კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე - ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკური დოკუმენტი

22 ივნისი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა.


ანალიტიკური დოკუმენტით ადამიანის უფლებათა ცენტრი ცდილობს, ქრონოლოგიურად წარმოაჩინოს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებული ყველა მნიშვნელოვანი სამართლებრივი თუ პოლიტიკური მოვლენა. დოკუმენტში შეფასებულია საგამოძიებო უწყებების მიერ გამოძიების ეტაპზე დაშვებული არაერთი შეცდომა თუ სავარაუდო დანაშაული, საქმესთან დაკავშირებული პოლიტიკური მოვლენები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა, მართლმსაჯულების ხარვეზები და ა.შ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგამოძიებო ეტაპიდან იცავდა დაზარალებულის, კერძოდ - ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის ოჯახის ინტერესებს. ამდენად, მთელი რიგი ინფორმაცია ანგარიშში უშუალოდ მოვლენათა შუაგულიდან, სხვადასხვა პირველწყაროდან არის მოპოვებული და გაანალიზებული.

2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმის ხარვეზიანმა გამოძიებამ და თანმდევმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა ქართულ მართლმსაჯულებაში არსებული მრავალი პრობლემა და საზოგადოებისთვის ნათელი გახადა არსებული სისტემური პრობლემების მთელი სიმწვავე.   

სიმართლისათვის ბრძოლისას დაზარალებულისა და მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის პრინციპული პოზიციისა და დაზარალებულის მხარდასაჭერად სამოქალაქო საზოგადოების უპრეცედენტო კონსოლიდაციის შედეგად, თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. ამავე დროს, ხელისუფლების მხრიდან მოვლენათა არაადეკვატური შეფასების შედეგია ის, რომ ორი წლის შემდეგ, ადამიანის უფლებათა ცენტრის პროტესტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩია.

საზოგადოების მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად, მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესის შესწავლის მიზნით, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია. 

ბრძოლის შედეგად, სახელმწიფოს მოუწია დანაშაულში და მის დაფარვაში მონაწილე არაერთი ადამიანის მხილება, რომელთა ნაწილი უკვე მიეცა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში. ეს სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, არის იმ სისტემური პრობლემების აღიარება, რომელთა მოგვარება მხოლოდ ამ საქმის ხარვეზების გამოსწორებით ვერ მოხდება და აუცილებელია სისტემური ცვლილებები, რომელიც უნდა შეეხოს როგორც ქართულ საგამოძიებო უწყებათა დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე ქართული მართლმსაჯულების რეალურ რეფორმას.

ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების თავდაპირველი შედეგები მნიშვნელოვნად შეიცვალა და კიდევ არაერთი ადამიანის მიეცა პასუხისმგებლობაში, კვლავ დაუსჯელი რჩება სამოხელეო დანაშაულში მონაწილე არაერთი პირი. უმნიშვნელოვანესია, რომ სამართალწარმოება გაგრძელდეს იმ პირთა გამოსავლენად, რომელთა ქმედებებშიც იკვეთება სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. სამართალწარმოების მიზანი არა მხოლოდ იმ სამართალდამცავთა თუ სხვა თანამდებობის პირთა დასჯაა, რომლებმაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გამოძიებას ხელი შეუშალეს საქმის ყოველმხრივ და ობიექტურად გამოძიებას, არამედ ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს სისტემის გაჯანსაღებისათვის. ასეთი დანაშაულების დაუსჯელად დატოვების შემთხვევაში, ვერ აღმოიფხვრება ის სისტემური ხარვეზები, რაც შეუძლებელს ხდის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელად დაცვას. სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს სრულყოფილად  წარმართული გამოძიება, რაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების დაწყება სამოხელეო დანაშაულების ნიშნების შემცველ ქმედებებზე, კერძოდ - საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა ამ საქმის მტკიცებულებების განადგურება ან დაზიანება. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები