კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩავარდნილი ტურისტული სეზონი

26 ივნისი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

უცნობია ინფორმაცია იმის შესახებ, მიიღებს თუ არა საქართველო უცხოელ ტურისტებს პირველი ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი ერთი თვის წინ აცხადებდა, რომ რამდენიმე ქვეყანასთან უსაფრთხო, მწვანე დერეფნების შესაქმნელად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ქვეყნებს შორის მოიაზრებოდა: ისრაელი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, საბერძნეთი, ავსტრია, თუმცა თუ რომელი ქვეყნებიდან მიიღებს საქართველო  ტურისტებს, კონკრეტული განცხადებები აღარ კეთდება. რამდენიმე ქვეყანაში მდგომარეობის გართულებისა და  ახალი კორონავირუსის მეორე ტალღის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უკვე შიდა ტურიზმზე აკეთებს აქცენტს.

შიდა ქართლის რეგიონში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტურისტულ სეზონს მიება მცირე და საშუალო ბიზნესის დიდი ნაწილი. გაკეთდა საოჯახო სასტუმროები და ღვინის მარნები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ტურისტი ძირითადად მხოლოდ 24  საათს ატარებს, ამან მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებას მაინც შეუწყო ხელი.  ღვინის ტური სოფელ ხიდისთავიდან იწყება და ატენის ხეობაში სრულდება.  გზად უცხოელ ტურისტებს გაჩერება რამდენიმე ადგილას შეეძლოთ. ერთ-ერთი ვაჩეიშვილების მარანი იყო. ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ წელს მთლიანად ჩააგდო ტურისტული სეზონი, ხელისუფლებისგან განსხვავებით ის შიდა ტურიზმზე დიდ იმედს არ ამყარებს.
,,შიდა ტურიზმი არ არის გამოსავალი, შიდა ტურიზმი ალამია, რომ ვაფრიალოთ, რადგან საქართველოში ეკონომიკური კრიზისია და ხალხს არა აქვს ფული, არ აქვს სადმე წასვლის ხალისი. რომელი შვეიცარია ჩვენ ვართ, რომ შიდა ტურიზმზე დავამყაროთ იმედები. ეს არის უბრალოდ მეხამრიდი, ვინ უნდა მოვიდეს, ძალიან მაინტერესებს, გაჭირვებულები? შიდა ტურიზმი არის, როცა შემოსავალი არ გაქვს და უცებ 23 ლარი შემოგივიდეს.  შეიძლება, ეს იყოს პატარა შეღავათი, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა, ამიტომ ეს თავის მოტყუებაა", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ  ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების შედეგად მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმაროს.
პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების შედეგად მიყენებულ ზარალზე საუბრობს ,,შატო ატენის" მფლობელი იოსებ ვანიშვილი. მის საოჯახო სასტუმროს, ძირითადად, უცხოელი ვიზიტორები სტუმრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 600 ჯავშანი გაუუქმდა, ვანიშვილი ამბობს, რომ შიდა ტურიზმით პანდემიის შედეგად მიყენებულ ზარალს ნაწილობრივ მაინც შეამცირებს.  

,,ჩვენ, პრაქტიკულად, გაგვაჩერა, შეგვიჩერდა გაყიდვები, გაგვიუქმდა 600-ზე მეტი ჯავშანი, რომელიც გვქონდა ამ წელს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს, პანდემიის ფონზე სტაბილურობის შენარჩუნებას და იმედს ვიტოვებ, რომ ნელ-ნელა ჩადგება ისევ კალაპოტში, რაც იყო. შიდა ტურიზმში ვხედავთ გარკვეულ პერსპექტივას, ჩვენ პანდემიამდეც გვსტუმრობდა საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა.  მოდიოდნენ, ათვალიერებდნენ ჩვენს ვენახებს, აგემოვნებდნენ  ღვინოს და ეცნობოდნენ ოჯახურ სამზარეულოს. საქართველოში ბევრი ადგილი არ მაქვს ნანახი და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩავიდეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მათი სამზარეულო და ღვინო დავაგემოვნოთ. ვფიქრობ, რომ იმუშავებს წელს შიდა ტურიზმი", - აცხადებს ვანიშვილი.

შიდა ტურიზმი უფრო ზღვისპირეთსა და მთის კურორტებს შეეხებათ -  აცხადებს გორში მცხოვრები ნინო გიორგაძე, რომელმაც საოჯახო სასტუმრო გააკეთა. გიორგაძე ამბობს, რომ ჩავარდნილი ტურისტული სეზონის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას შიდა ტურიზმი ვერ მოახდენს, მით უფრო შიდა ქართლის რეგიონში.

,,ჩემს ოჯახს აქვს სასტუმრო ქალაქ გორში, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტებს ვმასპინძლობდით, რომლებიც მხოლოდ ერთი ღამით რჩებოდნენ ქალაქ გორში. გასულ წლებში ყოველთვის დიდი დატვირთვით მუშაობდა ჩვენი სასტუმრო. ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მარტში გაგვიუქმეს ყველა ჯავშანი და მიუხედავად იმისა, რომ 8 ივნისიდან მოიხსნა სასტუმროებზე დაწესებული შეზღუდვები, ამ დრომდე არც ერთი ჯავშანი გვაქვს და არც ერთი ტურისტი გვყოლია.  შიდა ტურიზმის განვითარება უფრო შეეხება ზღვისპირეთსა და მთის კურორტებს მაგრამ ეს ნაკლებად შეეხება ქალაქ გორს. რამდენი ოჯახი გეგულებათ, რომელიც ჩამოვა და კიდევ ერთხელ ნახავს უფლისციხის ან სტალინის მუზეუმს. სტატისტიკურად, ჩვენს რეგიონში, ძირითადად, უცხოელი ტურისტები მოგზაურობენ", - ამბობს ნინო გიორგაძე, რომელიც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ტურისტულ სეზონზე დამოკიდებულ მცირე და საშუალო ბიზნესს დახმარება გაუწიონ, რადგან 2020 წელს ტურისტულ სექტორში ჩართულმა ბიზნესმა შესაძლოა,  შემოსავალი საერთოდ ვერ მიიღოს.

,,ანტიკრიზისულ გეგმაში ცალკე ტურისტულ სექტორზე დახმარება არ არის განსაზღვრული, ჩვენც თვითდასაქმებულების კატეგორიაში გავდივართ და ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარებაა გათვალისწინებული, თუმცა როგორც სხვა სფეროები, ტურისტული სექტორიც ყველაზე მეტად დაზარალდა და აუცილებლად იმსახურებს მთავრობისგან განსაკუთრებულ ყურადღებას. წელიწად-ნახევარი მაინც გვინდა, რომ იმ მდგომარეობამდე დავბრუნდეთ, რაც ერთი წლის წინ გვქონდა",- აღნიშნავს გიორგაძე.

ახალი ამბები