კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა

27 მარტი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები ბოლო რამდენიმე თვეა, რაც მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩაიკეტა. ეს გადაწყვეტილება შსს-მ მას შემდეგ მიიღო, რაც საოკუპაციო ხაზთან რუსმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევა დაიწყეს. შსს-ს შეზღუდვები არამარტო ჩორჩანას, არამედ შიდა ქართლის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე თითქმის ყველა სოფელს შეეხო. 

შეზღუდვები არ ეხებოდათ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთ, თუმცა, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებნი იზოლაციაში მოექცნენ.

გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ნუნუ კაპანაძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვამ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გადაადგილების პრობლემა შექმნა. მისი თქმით, განსაკუთრებით ეს პრობლემა იმ ოჯახებს აწუხებთ, რომელთაც ავტომობილი არ ჰყავთ.

,,ერთი ავტობუსი რომ მაინც დანიშნონ, რომელიც ბერშუეთის თემის რამდენიმე სოფელს მოემსახურება, კარგი იქნება. წაგვიყვანოს და უკან დაგვაბრუნოს, მეტს არ ვითხოვთ. გვაქვს გარკვეული საჭიროებები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზეა დამოკიდებული. გორში ჩასვლა გვინდა და ვერ ჩავდივართ პენსიის ასაღებად, წამლის საყიდლად და ა.შ. მესმის, რომ ტრანსპორტის მოძრაობის შეწყვეტა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა, მაგრამ მგონია, რომ შესაძლებელი იქნება, რომ დაინიშნოს ერთი ავტობუსი და დაწესდეს კონტროლი მგზავრების რაოდენობაზე, რათა ვირუსის გავრცელება არ მოხდეს. ყოველდღე თუ არ ივლის ავტობუსი, კვირაში ორჯერ მაინც ამოვიდეს, ეს შეღავათი იქნება სოფლების მოსახლეობისთვის",- აცხადებს ბერშუეთში მცხოვრები ნუნუ კაპანაძე. 

სოფლის მაღაზიებში ფასები გარკვეულ პროდუქტებზე გაზრდილია, თუმცა ჯერჯერობით საკმარისი მარაგი არის. ადგილობრივებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ. როდესაც ქვეყანა მომაკვდინებელ ვირუსს ებრძვის, ადგილობრივები სოფლის პრობლემებით ხელისუფლების შეწუხებას უადგილოდ მიიჩნევენ.

ბერშუეთის მსგავსად, ძირითად პრობლემას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვა წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვშიც. ადგილობრივები ცდილობენ, რომ ზედმიწევნით შეასრულონ მედიკოსების რეკომენდაციები და მოერიდონ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს.

,,სოფელში ხვნა-თესვა ახალი დაწყებულია, მოსახლეობას წინა წლიდან აქვს შემონახული სურსათის მარაგი და ჯერჯერობით იოლად გადიან. ხომ გაგიგიათ სოფელი ღონიერია, გლეხი ისე არ დარჩება რომ თავის სარჩო-საბადებელი არ ჰქონდეს გადანახული. ზოგს პირუტყვი ჰყავს, ზოგს ქათამი და ოჯახების რჩენა არ გაუჭირდებათ. ტრასპორტის პრობლემა გვაწუხებს ისევე, როგორც მთელ საქართველოს", - ამბობს აძვში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ვერ აკონკრეტებენ, თუ როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარშვილის განცხადებით, ტრასპორტის მოძრაობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად საზოგადოებრივი ტრასპორტის მოძრაობის საკითხს ვერ გადაწყვეტს.

,,პრემიერ- მინისტრის ბრძანებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებაა. მთავრობის გადაწყვეტილებამდე ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ამ მიმართულებით ვერაფერს ვერ შევთავაზებთ და -  არც განიხილება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა  თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის აიკრძალა“, - განმარტავს გორის მერი.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. „საზღვრების“ გავლების პროცესი დროებით შეაჩერეს და გატაცების შემთხვევებიც აღარ ყოფილა.

ახალი ამბები