კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC აგრძელებს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების სასამართლო მონიტორინგს

30 მარტი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი აგრძელებს საერთო სასამართლოებში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვებას. ცენტრის ინტერესის სფეროშია იმ საქმეების სასამართლო განხილვები, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. მიმდინარე პროექტი - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“, სასამართლო პროცესების გარდა, საპროტესტო აქციების მონიტორინგსაც მოიცავს. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განმხილველი მოსამართლეები, სამწუხაროდ, ობიექტურ დამკვირვებლებს, მათ შორის ადამიანის უფლებების ცენტრის მონიტორებს არ აძლევენ უფლებას, მონიტორინგი გაუწიონ მიმდინარე სასამართლო სხდომებს. სასამართლო პროცესებზე დამსწრეთა რაოდენობის სრული შეზღუდვით ფაქტობრივად იხურება სხდომები, რითაც ცალსახად ირღვევა საჯაროობის პრინციპი, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტი #1-ის მე-7 მუხლით, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით“.

შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის პირობებში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სისტემა ეტაპობრივად უნდა გადავიდეს საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე. ადამიანის უფლებათა ცენტრი იზიარებს არსებული მდგომარეობის სირთულეს და მათ შორის, სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მიუხედავად ამისა, სხდომათა სრულად ან ნაწილობრივ დახურვის პრაქტიკა, კონკრეტული გამონაკლისების გარდა, რაც გაწერილია კანონმდებლობაში, ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპს და საფრთხეს უქმნის პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, პრეზიდენტის დეკრეტით განსაზღვრული სხდომების დისტანციურად წარმართვა, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, არ გულისხმობს სასამართლო სხდომის არც სრულად და არც ნაწილობრივ დახურვას. ამ მოწესრიგების პირდაპირი მიზანია, სასამართლო სხდომების წარმართვისას, პროცესზე მყოფ მოქალაქეებს არ შეექმნათ ვირუსის გადადების საფრთხე. ამავე დროს, ეს მიზანი არ გამორიცხავს პროცესების ჩატარებას საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტების დაცვით. სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, პროცესის მხარეებმა პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, ხოლო საზოგადოებამ შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით.

მოცემულ საგანგებო ვითარებაში, თავისთავად, კარგი ალტერნატივაა, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პროცესები გაიმართოს დისტანციურად, მაგრამ ისე, რომ თანამედროვე ტექნიკური ინტერნეტსაშუალებებით (როგორიცაა, მაგალითად, ლაივსტრიმინგი) სასამართლოს ვებგვერდზე ან სპეციალურად შექმნილ YOUTUBE-ს არხზე უზრუნველყოფილი იყოს პროცესით დაინტერესებულ პირთა, მათ შორის - სასამართლო მონიტორების შეუფერხებელი წვდომა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები ამ დროისთვის 12 სასამართლო პროცესს აკვირდებიან:

1) გიგი უგულავას საქმე - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები გიგი უგულავას წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს აკვირდებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოცემულ საქმეზე პროკურატურა ბრალდებულს ედავება სსკ-ის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება).  ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერესის სფეროში ასევე ექცევა ე. წ. აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებული საქმე, რომელიც ამ ეტაპზე მოსამართლეს არსებითად განსახილველად უკვე გადაეცა. 

2-3) ნიკანორ მელიას ორი საქმე - ერთ სს საქმეში პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ნიკანორ მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის I და II ნაწილების თანახმად, რაც ითვალისწინებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. ეს საქმე 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ამასთანავე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომლებსაც ასევე  აკვირდებიან ცენტრის მონიტორები. ამ საქმეში ნიკანორ მელიას იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. სასამართლოს პირველ ინსტანციაში ნიკანორ მელია გამართლდა ამ საქმეზე სსკ-ის 205-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით, ან თვალთმაქცური გარიგებით.

4-5) ირაკლი ოქრუაშვილის ორი საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ბრალდებულია ორ სისხლის სამართლის საქმეში. ერთი ეხება 2019 წ. 20-21 ივნისის მოვლენებს, სადაც მას ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას. მეორე ბრალდება ოქრუაშვილს წარდგენილი აქვს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 

6) გიორგი რურუას საქმე - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, 2019 წ. 20-21 ივნისის და ნოემბრის საპროტექსტო აქციების აქტიურ მონაწილეს, გიორგი რურუას ბრალი ედება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას; მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 381-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. 

7) მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმე - თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს (ამჟამად - პოლიტიკური ორგანიზაცია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები) ბრალი ედებათ სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რომელიც განხორციელდა ჯგუფურად და თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ხოლო TV პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის მიმართ წარდგენილი ბრალი გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას (25-194 მუხლის მე-2 ნაწ-ის „ა“ და მე-3 ნაწ-ის „გ“ ქვ/პ).

8) ნიკა გვარამიას საქმე - „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ბრალი ედება სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 

9) ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის საქმე  - ბესიკ თამლიანს, ზურაბ ბუდაღაშვილსა და ცოტნე სოსელიას ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სსკ-ს 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა.  მოცემულ საქმეზე, ზურაბ ბუდაღაშვილთან, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილთან დაიდო საპროცესო შეთანხმება. ისინი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მიმდინარე წლის 23 მარტს, ბესიკ თამლიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე შეიცვალა 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მან დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ბესიკ თამლიანის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოში კვლავ გრძელდება.

10) ბეჟან ლორთქიფანიძის და მორის მაჩალიკაშვილის საქმე - საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ნაკრესის“ თანამშრომლის, ბეჟან ლორთქიფანიძეს და მორის მაჩალიკაშვილს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მორის მაჩალიკაშვილი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა. ბეჟან ლორთქიფანიძე ბრალს არ აღიარებს. მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული.

11) კობა კოშაძის საქმე - პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს, კობა კოშაძეს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას ან ტარებას.

12) ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე აკვირდებოდა გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეს - გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას. მოცემული საქმე განიხილებოდა ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან ერთად, მაგრამ ჯავახიშვილისა და დათაშვილის  მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ისინი მალევე გათავისუფლდნენ. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებმა  ჩადენილი დანაშაული აღიარეს, რის შედეგადაც  მათ  გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება.  

საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის შუალედურ და საბოლოო ეტაპზე მომზადდება მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიშები, რითაც დაინტერესებული სამიზნე ჯგუფები მიიღებენ ობიექტურ ინფორმაციას დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 

პროექტი „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგი“ 2020 წლის 1 თებერვალს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით და 31 დეკემბერს დასრულდება.

ახალი ამბები