კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის მუნიციპალიტეტში მცოცავი ოკუპაცია განახლდა

21 აპრილი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირში მცხოვრებ დავით ახალკაცს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უკვე დაწყებული ჰქონდა, როდესაც საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები გამოჩნდნენ და სოფლის ნაკვეთების სიახლოვეს ნიშნულებით შემოსაზღვრეს ის ტერიტორია, სადაც საოკუპაციო ხაზის გავლებას გეგმავენ. დავით ახალკაცი ოკუპანტებმა მის ნაკვეთამდე აღარ მიუშვეს და ზუსტად არ იცის, შეძლებს თუ არა მოხნულ-დაფარცხულ მიწის ნაკვეთზე საგაზაფხულო სამუშაოების გაგრძელებას, დათესვას და მოსავლის აღებას.

,,მოვხანით, დავფარცხეთ და უკვე ვაპირებდით დათესვას და გამოჩნდნენ ოკუპანტები და  ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნები  დაამაგრეს და წავიდნენ. ველოდებით, როდის მოგვეცემა ნაკვეთებში დათესვის საშუალება", - ამბობს დავით ახალკაცი.
დავით ახალკაცისგან განსხვავებით თამაზ კობერიძე ამბობს, რომ ოკუპანტების დატოვებული ნიშნულების მიხედვით მისი ნაკვეთი ოკუპირებულ მხარეს ექცევა.

,,ღობავენ, წაგვართმევენ და დავრჩებით მშიერი. კაკალი, ვაშლი და ნაკვეთები იქით მაქვს, მდინარე ფრონეს გაღმა. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს, ნაკვეთს რომ წაგართმევენ, რაღა უნდა ვჭამოთ, 72 წლის კაცი ვარ, ვწვალობთ და არაფერი არ გვაქვს",- აღნიშნავს თამაზ კობერიძე.

სოფელში მცხოვრებლები საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნულების დაყენებას თვალ-ყურს შორიდან ადევნებდნენ. ნიშნულების მიხედვით საოკუპაციო ღობეების ან მავთულხლართების დამონტაჟების შემთხვევაში ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ, დაახლობით, 20 ჰა მიწის ფართობის ტერიტორიის დამატებით მიტაცება მოხდება. სოფელში არ იციან, თუ ვისი ნაკვეთი მოექცევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ვინ შეძლებს საგაზაფხულო სამუშაოების გაგრძელებას, თუმცა ოკუპაციის შეჩერების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავენ.

საქართველოს სახელმწიფო უწყებები ქარელის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში -დვანსა და ტახტისძირში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციას 17 აპრილს გამოეხმაურნენ.

„მიმდინარე წლის 17 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ უკანონო ბორდერიზაცია განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის თანათავმჯდომარეები. მსგავსი უკანონო აქტივობები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ  გარემოს და ადგილობრივების ყოველდღიურობას“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლა მთავარია ბორდერიზაციის პროცესის შეკავება და მკაფიო შეფასება - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ განახლებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი. 

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ბორდერიზაცია განაახლა, რაც არ არის, საუბედუროდ, სიახლე, მაგრამ აი, ამ მძიმე ფონზე, როდესაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ამგვარი მოქმედებები წარმოაჩენს ძალიან კარგად საოკუპაციო რეჟიმის სახეს. ჩვენ უკვე ჩავრთეთ ყველა არსებული მექანიზმი, პირადად მე ვესაუბრე ჟენევის თანათავმჯდომარეებს ისევე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა პარტნიორთან მქონდა უკვე კომუნიკაცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამოქმედებულია ცხელი ხაზი, შევატყობინეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას და ვთხოვეთ, რომ გააძლიეროს  პატრულირება ადგილზე. იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლება. ამოცანა და მიზანი გახლავთ ის, რომ ერთი მხრივ მოხდეს აი ამ ფაქტის მკაფიო შეფასება და ყველაზე მთავარი - შეკავება“, - ამბობს ქეთევან ქეთევან ციხელაშვილი.

ტახტისძირელები საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გამოჩენას შიშით ელოდებიან. მათ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ოკუპანტებმა დაწყებული საქმე აღარ გააგრძელონ და დამატებით 20 ჰა-მდე ტერიტორიის ოკუპაცია არ მოახდინონ.

ახალი ამბები