი პარტია ეუთო/ოდირის დასკვნას.

„ხელისუფლება აცხადებს, რომ მომზადებული აქვს ცვლილებები, ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ცდილობს, დასავლეთი ბოლომდე არ გაანაწყენოს და რიგი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ხელისუფლება გაითვალისწინებს მეორეხარისხოვან რეკომენდაციებს, არსებითს რაც შეეხება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ოპოზიციური პარტიების ამ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ. რადგან არჩევნებამდე დიდი დრო არაა დარჩენილი და ვერ ხერხდება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამიტომ იყო შეთავაზებული ე.წ. „გერმანული მოდელი“, რაც გულისხმობდა ერთმანდატიანი ოლქების ნაცვლად მრავალმანდატიანი ოლქების შემოღებას - ეს და ბევრი სხვა ცვლილება იყო შეთავაზებული, რაც წარმომადგენლობის პროპორციულობას გულისხმობდა, აღნიშნული კი კონსტიტუციის ცვლილებებს არ საჭიროებდა, თუმცა ხელისუფლებამ არ დათმო პოზიცია“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ზურაბიშვილმა.

კვლევისა და ადვოკატირების ორგანიზაციის „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა Humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ  ხელისუფლება ხისტ განცხადებებს აკეთებს, შემდეგ კი უკან იხევს: „ნოემბრიდან მოყოლებული ხელისუფლება საკმაოდ ხისტ განცხადებებს აკეთებს, შემდეგ უკან იხევს და ახალ პოზიციას ირჩევს. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი ბოლომდე ვერ იაზრებს, რამდენად სერიოზულია ის შენიშვნები, რაც დასავლელ პარტნიორებს აქვთ, თუმცა, მჯერა, რომ ერთ დღესაც მიხვდება. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებაზე დასავლეთის ლიდერების ზეწოლას გარკვეული მნიშვნელობა აქვს“.

მაშინ, როდესაც არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მმართველი პარტია კი ოპოზიციის მოთხოვნას არ ითვალისწინებს, რთულია იმის პროგნოზირება, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.

ახალი ამბები