კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა იუსტიციის საბჭოს სასამართლოების მანკიერ პრაქტიკაზე რეაგირება მოსთხოვა

15 აპრილი, 2020
 
დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საგანგებო მდგომარეობის პირობებში  პროცესების დახურვასა და სხვა სახის ხარვეზებზე რეაგირების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს მიმართა.

2020 წლის 13 მარტს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მიიღო რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო სისტემა ეტაპობრივად გადავიდა საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე, რაც ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა, მნიშნელოვანია, ამავდროულად დაცული და უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო პროცესების საჯაროობა და, შესაბამისად, სასამართლო მონიტორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროცესების მონიტორინგის შესაძლებლობა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციები ასევე ეხება სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირთა, მათ შორის - მასმედიის წარმომადგენელთა რაოდენობის შეზღუდვას, რაც ბუნებრივია, არ გულისხმობს პროცესების დახურვას და დასწრების მსურველთა სრულ შეზღუდვას. ამის საპირისპიროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობის მხრიდან სრულად შეიზღუდა სხდომებზე დასწრება. ამავე დროს, სასამართლოს მხრიდან იკვეთება არაერთგვაროვანი მიდგომა, როდესაც სისხლის სამართლის განმხილველი ზოგიერთი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლებას აძლევს დამკვირვებელი ორგანიზაციების მონიტორებს, ხოლო მოსამართლეთა უმრავლესობა, რეგულაციებზე არასწორი აპელირებით, მათ უკრძალავს, დააკვირდნენ სხდომის მიმდინარეობას, რაც ცალსახად გულისხმობს არსებული რეგულაციების უგულვებელყოფასა და მანკიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ 23 მარტს მიმართა სასამართლოს თავმჯდომარეს, ნიკოლოზ მარსაგიშვილს, მაგრამ მისი მხრიდან ამ დრომდე ორგანიზაციის მიმართვას რეაგირება არ მოჰყოლია. მანკიერი პრაქტიკა კი გრძელდება - ფაქტობრივად დახურულ რეჟიმში მიმდინარებს სისხლის სამართლის სხდომები. 

ამასთანავე, 13 აპრილს  საგანგებო მდგომარეობის პირობებში  პროცესების დახურვისა  და სხვა სახის ხარვეზების შესახებ საჯარო განცხადება გაავრცელა კოალიციამ „დამოუკიდებელი და  გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომლის წევრიც არის ადამიანის უფლებათა ცენტრი. კოალიციამ მოუწოდა საქართველოს იუტიციის უმაღლეს საბჭოს და საერთო სასამართლოების  თავმჯდომარეებს: სასამართლოებში საქმეთა განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე მოახდინონ მყისიერი რეაგირება, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და სრულად არ შეიზღუდოს პროცესების საჯაროობა; პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებული სასამართლო პროცესების დისტანციური წარმართვისას მხარეთა მონაწილეობის გარდა, უზრუნველყონ პროცესით დაინტერესებული საზოგადოების (მათ შორის - მონიტორების) შეუფერხებელი დისტანციური წვდომა პროცესებზე.

სასამართლოებში არსებულ მანკიერ პრაქტიკას წარმოაჩენს კიდევ ერთი ფაქტი - დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესი, რომელიც ადვოკატის განცხადებით, დისტანციურად ჩატარდა. მოცემულ სხდომაზე ორგანიზაციის მონიტორს კვლავ (უკვე - მესამედ) არ მიეცა შესაძლებლობა, დაკვირვებოდა ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესს. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი მოსამართლე არც უშუალოდ და არც დისტანციურად არ აძლევს უფლებას  ორგანიზაციის დამკვირვებელს, მონიტორინგი გაუწიოს ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის სხდომებს.  

სწორედ ამიტომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა დღეს უკვე ოფიციალური განცხადებით მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს ზემოაღნიშნულ პრობლემებზე მყისიერი რეაგირებისთვის და სთხოვა, სასამართლო სხდომის ჩატარების პროცესში ობიექტურ დამკვირვებელს უფლება მიეცეს,  სისხლის სამართლის სხდომებს მონიტორინგი გაუწიოს დისტანციურად, რაც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან თანხმობას, ტექნიკურად შესაბამის ბმულზე წვდომისთვის. ორგანიზაციამ, ასევე, რეაგირება მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა  განხილვის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, რათა არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, კერძოდ - საჯაროობის  პრინციპი და ორგანიზაციის მონიტორებს მიეცეთ უფლება, უშუალოდ ან დისტანციურად დაესწრონ სისხლის სამართლის რეზონანსულ საქმეებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 

ახალი ამბები