კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დატვირთვა ექნება წინასაარჩევნო პერიოდში გორის მერიის მიერ შეძენილ სარეკლამო მონიტორებს

28 მაისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერიას ქალაქის ცენტრსა და თეატრის სკვერში ორი სარეკლამო მონიტორის შეძენა-დამონატაჟება 148 320 ლარი დაუჯდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ერთ-ერთი მონიტორი მწყობრიდან გამოვიდა. ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, თეატრის სკვერში დამონტაჟებულ მონიტორზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კლიპი მთელი დღის განმავლობაში ხარვეზებით გადიოდა, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.

,,დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცეს დაზიანებული მონიტორიდან, საერთოდ არაფერი ჩანდა ისეთი ხარვეზებით გადიოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საინფორმაციო კლიპი. მთელი დღის განმავლობაში ყურდღება არავინ მიაქცია, თუ რისი ბრალი იყო ეს, როდესაც ბიუჯეტიდან ამ მონიტორების შესაძენად საკმაოდ სოლიდური თანხა დაიხარჯა", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა წიქარიძე.

,,ნაციონალური მოძრაობიდან" გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ​ვასილისა ჯაბახიძის განცხადებით, გორის მერი ბიუჯეტის თანხებს პირადი სურვილების მიხედვით განკარგავს და უხარისხო სარეკლამო მონიტორის გამო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ერთად პასუხი კონსტანტინე თავზარაშვილსაც უნდა მოეთხოვოს.

,,მერიამ ეს მონიტორები შეიძინა შპს ,,ონგი"-სგან და 148 320 ლარად ნაყიდი მონიტორებიდან ერთ-ერთი დაზიანებულია, თუმცა აღნიშნულ კომპანიას მერიამ 800 000 ლარიანი ტენდერი კიდევ მოაგებინა და შესაბამისად, კომპანიამ გორის კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღში ატრაქციონები უნდა გააკეთოს. იმ ფონზე, როდესაც ,,ონგი" უხარისხოდ ასრულებს სამუშაოებს, შეძენილი და დამონტაჟებული ატრაქციონების ხარისხი უნდა შემოწმდეს, რათა ის არ განმეორდეს რაც მონიტორების შემთხვევაში მოხდა", - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე. მისი შეფასებით, ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან ერთად ადგილი გვაქვს წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული ფინანსური რესურსის გამოყენებაზე. ვასილისა ჯაბახიძე დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის ფულით შეძენილ მონიტორებზე ,,ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპები გავა.

,,ეს მონიტორები რეალურად არჩევნებისთვის შეიძინეს, რომ ,,ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპები ატრიალონ და ამისთვის ბიუჯეტიდან 150 000 ლარამდე დახარჯეს. დღეს მუნიციპალიტეტში უმარავი პრობლემაა და მერია ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად მოსახლეობას მონიტორებიდან აჩვენებს გაბრწყინებულ საქართველოს და ასრულებულ ოცნებებს. როგორც წესი, სარეკლამო მონიტორებს ბიზნესი ყიდულობს, მაგრამ გორის მერმა გადაწყვიტა რომ ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს და ბიზნეს საქმიანობას მიჰყო ხელი", - ამბობს ჯაბახიძე.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის, თქმით, მონიტორები მოსახლეობისთვის ხელისუფლების გაკეთებული საქმეების გასაცნობად შეისყიდეს და ძირითადად მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე გავა სარეკლამო კლიპები. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ მონიტორებზე ყველა იმ პარტიის კლიპი გავა, რომელიც თანხას გადაიხდის.

,,თუ „ქართული ოცნება“ გადაგვიხდის ფულს, გავუშვებთ კლიპს მონიტორზე, რატომ არ გავუშვებთ?! თუ გადაიხდის ფულს „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ევროპული საქართველო“ მათ საარჩევნო კლიპებსაც ვაჩვენებთ საზოგადოებას. ქალაქს დამატებით შემოსავალს თუ მოუტანს, რატომ არ გავუშვებთ?! ერთ დღეს „ქართული ოცნების“ კლიპები გავა, მეორე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ და მესამე დღეს „ევროპული საქართველოსი“ და ა.შ. ვინც იქნება მსურველი და გადაიხდის ფულს ყველა პარტიის საარჩევნო კლიპს გავუშვებთ", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორი სარეკლამო მონიტორიდან ერთი მწყობრიდან გამოვიდა, თუმცა მას არ გასვლია საგარანტიო ვადა და კომპანიას უკვე დაუკავშირდნენ და უახლოეს დღეებში შეაკეთებენ.

ახალი ამბები