კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის პრესრელიზი 'გირჩის' საპროტესტო აქციის თაობაზე

24 აპრილი, 2020
 
23 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მოწოდებით გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც ჯაფარიძემ წინა დღეს დააანონსა სოციალური ქსელის - ფეისბუკ-ღონისძიების მეშვეობით, სათაურით - „გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა! გამოდი!“ 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ტაქსით ან პირადი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება 2020 წლის 27 აპრილამდე აკრძალულია. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე მისვლით დაკვირვებოდნენ აქციას. ამოტომ მონიტორინგი განხორციელდა აქციის „რადიო თავისუფლების“ ფეისბუკ ლაივის, ასევე ზურაბ ჯაფარიძის პირადი გვერდის ლაივის  მეშვეობით.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 22 აპრილს დააანონსა, რომ იპოდრომზე დაგეგმილი საპროტესტო აქცია შეეხებოდა როგორც, ზოგადად, ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, ისე მის გაგრძელებას 22 მაისამდე. მან აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდა ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ ეთანხმებოდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას. ღონისძიებაშივე აღნიშნული იყო 11 მოთხოვნა, რაც გაიჟღერებდა აქციაზე: 1. საგანგებო მდგომარეობის და საკომენდანტო საათის გაუქმება; 2. მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვების მოხსნა; 3. ავტომობილში მგზავრების სხდომასა და რაოდენობაზე შეზღუდვების მოხსნა; 4. შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეზღუდვების მოხსნა; 5. საჯარო სივრცეში 3 ადამიანზე მეტის შეკრებაზე შეზღუდვის მოხსნა; 6. სავაჭრო ობიექტებზე, მათ შორის - აგრარულ ბაზრებზე, შეზღუდვების მოხსნა; 7. ბიზნესზე შეზღუდვების მოხსნა; 8. სავალუტო ჯიხურებზე შეზღუდვების მოხსნა; 9. ასაკოვანი ადამიანებისთვის სახლიდან გასვლაზე შეზღუდვის მოხსნა; 10. ყველა ბლოკ-პოსტის აღება და ყველა მუნიციპალიტეტის გახსნა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; 11. ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება, რომელიც გამოიწერა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვების გამო.

როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს, 23 აპრილს, დილით იპოდრომის ტერიტორიაზე 20-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთი ადგილზე იდგა, ზოგიც - გადაადგილდებოდა. გადაადილება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ზურაბ ჯაფარიძის მოწოდებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქციის მონაწილეებს პოლიციელებისთვის ეთქვათ, რომ იქ მხოლოდ სასეირნოდ მივიდნენ და ამით აეცილებინათ ფიზიკური პირებისთვის დაწესებული ჯარიმა. 

ადგილზე შეიმჩნეოდა 3 ან მეტი პირის ერთად დგომაც, რაც მთავრობის დადგენილების თანახმად, კანონდარღვევად ფასდება და ითვალისწინებს 3000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის შეკრება. 

აქციის მონაწილეთა ქცევა იყო მშვიდობიანი და არააგრესიული; არ ჰქონდათ საპროტესტო ბანერები ან სხვა სიმბოლოები, რითაც ცხადი გახდებოდა მათი იქ შეკრების მიზანი. ამასთან, „გირჩის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის - აქციის ორგანიზატორმა, ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს და გააჟღერა პროტესტის მიზანი. 

მათ, ვინც პროტესტი ღიად გამოხატეს ჟურნალისტებთან, აერთიანებდათ ერთი და იგივე მოთხოვნა. მათთვის ერთი და იგივე საკითხი იყო ბუნდოვანი. კერძოდ, შეკრებილები აცხადებდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ვირუსთან ბრძოლა ეფექტიანი არ არის. ამის ნაცვლად ზიანდება ქვეყნის ეკონომიკა, ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული მოქალაქეები რჩებიან უსახსროდ და ფაქტობრივად, შიმშილობენ. ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ახერხებს პანიკის დათესვას და მოჩვენებას, თითქოს ეფექტურად უმკლავდება ეპიდემიას. ამას იგი უწოდებს „პოლიტიკურ შოუს“ და გამოთქვამს შიშს, რომ შესაძლოა, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაც კითხვის ქვეშ დადგეს. ჯაფარიძემ, ასევე, განაცხადა, რომ მისთვის ბუნდოვანია, რა იქნება 21 მაისის შემდეგ, შეიცვლება თუ არა რაიმე და რა გეგმა აქვს ხელისუფლებას - ნათელია მხოლოდ ის, რომ უფრო მეტი ადამიანი იქნება დაინფიცირებული, ხოლო ვაქცინა კვლავ არ იარსებებს, რის გამოც, სავარაუდოდ, საგანგებო მდგომარეობა ისევ გაგრძელდება. 

დაახლოებით 15 წუთის შემდეგ ადგილზე გამოჩნდა 10-ზე მეტი პოლიციელი. პოლიციელთა რაოდენობა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებთან შედარებით, არაპროპორციული იყო. მათ ზურაბ ჯაფარიძეს, სავარაუდოდ, ადგილზე გამოუწერეს ჯარიმა აქციის ორგანიზებისთვის (კადრში ჩანს მისი იდენტიფიცირების მომენტები და ქვითრის ბეჭდვა), მოგვიანებით კი ისიც გადაიყვანეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში აქციის სხვა რამდენიმე მონაწილესთან ერთად. 

ჟურნალისტების კითხვაზე - მოქალაქეების პოლიციაში გადაყვანის თაობაზე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები პასუხობდნენ, რომ ქაოტურ მდგომარეობაში ვერ ხერხდება ყველას იდენტიფიცირება, ამიტომ ამას „ადგილზე გაარკვევდნენ“. კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომლებს არც უცდიათ მოქალაქეთა იდენტიფიცირება - ვინ იყო აქციის მონაწილე და ვინ უბრალოდ, გამვლელი. ქაოსი, რომელიც ადგილზე შეიქმნა, გამოიწვია მოქალაქეთა დაკავების დაწყებამ. პოლიცია სათანადოდ არ ცდილობდა ადგილზევე გამოეწერა ჯარიმა, განსაკუთრებით - მათთვის, ვინც წარადგინეს პირადობის მოწმობა და შეეძლოთ, ადგილზე მოეხდინათ პირის იდენტიფიცირება.  ამგვარი მოქმედება შეიძლება, შეფასდეს „პოლიციის შესახებ“ კანონის დარღვევად. 

საპატრულო პოლიციამ, ასევე, გადაწყვიტა ვახტანგ მეგრელიშვილის - „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის გადაყვანა დეპარტამენტში, მიუხედავად იმისა, რომ მეგრელიშვილმა პოლიციელს მიაწოდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და განუცხადა, რომ ჟურნალისტური საქმიანობისთვის მასზე გაცემულია ქალაქში გადაადგილების ნებართვა. მეგრელიშვილის თქმით, მას თან არ ჰქონდა იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ მანამდე „გირჩი TV-მ“ გადასცა მათ ჟურნალისტების სია. შესაბამისად, ის იყო იმ პირთა სიაში, რომლებზეც არ ვრცელდება შეზღუდვები. ამ საკითხების გარკვევაც საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში ამჯობინა. 

ამასთან, იგივე მიდგომა არ ყოფილა „გირჩი TV-ის“ მეორე კორესპოდენტის მიმართ, რომელმაც ადგილი, სავარაუდოდ, თავისით დატოვა ისევე, როგორც იმ მყოფმა კიდევ რამდენიმე მოქალაქემ. 

აღნიშნული მიდგომა, აჩენს ეჭვს, რომ პოლიციელები შემთხვევითობის პრინციპით აკავებდნენ მოქალაქეებს. მათ განაცხადეს, რომ აქციის ყველა მონაწილეს გადაიყვანდნენ საპატრულოში და დაუწერდნენ ჯარიმებს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და იქ მყოფმა დაახლოებით 10-15-მა ადამიანმა მშვიდობიანად დატოვა ტერიტორია პოლიციის წასვლის შემდეგ. მათ დაახლოებით 4-5 მანქანა ჰყავდათ მობილიზებული. 

პოლიციამ დააკავა 1 პირი ხულიგნობისა და სამართალდამცავის დაუმორჩილებლობის მუხლით. ვიდეოკადრებში დაკავებული მოქალაქის ხმამაღალი პროტესტი და ყვირილი მხოლოდ მას შემდეგ გაისმა, როცა იგი უკვე მანქანისკენ მიჰყავდათ. შესაბამისად, არც ხილვადი და არც სმენადი არ ყოფილა მოქალაქის შესაძლო მოქმედება, რომელიც ხულიგნობად და დაუმორჩილებლობად შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო. ამასთან, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი მოვლენათა შუაგულში იყო და რთული საფიქრებელია, რომ მის მიერ გადაღებულ კადრებამდე ხულიგნობის ან პოლიციის დაუმორჩილებლობის ქმედებებს და ხმაურს არ მიეღწია. 

პოლიციამ ძალის გამოყენებით, ასევე, დააკავა ახალგაზრდა ქალბატონი, მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი, რადიო „თავისუფლების“ კადრებში არ ჩანს. ვიდეოჩანაწერიდან აშკარაა, რომ სამართალდამცველებს დაკავების მომენტში არ განუმარტავთ  ქალბატონისთვის დაკავების საფუძვლები და კანონით გათვალიწინებული სხვა უფლებები. სავარაუდო სამართალდამრღვევი ქალბატონი მოითხოვდა, განემარტათ დაკავების საფუძვლები და მისი უფლებები. მიუხედავად ამისა, პოლიციის მხრიდან არ მოხდა ქალბატონის კანონიერი მოთხოვნის გათვალისწინება და უფლებების სრულყოფილი განმარტება, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართალდარრვევის კოდექსის მოთხოვნებს.   ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება დაკავებული პირისთვის ნივთის (მოცემულ შემთხვევაში მობილური ტელეფონის) ჩამორთმევა, რადგან კანონის მოთხოვნით, ჩამორთმეული ნივთი სამართალდარღვევის იარაღი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში კი უსაფუძვლო და კანონსაწინააღმდეგო იყო პოლიციის მოქმედება, რადგან მობილური ტელეფონი არ იყო სამართალდარღვევის იარაღი. ქალბატონის დაკავებისას სამართალდამცველებს დასჭირდათ ფიზიკური ძალის გამოყენება საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასასმელად. საბოლოოდ, ფაქტობრივად, მანქანაში დაწოლილ მდგომარეობაში, გადაიყვანეს იგი სულ ცოტა 3 მამაკაც პოლიციელთან ერთად.

აქციიდან  ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუქ ლაივის საკუთარ გვერდზე ჩაერთო. ამ დროს ზემოაღნიშნული დაკავებული ქალბატონი უკვე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის მანქანაში. ჯაფარიძემ რამდენჯერმე ჰკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რატომ დააკავეს მოქალაქე. ამ ვიდეოში საპატრულო პოლიციის მანქანიდან კარგად ისმის დაკავებულის შეძახილი: „რისთვის დამაკავეთ?!“ პატრულის თანამშრომლები თავიდან დუმდნენ, მაგრამ კითხვის რამდენჯერმე გამეორების შემდეგ, ჯაფარიძეს უპასუხეს, რომ პირი დააკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის, კერძოდ იმიტომ, რომ მან „შეიგინა“. თუმცა, პოლიციელებს არ განუმარტავთ, ვისი ან რის მისამართით „შეიგინა“ აქციის მონაწილემ. ჯაფარიძეს არც იმაზე უპასუხეს, თუ სად მიჰყავდათ დაკავებული. საპატრულო პოლიციელების სხვა თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ, ჯაფარიძეს ქალბატონის დაკავების მიზეზად დაუსახელეს ის, რომ იგი ქუჩაში „იგინებოდა, ილანძღებოდა“  და „წინააღმდეგობას უწევდათ“. ზურაბ ჯაფარიძემ თავის ვიდეოში თქვა, რომ ასევე დააჯარიმეს პირი, რომელიც აქციის მონაწილე არ იყო და ტერიტორიაზე სეირნობდა. მან ასევე გაარკვია, რომ დააკავეს კიდევ ერთი პირი, თუმცა მიზეზად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ასევე მხოლოდ ის განუცხადეს, რომ დაკავების მიზეზი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა გახდა. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ადგილზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ მამრობითი სქესის პოლიციელები, მაშინ როდესაც, აქციაზე იყვნენ, ძირითადად, საშუალო ასაკის, როგორც ქალი, ისე მამაკაცი მონაწილეები.

აქცია დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები