კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონა ვირუსზე მითებს ავრცელებენ

25 მარტი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონის მიხედვით ვრცელდება, თუმცა არ ხდება აღსრულება. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე შეზღუდვები და რეგულაციები დააწესა, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ მიმდინარეობდა.  საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებიც და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებიც ვირუსისგან თავდაცვის აღჭურვილობის გარეშე იყვნენ, მხოლოდ რუსეთიდან ჩამოსულ დამკვირვებლები იყვნენ ხელთათმანებით და პირბადეებით. 

ოკუპირებული აფხაზეთის, გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ზურაბ აჩბამ  საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აფხაზეთში კორონოვირუსის ინფექციის გავრცელების საფრთხეზე ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა, სადაინაც ამონარიდს გთავაზობთ:

,,რატომ არის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში? – იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვთ – მოუწესრიგებლები არიან და კანონს არ ემორჩილებიან. დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ, აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიგდებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ. თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება. გთხოვთ, საჭიროების გარეშე შინიდან ნუ გამოხვალთ, არ იაროთ რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ორ ადამიანზე მეტი ერთად ნუ დადგებით, არ იაროთ სამსახურებში (სამედიცინო პერსონალისა და ძალოვნების გარდა), ვისაც სოფლად სახლები გაქვთ, სასწრაფოდ გაემგზავრეთ (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ადამიანი იქნება), არ იუხერხულოთ ქუჩაში ნიღბით სიარული, ქუჩიდან შინ შესვლისთანავე საპნით დაიბანეთ ხელები და სპირტის შემცველი ხსნარებით გაიწმინდეთ, ყოველ საათში სვით ცხელი სასმელები, ჭამეთ ნიორი და მწვანილი (რაც ვიტამინებს შეიცავს)", - წერს სოციალურ ქსელში ზურაბ აჩბა.

ვირუსის პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ოკუპირებული აფხაზეთის მსგავსად არც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ტარდება. 

Humanrights.ge ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ, სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს დაუკავშირდა.

- თამარ, რა მდგომარეობა ოკუპირებულ ცხინვალისა და ახალგორის რაიონში, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ხომ არ არის?  
 
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ არის, მაგრამ არის სრული მოუმზადებლობა და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვირუსს, რომელიც მსოფლიოში ყოველდღე ასობით ადამიანს კლავს, აქ არასერიოზულად უყურებენ. მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ხელოვნური, მოგონილი და სინამდვილეში არ არსებობს. ასე იმშვიდებენ თავს და სხვასაც ამშვიდებენ,  პანიკა რომ არ იყოს.  ვფიქრობ, რომ მათი ეს დამოკიდებულება ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. 

-  საიდან იღებენ ინფორმაციას, ძირითადად, რომელ სატელევიზიო არხებს უყურებენ?

- ახალგორის რაიონში, ძირითადად, უფრო ქართულ არხებს უყურებენ, მაგრამ ცხინვალში, ალბათ, უფრო  - რუსულს.

- რუსული საინფორმაციო არხებითაც გადმოიცემა ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ?

- კი, ცხადდება ეს ინფორმაციები რუსული არხებით. თუნდაც ის, რომ რუსეთმა იტალიის დასახმარებლად გაგზავნა ექიმები, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ცხინვალში ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, სოციალურ ქსელში აქვეყნებენ შემდეგ პოსტებს, რომ ახლობლებს ესაუბრნენ იტალიაში და ეს ინფორმაციები, რასაც ავრცელებენ, მოგონილია და მსგავსი არაფერი ხდება იქ. მათ შორის ერთი ჩინოვნიკია, რომელმაც, ტრადიციულად, იმ მითებზე ისაუბრა, რაც ლუგარის ლაბორატორიაზე არსებობს და კორონავირუსი თამაშად შეაფასა.

- ოკუპირებულ ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებლებს თუ აქვთ ინფორმაცია პრევენციულ ღონისძიებებზე?

- აქვთ ინფორმაცია, რომ ჰიგიენა უნდა დაიცვან, მაგალითად, ხელები ხშირად უნდა დაიბანონ. სადეზინფექციო საშულებები უნდა გამოიყენონ და პირბადით უნდა გადაადგილდნენ, თუმცა არც პირბადეები და არც ანტისეპტიკური საშუალებები ახალგორის აფთიაქებში არ არის.

- ოკუპირებულ ცხინვალში თუ არის?

- კი არის, მე გუშინ ცხინვალში ვიყიდე პირბადე და, სხვათაშორის, იაფიც იყო.

- ცხინვალში პირბადით გადაადგილდება ხალხი ქუჩაში? 

- ერთი ადამიანიც არ შემხვედრია პირბადით, ნაცნობები ვინც მხვდებოდა, ყველა ხელს მიწვდიდა და გადაკოცნა უნდოდათ, რამდენიმეს ვერ ავარიდე თავი, ვისაც ვუთხარი, რომ დისტანცია დაგვეცვა, ასეთი პასუხი მივიღე, ჭკვიანი ადამიანი გვგონიხარ და მართლა გჯერა ამისო. მე არც ქუჩაში შემხვედრია პირბადით ადამიანი, - არც აფთიაქებში და  არც მაღაზიებში არ ეკეთათ პირბადეები. გუშინ მთელი გზა ადამიანებს ზოგს სახელებით და ზოგსაც თვალის მეხსიერებით ვიმახსოვრებდი, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა და, რა თქმა უნდა, შეძლებისდაგვარად, დისტანციას ვიცავდი.  

- ახალი კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, რამდენად არის მზად ცხინვალის საავადმყოფო, ან თუ მიიღეს რაიმე ზომები?

-  ამბობენ მზად ვართო, მაგრამ არ არიან მზად და ამას საავადმყოფოს თანამშრომლებიც ამბობენ. ახალგორის საავდმყოფოში მხოლოდ საწოლები დაამატეს ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელიც ე.წ. „ბოქსად“ გადააკეთეს, სადაც ორი კვირის განმავლობაში ერთი პირი გადიოდა კარანტინს, რომელიც უკვე გაწერეს. ექიმები მხოლოდ პაციენტის ტემპერატურაზე ახდენენ დაკვირვებას და რადგან მაღალი ტემპერატურა არ ჰქონდა, სხვა დამატებითი კვლევები არ ჩაუტარებიათ და ვერც ჩაატარებდნენ, რადგან აქვთ ტექნიკური მხარდაჭერა. დღეს წავიკითხე ოსი ჟურნალისტის მასალა, რომ ხელოვნური სუნთქვის მხოლოდ ერთი აპარატი აქვთ ცხინვალის საავადმყოფოში და ეს ფაქტიც მეტყველებს თუ რა მდგომარებაშია აქ ჯანდაცვის სისტემა. უფრო მეტიც, საავადმყოფოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისიც მითხრა, რომ არც ბახილები აქვთ და ელემენტარული თავდაცვის საშუალებებიც არ აქვთ.

- საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი თუ  შეჩერდა და სხვა ღონისძიებები თუ გატარდა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით?

 - კარანტინი აქ მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს შეეხო. მართალია, სწავლა შეწყვეტილია, მაგრამ საღამოს საათებში ხდება საზოგადოების თავშეყრა. არც საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებს, არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არც ქუჩებს, დეზინფექცია არ ჩატარებია. 

 - იმის გათვალისწინებით, რომ იზოლაციაში ხართ და გამშვები პუნქტები ჩაკეტილია, მანდ მაღაზიებში არსებული მდგომარეობა როგორია, არის თუ არა საკმარისი მარაგები? 

- სურსათი არის, ფასები თვალშისაცემად არ  მომატებულა, ჯერჯერობით პროდუქტის მარაგიც საკმარისია როგორც ახალგორში, ისე ცხინვალის მაღაზიებში. რაც შეეხება იზოლაციას, ერთადერთი საგუშაგო იყო გახსნილი პერევში და ისიც 26 თებერვალს ჩაკეტა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ, როგორც კი თბილისში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, სხვა გამშვები პუნქტები მანამდეც ჩაკეტილი იყო. დღეს, ზუსტად ერთი თვე გავიდა ახალგორის გამშვები პუნქტის ჩაკეტვიდან, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებლების ნაწილი არ დაბრუნდა უკან ახალგორში, რადგან წეროვანში შვილებთან დარჩნენ, ხოლო ვინც დაბრუნდა, მათ აღებული პენსიით მოიმარაგეს სურსათი და ასევე ფულიც ექნებათ, მაგრამ არ ვიცი, თუ ეყოფათ იმ დრომდე, ვიდრე დე ფაქტო მთვარობა მისცემთ გადაადგილების საშუალებას. იანვრის ბოლოს, როდესაც გაიხსნა გამშვები პუნქტი, ადგილობრივებმა რამდენიმე თვის დაგროვილი, საქართველოს სახელმწიფო, პენსია აიღეს, მათ აქ ვალები ჰქონდათ მაღაზიებში, რომელიც გადაიხადეს. 41-მა ადამიანმა ვერ ისარგებლა ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორით,  რადგან მალევე ჩაიკეტა გამშვები პუნქტი.

-  რუსეთის მიერ კონტროლირებად ცხინვალსა და ახალგორში შესაძლებელია თუ არა, რომ კორნავირუსით ინფიცირების შემთხვევები დამალონ?

- არ მგონია, რომ მალავდნენ, ხალხი ჩასაფრებულია და გაჟღერდებოდა  ვინმე მკურნალობას რომ გადიოდეს თუნდაც პნევმონიით, ან მაღალი სიცხეებით. ვერ დაიმალება თუ ასეთი სიმპტომებით პაციენტები ეყოლებოდათ საავადმყოფოებში. 

- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს ცხინვალის და ახალგორის რაიონს. რას ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ასეთ დროს საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ?

- კარგი იქნება თუ გამშვებ პუნტებთან საქართველოს ხელისუფლება მოაწყობს ამბულატორიებს, გვიახლოვდება ვირუსი ყველა მხრიდან, უკვე ყაბარდო-ბალყარეთში დაფიქსირდა ორი შემთხვევა. ჩვენი რაიონის მოსახლეობას ვერ გაგზავნიან ჩრდილოეთ ოსეთში, რადგან ახალგორელებს არ აქვთ სამხრეთ ოსეთის პასპორტები და ბუნებრივია, თუ ადგილზე ვერ აღმოუჩენენ დახმარებას, იქ უნდა მისცენ  წასვლის უფლება, სადაც სათანადო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

ახალი ამბები