საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი - „ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სარჩელით სადაოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
სადავო ნორმის თანახმად, მხარეებმა შუამდგომლობა შეიძლება, დააყენონ ამ კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სადავო ნორმა სასამართლოს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაუშვებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შემდგომში გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა ერთობლიობის წესით, მტკიცებულებათა დასაშვებობის შემოწმება ხდება წინასასამართლო სხდომაზე, რა დროსაც სასამართლო არკვევს დაცული იყო თუ არა კანონის მოთხოვნები მტკიცებულებათა მოპოვებისას, ხოლო მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ შესაძლოა, დასაშვებად ცნოს ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები. ამასთან, სადავო ნორმების გამოყენებით, სასამართლოს საშუალება ეძლევა, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვეთილ საფუძვლებთან მიმართებით, უარი უთხრას მხარეს კონკრეტული მტკიცებულების დასაშვებობის და, შესაბამისად, კანონიერების შემოწმებაზე და შესაძლოა, სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებზე დაყრდნობით გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
ნიკოლოზ ლომიძის სამართლებრივ ინტერესებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.