კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას რეგიონებში მოუმზადებელი შეხვდნენ

25 მარტი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

21 მარტს, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა. მთავრობის მეთაური ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მიმდინარე მოვლენების შეფასების შედეგად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობას ვერ ხედავდა.

,,საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გაგვაჩნია. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და ასე გავაგრძელებთ. რაღაც მომენტში შეიძლება, დადგეს საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობაც და ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღეს, დღევანდელი მონაცემებით, იმ ობიექტური რეალობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარების გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", -აღნიშნავდა გიორგი გახარია.

24  მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი  67 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყოველდღიურად უმნიშვნელოდ იზრდება ვირუსის მატარებელი ადამინების სტატისტიკა, თუმცა შედარებით მზარდია თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობა. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ხელისუფლებამ ვირუსთან ბრძოლის პრევენციის მიმართულებით პირველ ეტაპზე სასწავლო პროცესი შეაჩერა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. დროებით დაიხურა საბავშვო ბაღებიც. მეორე ეტაპზე ხელისუფლებას უკვე ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწია. ბოლო დღეების განმავლობაში  ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა. მუშაობას მხოლოდ სააფთიაქო ქსელები, სასურსათო მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები, საბანკო განყოფილებები და საფოსტო გზავნილების ქსელები აგრძელებენ. 

კომერციული ობიექტების დახურვისა და ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების შედეგად ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია, 24 მარტის მდგომარეობით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 3.65-ია,  ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.89.

ეკონომისტი თამარ ედიშერაშვილი ამბობს, რომ ლარი თანდათან კიდევ უფრო გაუფასურდება, რადგან დღეს ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ათასობით ორგანიზაციას აქვს შეჩერებული. მისი თქმით, განსაკუთრებულ პრობლემას  კი მცირე და საშუალო ბიზნესის გაჩერება წარმოადგენს.

,,უნდა შექმნა პროდუქტი და გაყიდო, როდესაც ქვეყანაში შეზღუდულია ეკონომიკური საქმიანობა, ეროვნული ვალუტა იზოლაციაში ექცევა და სწორედ ამიტომ ხსნის გაუფასურების რეკორდს“, - აცხადებს თამარ ედიშერაშვილი.
ეკონომისტების პროგნოზით, თუ ბიზნესზე რეგულაციები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დადგება და მისი ამ კრიზისიდან გამოყვანა კიდევ უფრო რთული იქნება.

რეგულაციები საზოგადოების თავშეყრის ადგილების შემდეგ  სატრანსპორტო კომპანიებსაც შეეხო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობამ თავდაპირველად შეზღუდა, ხოლო შემდეგ მთლიანად აკრძალა. 

,,სამარშუტო ტაქსებში, სიმჭიდროვის გამო, დისტანციის დაცვა ბევრად უფრო რთულია და რისკები ამ სახის ტრასპორტში არის შეუდარებლად მაღალი, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე შევაჩეროთ. თუ მივედით გავრცელების იმ რისკების წინაშე, რომ აუცილებელი გახდა სხვა ტრასპორტის შეჩერება, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ", -აღნიშნა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ.

თბილისის შემთხვევაში სამარშუტო ტაქსები ავტობუსებით ჩანაცვლდა, მიკროავტობუსების დროებით აკრძალვამ განსაკუთრებით პრობლემები შექმნა რეგიონებში, რადგან მუნიციპალიტეტების უმრავლესობას მუნიციპალური ტრანსპორტი არ ჰყავთ და მოსახლეობის გადაადგილებას კერძო სატრანსპორტო კომპანიები უზრუნველყოფენ, მათ ავტოპარკში კი, ძირითადად, მიკროავტობუსები ჰყავთ. მთავრობამ აღნიშნული რეგულაციები 17 მარტს დააწესა.  აღსრულებაზე კონტროლი იმავე დღით პრემიერ - მინისტრმა მხარის რწმუნებულებს დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციიდან გორში დაბრუნებული მხარის რწმუნებული რთული არჩევნის წინაშე დადგა, თუ სამარშუტო ტაქსებს მოძრაობას აკრძალავდა, მოსახლეობა ტრანსპორტის მომსახურების გარეშე რჩებოდა და ალტერნატივასაც ვერ სთავაზობდა, რადგან მუნიციპალურ ცენტრებსა და სოფლებში ძირითადად მიკროავტობუსები მოძრაობდნენ და სატრანსპორტო კომპანიები სამარშუტო ტაქსებს ავტობუსებით ვერ ჩაანაცვლებდნენ.

მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი 18 მარტს მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და განაცხდა, რომ ქალაქ გორისა და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით სამარშუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალვის ნაცვლად შეიზღუდებოდა.

,,მსოფლიო საზოგადოება და მათ შორის ჩვენი ქვეყანაც ვდგავართ საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ვირუსის გავრცელების შეჩერება, სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს, სწორედ ასეთია საზოგადოებრივი ტრასპორტის პირველ ეტაპზე შეზღუდვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ჩერდება, თუმცა ჩვენ შეიძლება, მოგვიხდეს ერთ დღესაც ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა იზღუდება და მცირდება", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

მხარის რწმუნების ამ განცხადების მიუხედავად, შეზღუდული გრაფიკით ქალაქ გორში და მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მხოლოდ ერთი დღით იმუშავა. 19 მარტს იმ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, რომელიც მუნიციპალიტეტს ემსახურება, განაცხდა, რომ 20 მარტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად აჩერებდა მუშაობას.

,,მუშაობს შევწყვეტ იმ დრომდე, სანამ ჯანდაცვის სამინისტრო არ გვეტყვის, რომ საფრთხის შემცველი არ იქნება ჩვენი მუშაობის გაგრძელება. ყველა მიმართულებით აიკრძალა მოძრაობა, მხოლოდ თბილისის მიმართულებით დარჩება, სხვა ყველა მიმართულებით შევწყვეტთ მოძრაობას", - განცხადა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

23 მარტიდან ქვეყანაში მთლიანად შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, მათ შორის რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთლიანად აკრძალვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა, განსაკუთრებით მათ, ვისაც ავტომობილი არ ჰყავთ, სამსახურებში მისვლა და სახლში დაბრუნება ფეხით უწევთ.

,,ეს მდგომარეობა შეიძლება, ერთ თვეს და კიდევ უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს, რა უნდა ვქნათ იმ ადამიანებმა, რომლებიც ვმუშაობთ და, ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ გადავედით დისტანციურ სამუშაო პროცესზე", -აცხადებენ გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებით შეწუხებული მოქალაქეები.

ახალი ამბები