კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა

12 მარტი, 2020
9 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი არგუმენტაცია წარადგინა საქმეზე - „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა განაცხადი,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2019 წლის 24 მაისს გააგზავნა. 

საქმე შეეხება სამართალდამცავი პირების მიერ ქეთევან ხმალაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტს 2016 წლის 16 იანვარს, ქეთევან ხმალაძის დაკავების დროს და მას შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში. სამართალდამცავი პირები ქეთევან ხმალაძეს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და მისგან მოითხოვდნენ დანაშაულის აღიარებას. აღნიშნულმა მოპყრობამ განმცხადებელს მიაყენა ძლიერი ფიზიკური და მენტალური ტანჯვა. აღნიშნული განაცხადით, ქეთევან ხმალაძე დავობდა, რომ სახელმწიფომ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მატერიალური ნაწილი, რადგანაც იგი სახელმწიფოს წარმომადგენელი სამართალდამცავი პირების მხრიდან დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ასევე პროცედურული ნაწილი, რადგანაც სახელმწიფომ ეფექტიანად არ გამოიძია აღნიშნული არასათანადო მოპყრობის ფაქტი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხარეებს მისცა ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუმცა, მხარეებს შორის მეგობრული მორიგება ვერ შედგა. 2020 წლის 15 იანვარს, ადამიანის უფლებათა ცენტრის საჩივარს სახელმწიფო შეეწინააღმდეგა და საჩივრის დასაშვებობასთან და არსებით მხარესთან დაკავშირებით წარმოადგინა საკუთარი პოზიცია. 

საქართველო მის მიერ წარმოდგენილ წერილობით კომუნიკაციაში ეჭვქვეშ აყენებს განმცხადებლის სანდოობას. სახელმწიფო ასევე განმარტავს, რომ საქმეზე ჩატარდა სრულფასოვანი და ეფექტიანი გამოძიება. ამავდროულად, სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სახელმწიფოს პოზიციის პასუხად, 9 მარტს წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში ადამიანის უფლებათა ცენტრი ასაბუთებს, რომ ქეთევან ხმალაძის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავი პირების მიერ გამყარებულია საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულებით, მათ შორის:

 ქეთევან ხმალაძის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები გამოვლინდა მისი დაკავების შემდგომ, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში. ქეთევან ხმალაძის სხეულზე არსებულ მრავლობით დაზიანებებს ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ქეთევან ხმალაძის ჩვენება მის მიერ გამოყენებული არასათანადო მოპყრობის მეთოდებზე შეესაბამება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად გამოვლენილი დაზიანებების ხასიათს.
 ქეთევან ხმალაძის არასრულწლოვანი შვილისა და მასთან ერთად დაკავებული სხვა პირის ჩვენებები, რომლებიც თანხვედრაშია ქეთევან ხმალაძის ჩვენებასთან და ამყარებს მის ჩვენებას მის მიმართ გამოყენებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულების თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება მტკიცების ტვირთი, წარმოადგინოს დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი ახსნა-განმარტება დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ, როდესაც პირს დაზიანებები აღმოაჩნდა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. როდესაც სადავო მოვლენებს მთლიანად ან დიდწილად ხელისუფლების ორგანოების ექსკლუზიური ცოდნის, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ აქვს ადგილი, წარმოიქმნება ძლიერი პრეზუმფცია იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დაზიანებები სწორედ დაკავების პირობებში იქნა მიყენებული. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია დამაჯერებლად და დაკმაყოფილებლად ახსნას, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული. ქეთევან ხმალაძის საქმეში სახელმწიფო არ წარმოადგენს არავითარ ახსნა-განმარტებას დაზიანებების გამომწვევი მიზეზების შესახებ, მაშინ როდესაც ქეთევან ხმალაძის ჩვენებას მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შესახებ ადასტურებს და ამყარებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება, რომლებიც არის საკმარისად ნათელი, ძლიერი და თანხვედრაში მყოფი. შესაბამისად, საქართველომ ქეთევან ხმალაძის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის მატერიალური ნაწილი. 

9 მარტს წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე ასაბუთებს, რომ ქეთევან ხმალაძის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე სახელმწიფოს მიერ ჩატარებული გამოძიება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება გულისხმობს გონივრული საგამოძიებო ნაბიჯების გადადგმას საქმის ფაქტების დასადგენად და შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ნებისმიერი ხარვეზი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რომელიც აბრკოლებს დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადგენას ან დამნაშავე პირების გამოვლენას, წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნულ პრინციპთან. 

ქეთევან ხმალაძის საქმეში სახელმწიფოს მიერ დღემდე არ განხორციელებულა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები საქმის არსებითი გარემოებების გამოსარკვევად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან 4 წელია გასული, მათ შორის: 

 არ განხორციელებულა არავითარი საგამოძიებო მოქმედება იმის დასადგენად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი განმცხადებელს დაზიანებები მიეღო სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მის მიერ მითითებულ პერიოდში - 2016 წლის 16 იანვარს;
 საგამოძიებო ორგანოების მხრიდან სასამართლო სამედიცინო ექსპერტს მიეწოდა არსებითად მცდარი ინფორმაცია;
 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, პოლიციელების თანდასწრებით. ბუნდოვანია, თუ რამ განაპირობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში განმცხადებელზე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მაშინ, როდესაც შესაძლებელი იყო განმცხადებლის მიყვანა შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში, სადაც მაქსიმალურად იქნებოდა უზრუნველყოფილი შესაბამისი გარემო ექსპერტიზის ჩასატარებლად;
 განმცხადებლის მიერ ჩვენების მიცემიდან 2 წლის შემდეგ დაიკითხა მის მიერ  არასათანადო მოპყრობაში მხილებული ორი პირი;
 ამოცნობის პროცედურები არ ჩატარებულა იმ სამართალდამცავ პირებზე, რომლებსაც განმცხადებელი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირი ადანაშაულებენ არასათანადო მოპყრობაში და ადასტურებენ, რომ შეუძლიათ ამოიცნონ აღნიშნული პირები. 

აღნიშნულ საქმეში სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულმა ზემოაღნიშნულმა ხარვეზებმა, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოსაპოვებლად აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების განუხორციელებლობამ და საჭირო საგამოძიებო მოქმედებების დაგვიანებით განხორციელებამ დააბრკოლა საქმის ფაქტების დადგენა და დამნაშავე პირების გამოვლენა. შესაბამისად, სახელმწიფომ ასევე დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) პროცედურული ნაწილი.
                                                                                                   ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები