კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინფორმაცია ადამიანის უფლებების სტანდარტების შესახებ პანდემია/ეპიდემიის დროს

18 მარტი, 2020
 
საქართველოს სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება კორონავირუსის პრევენციისა და გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებს. ამ დრომდე მოქალაქეებს არ მოუმართავთ განცხადებით აპარატისთვის მათი უფლებების შესაძლო დარღვევის თაობაზე. თუმცა, საზოგადოებაში ჩნდება კითხვები სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გარშემო. სწორედ ამიტომ, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების თაობაზე, რაც შექმნილ ვითარებაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს შეეხება: 

რა სამართლებრივი რეჟიმი მოქმედებს ეპიდემიის/პანდემიის დროს 

პანდემია განეკუთვნება საგანგებო სიტუაციას, რომელიც გულისხმობს ისეთ ვითარებათა ერთობლიობას, როცა ირღვევა ადამიანთა ყოფა-ცხოვრების ნორმალური პირობები და აშკარა საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს/ჯანმრთელობას.
  
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის პერიოდში მოქმედებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული სამართლებრივი რეჟიმი, რომლებიც გარკვეული უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებენ. შეზღუდვის მიზანი არის, როგორც თავად უფლების სუბიექტის, ისე სხვათა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა.  

ამ დროს გადაწყვეტილებები მიიღება სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ და მისი მიზანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნების უზრუნველყოფა.  

რა უფლებები შეიძლება შეიზღუდოს პანდემიის დროს 

პანდემიის დროს განსაზღვრულია ყველა პირის ვალდებულება არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს ან/და იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას. ასევე დადგენილია სამედიცინო პროცედურების ჩატარების ვალდებულება, დაავადების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროებისას.  

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს მოგვთხოვოს სამედიცინო შემოწმების გავლა თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გადამდები დაავადების მატარებლები ვართ და საფრთხეს შეიძლება ვუქმნიდეთ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. კანონის მოთხოვნაა, რომ აღნიშნული პროცედურები განხორციელდეს ადამიანის უფლებათა პატივისცემით.  

რა არის კარანტინი და იზოლაცია 

პანდემიის დროს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს უფლება აქვს განახორციელოს საკარანტინო სივრცეებში (დაავადების დადასტურებამდე) პირთა მოთავსება ან მათი იზოლაცია (დაავადების დადასტურებისას).  

საკარანტინო სივრცეებში მოთავსება გამოიყენება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ არიან ავად, მაგრამ ჰქონდათ შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში; ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან ასევე ის პირები, რომლებიც დაბრუნდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის ქვეყნებიდან. 

ამ ეტაპისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს ორი საკარანტინო ღონისძიება:  
1. თვითიზოლაცია პირის მიერ დასახელებულ სივრცეში; 
2. საკარანტინო სივრცეებში მოთავსება 

იზოლაცია არის ავადმყოფის ან ინფიცირებული პირის განცალკევება სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც  შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას. ანუ იზოლაცია ხდება იმ პირის, რომელსაც დაუდგინდა შესაბამისი კორონავირუსი.  

ტერმინი „იზოლაცია“ არ უნდა ავურიოთ ტერმინ „თვითიზოლაციაში“. ეს უკანასკნელი საკარანტინო ღონისძიებაა და იმ პირის მიმართ გამოიყენება, რომელსაც ჰქონდა შეხება დაავადების გადამდებ შემთხვევასთან ან რომელიც დაბრუნდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან.  რამდენად აქვს პოლიციას უფლება იძულებით აღასრულოს საკარანტინო ღონისძიება საკარანტინო ღონისძიებები სავალდებულოა, მისი პირობების დარღვევის ან მათზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელია იძულებით აღსრულების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  

საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია შესაბამისი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევისთვის.  

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რა შემთხვევაში იძლევა ინფექციური დაავადების გავრცელების გამო თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, ამ პირობებში თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია, თუ სახეზეა შემდეგი პირობები: 
 ინფექციურ დაავადებათა გავრცელება საშიში უნდა იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის 
 პირის თავისუფლების შეზღუდვა უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს დაავადების გასავრცელებლად, რადგან ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებები იქნა გამოყენებული და არ ჩაითვალა საკმარისად საჯარო ინტერესების უზრუნველსაყოფად როგორი პირობები უნდა იყოს საკარანტინო დაწესებულებაში 

თუ თვითიზოლაცია ხდება სახლის პირობებში, პირობების უზრუნველყოფის ვალდებულება არ ეკისრება სახელმწიფოს. გამოყოფილ სივრცეში მოთავსებისას, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელნი პირობების შექმნაზე.  

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 21 თებერვლის #01-62/ო ბრძანება განსაზღვრავს იმ პირობებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ გამოყოფილი საკარანტინო სივრცეები. კორონავირუსის პანდემიის პრევენციის პროცესში. დადგენილია შესაბამისი კვების, ოთახის მოწყობის და აუცილებელი საგნებით უზრუნველყოფის ვალდებულება. იზოლაციაში მყოფი პირები შეიძლება საჭიროებდნენ ემოციურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სპეციალურ ზრუნვას და მათთვის შეთავაზებული უნდა იყოს 24 საათიანი სატელეფონო სპეციალიზებული დახმარება. გამოყოფილ სივრცეში იზოლაციისას უნდა იქნას უზრუნველყოფილი ინტერნეტისა და მობილური კავშირის შესაძლებლობა. ხორციელდება კარანტინში მოთავსებული პირის სამედიცინო მომსახურება საჭიროებისამებრ. 
 
რამდენად შეიძლება გასაჩივრდეს კარანტინში მოთავსების გადაწყვეტილება 

როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ისე საქართველოს კანონმდებლობა იძლევა იმ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს საკარანტინო ღონისძიებაში პირის სავალდებულოდ ჩართვას. 

 ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის კრიტიკული მნიშვენლობა  
კორონავირუსის პანდემიის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების დროული ინფორმირება, მნიშვნელოვან მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და პროცესების გამჭვირვალობა.   

შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დროულად, მკაფიოდ და ყველასათვის გასაგები ენითა და ფორმით მიაწოდონ  ინფორმაცია მოსახლეობას, მათ შორის, ინფორმაცია სრულად უნდა იქნას მისაწვდომი ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ინფორმაცია მივაწოდოთ ბავშვებს. გთხოვთ, იხილოთ UNICEF-ის რჩევები ამ საკითხზე. 

რას გულისხმობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 

საგანგებო მდგომარეობა არის დროებითი ღონისძიება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცხადდება საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეპიდემია. საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებით პრემიერ მინისტრი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს და ეს უკანასკნელი გამოსცემს ბრძანებას, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.  

საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით შესაძლებელია (1) შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული გარკვეული უფლებები ან (2) შეჩერდეს კონსტიტუციის გარკვეული მუხლების მოქმედება.  

საგანგებო მდგომარეობის დროს შესაძლებელია მოქალაქეთა გასახლება საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან და დროებით საცხოვრებლებში გადაყვანა, მოქალაქეთა შესვლის და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენა, თავისუფალი გადაადგილების, შეკრებების, მიტინგების, ტრანსპორტით გადაადგილებისა და მასობრივი ღონისძიების ჩატარების უფლების შეზღუდვა, კომენდანტის საათის დაწესება და სხვა შემზღუდავი ღონისძიების გამოყენება. 
 
რა უფლებამოსილება აქვს სახალხო დამცველს ამ პროცესში 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ აჩერებს ან ზღუდავს სახალხო დამცველის უფლებამოსილებებს. 
 
თუკი, რომელიმე პირი ჩათვლის, რომ მისი უფლება ილახება, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს ამ ტიპის განცხადებები და ჩვენი მანდატის შესაბამისად განვახორციელოთ სამართლებრივი რეაგირება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge ან/და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 
- 1481. 

პარალელურად, სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმი მუშაობს საკარანტინო სივრცეების მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მონიტორების უსაფრთხოება, სამედიცინო სერვისის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილება), სამომავლოდ განვიხილავთ იმ ადგილების მონახულების ან/და კარანტინში მოთავსებულ პირებთან გასაუბრების შესაძლებლობას.  

*  *  * 
მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალურად და ზედმიწევნით დაიცვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის მითითებები და მოწოდებები, რათა საფრთხე არ შეექმნას სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოწყვლადი კატეგორიები, რომელთათვისაც ვირუსს შეიძლება მომეტებულად უარყოფითი ეფექტი ჰქონდეთ. ასევე მოვუწოდებთ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად დაიცვან ადამიანის უფლებები პანდემიის პრევენციისა და მისი გავრცელების აღკვეთის პროცესში.  სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა სახელით, გისურვებთ ჯანმრთელობას! 

ახალი ამბები