კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება

7 მაისი, 2020
ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის ყოფილი მერის, პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა. 


დოკუმენტის მიზანია გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით და ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით.

გიორგი უგულავა არის გამოკვეთილი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა, ვის წინააღმდეგაც მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში, შესაძლოა, იკვეთებოდეს ხელისუფლების დაინტერესება და შესაბამისად - პოლიტიკური მოტივები. 

ოპოზიციური პარტიების ბრალდებები, საერთაშორისო პარტნიორთა განცხადებები და საზოგადოებაში არსებული კითხვები, უკვე არის ის მიზეზები, რომელთა გამოც ადამიანის უფლებათა ცენტრს მნიშვნელოვანად მიაჩნია აქტიური პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი.

ბოლო განაჩენით, 2020 წლის 10 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ თბილისის ყოფილი მერი დამნაშავედ ცნო გაფლანგვის ბრალდებაში. 2012 წლის „ამნისტიის კანონის“ და ამავე საქმეზე უკვე მოხდილი სასჯელის გათვალისწინებით, გიორგი უგულავას სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი მოიცავს გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე რამდენიმე საქმის მიმოხილვას. ამასთანავე, დოკუმენტი აქცენტს აკეთებს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და აანალიზებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ისე საქმეებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ფაქტებს თუ გარემოებებს. 

კვლევაში გიორგი უგულავას საქმეებთან დაკავშირებით შესაძლო პოლიტიკური მოტივების არსებობა-არარსებობის დასადგენად გამოყენებულია ევროპის საბჭოს, ასევე ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული პოლიტიკური პატიმრის სტატუსის არსებობისთვის საჭირო კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საქმეების სიღრმისეული ანალიზით, კვლევაში წარმოდგენილია რამდენიმე შეფასება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ზოგადი შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, საკასაციო საჩივრის განხილვის 6-თვიანი ვადის დარღვევის შემდეგ, გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვის უსწრაფესად დაწყება, პოლიტიკური აქტიურობის დროისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ახალი ბრალის წარდგენის თანხვედრა, ასევე - სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, საერთაშორისო პარტნიორების და გავლენიანი უცხოელი მეგობარი პოლიტიკოსების კრიტიკული განცხადებები  ბადებს საფუძვლიან ეჭვებს ამ საქმეებში პოლიტიკური მოტივების არსებობის თაობაზე ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მართლმსაჯულების ორგანოების პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებისთვის გამოყენებაზე.

გიორგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები ადამიანის უფლებათა ცენტრმა საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შეისწავლა. ცენტრის დაკვირვების ქვეშ ამ დროისთვის საერთო ჯამში 15 სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესია. მონიტორინგი ეხება იმ საქმეებს, სადაც სავარაუდო პოლიტიკური მოტივი იკვეთება. პროექტი 2020 წლის 1 თებერვალს დაიწყო აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით და 31 დეკემბერს დასრულდება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები