კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება საგანგებო მდგომარეობის პირობებში სასამართლო პროცესების წარმართვის ხარვეზებთან დაკავშირებით

24 მარტი, 2020
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორს ბესიკ თამლიანის გუშიდელ სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. ადამიანის უფლებათა ცენტრი დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპის დარღვევას და მოუწოდებს სასამართლოს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში,  უზრუნველყოს პროცესების ღიაობა დამკვირვებლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

23 მარტს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ბესიკ თამლიანის სასამართლო სხდომაზე უნდა დაწყებულიყო  დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის სხდომებს საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში აკვირდება. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სასამართლო უკვე ზღუდავდა პროცესზე საზოგადოების დასწრებას. 16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ  გამოსცა ბრძანება, სადაც აწესებს რიგ შეზღუდვებს და ადგენს სასამართლოს შენობაში მოქალაქეთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ საგანგებო წესებს. არც ამ ბრძანებით და არც პრაქტიკით მონიტორებს სასამართლოს შენობაში აქამდე შეზღუდვები არ შეხებია. ისინი ჩვეულებრივ ესწრებოდნენ სასამართლო სხდომებს და აგრძელებდნენ პროცესებზე დაკვირვებას. გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მომიზეზებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი ბესიკ თამლიანის პროცესზე არ დაუშვეს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადადის საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს არსებული მდგომარეობის სირთულეს და მათ შორის, სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სხდომათა სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით. 

სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის. სასამართლო პროცესის საჯარო ხასიათი მხარეებს იცავს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან.  სხდომის საჯაროობა, ასევე, არის ერთ-ერთი საშუალება, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა შენარჩუნდეს, განსაკუთრებით - იმ დროს, როცა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე არსებობს სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების დაწყების სავარაუდო პოლიტიკური მოტივები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, არსებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, უნდა ამოქმედდეს  სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმები. 

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტი #1-ის მე-7 მუხლის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით“. 

დეკრეტით დაშვებული სხდომების დისტანციურად წარმართვა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, არ გულისხმობს სასამართლო სხდომის არც სრულად და არც ნაწილობრივ დახურვას. ამ მოწესრიგების პირდაპირი მიზანია, სასამართლო სხდომების წარმართვისას, პროცესზე მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ ვირუსის გადადების საფრთხე. ამავე დროს, ეს მიზანი არ გამორიცხავს პროცესების ჩატარებას საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების დაცვით. სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, პროცესის მხარეებმა პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, ხოლო საზოგადოებამ შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით. 

გუშინ საქალაქო სასამართლოში გამართული ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი ვერ ჩაითვლება დისტანციურად, რადგან პროცესს სასამართლო დარბაზში ფიზიკურად ესწრებოდნენ მხარეები. შეზღუდვა შეეხო მხოლოდ პროცესით დაინტერესებულ საზოგადოებას, მათ შორის - მონიტორებს.

მოცემულ საგანგებო ვითარებაში, თავისთავად, კარგი ალტერნატივაა, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესები გაიმართოს დისტანციურად, მაგრამ ისე, რომ თანამედროვე ტექნიკური ინტერნეტსაშუალებებით (როგორიცაა, მაგალითად, ლაივსტრიმინგი) სასამართლოს ვებგვერდზე ან სპეციალურად შექმნილ YOUTUBE-ს არხზე უზრუნველყოფილი იყოს პროცესით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის - სასამართლო მონიტორების შეუფერხებელი წვდომა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს საერთო სასამართლოებს, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას უზრუნველყონ ყველა პროცესის საჯაროობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს გახმაურებული საქმეების, მათ შორის - სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების მიმართ, საზოგადოების მაღალი ინტერესი, ასევე - თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები