კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2021 წლიდან შესაძლოა, ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს

30 ივნისი, 2020
 ლანა გიორგიძე 

2020 წლის 27 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელის, გია ჟორჟოლიანის სახელით საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, 2021 წლიდან ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აიკრძალოს. 1 ივნისს საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის კანონპროექტი და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი  განხილვის პროცედურის დაწყება.
 
განმარტებით ბარათში საუბარია პრობლემის შესახებ, რომლის გადაჭრასაც ისახავს მიზნად კანონპროექტი: „საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი უზრუნველყოფს საარჩევნო უფლებას და ის გულისხმობს როგორც აქტიურ, ისე პასიურ საარჩევნო უფლებას. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს აზრი, რომ არჩევნები უნდა იყოს თანასწორი. „თანასწორობა“ ფართო ცნებაა და ის აგრეთვე ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებზეც, როგორებიცაა პოლიტიკურ რეკლამა და პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საარჩევნო სუბიექტების მიერ პოლიტიკური რეკლამით სარგებლობის, აგრეთვე დებატებში მონაწილეობის ერთნაირი პირობების მარეგულირებელი ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციასთან, რაც ამჟამად სახეზე არ გვაქვს“.

განმარტებითი ბარათის თანახმად, აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამით სარგებლობა თანაბრად შეეძლოს ყველა საარჩევნო სუბიექტს და პრივილეგირებულ მდგომარეობაში არ იმყოფებოდნენ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები. ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს ის, რომ წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა არ იყოს სასყიდლიანი (ფასიანი) და მასზე წვდომა იყოს უფასო და თანაბარი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, როგორც ეს აპრობირებულია მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში. 

განმარტებით ბარათში ასევე საუბარია იმაზე, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან დაშვებულია მხოლოდ სამ ქვეყანაში: იტალიაში, პორტუგალიასა და ლიეტუვაში, ისიც ძალიან მკაცრი შეზღუდვებით და ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“  თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი მედიასთან საუბრისას განმარტავს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამირების ხელსაყრელია ხელისუფლებისთვის და ხელისუფლების ინტერესში შედის.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ეწინააღმდეგება ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებს. მნიშვენლოვანია, რომ სხვა გზით ვეცადოთ, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შევუქმნათ ერთნაირი შესაძლებლობების გარემო“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტი თანაბარ პირობებს ჰპირდება საარჩევნო სუბიექტებს, იგი დიდ სირთულეებს შეუქმნის მედიას. რადგან ფასიანი რეკლამის შედეგად ტელევიზიებს, განსაკუთრებით რეგიონულ მაუწყებლებს, შემოსავლის წყარო უჩნდებოდათ. 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიზის თანახმად, 2018 წლის სატელევიზიო სარეკლამო შემოსავალი 75,262,955 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის მიახლოებითი სატელევიზიო ღირებულება 30 მილიონი ლარი იყო, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა. საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების საერთო ღირებულებამ ჯამში დაახლოებით – 38 მილიონი ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეგიონული ტელევიზიების ფუნქციონირების საკითხს. ტელეკომპანია ,,თრიალეთში" აცხდებენ, რომ საკითხს თუ პარლამენტი დაუჭერს მხარს, რეგიონული ტელევიზიებს დახურვის საფრთხე შეექმნებათ.

,,ამ საკითხის დაყენება ინიციატივის დონეზეც კი შემაშფოთებელია, რადგან იმ შემთხვევაში, თუ საკითხს პარლამენტის დაუჭერს მხარს, პრაქტიკულად რეგიონული ტელევიზიები დაიხურება, რადგან, რეალურად, ჩვენ არჩევნებზე პოლიტიკური საარჩევნო რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს რამდენიმე თვეზე ვანაწილებთ, თუ ეს შემოსავალიც აღარ გვექნება, გამოდის, რომ ტელევიზიის გაჩერება მოგვიწევს", - აცხდებენ ტელეკომპანია ,,თრიალეთში".

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების მონიტორინგის შედეგად, ცხადი იყო, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამისთვის დაწესებული შეზღუდვები ხშირად ირღვეოდა და არჩევნებამდე 60 დღეზე უფრო ადრე ტელევიზიებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა რეგულაციების ფარგლებს გარეთ ექცოდა.

პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში მომზადებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამა საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი გადამწყვეტი ელემენტია. ესაა ტრადიციული სატელევიზიო სარეკლამო რგოლები, პლაკატები, ტრანსფარანტები, ფურცლები. ამგვარ რეკლამას ექსპერტები განმარტავენ, როგორც ბაზრის კონკურენციის ინსტრუმენტს, რომლის ძირითადი ამოცანებია: - გარკვეული პოლიტიკური ძალების პოლიტიკური პლატფორმის არსი გადმოსცეს მისაწვდომი ემოციური, ლაკონური, ორიგინალური და ადვილად დასამახსოვრებელი ფორმით; განაწყოს ამომრჩეველი მის მხარდასაჭერად, შექმნას ფსიქოლოგიური განწყობა, რაც განაპირობებს გრძნობების სიმპათიების მიმართულებას და შემდეგ ადამიანის მოქმედებასაც.

პარლამენტის წევრ გია ჟორჟოლიანის ინიციატივის მიხედვით, კანონპროექტის მიღების შედეგად, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ეფექტურად შეძლებენ თავიანთი ხედვების გაცნობას ამომრჩევლისათვის, როგორც უფასო პოლიტიკური რეკლამების, ისე დებატებში მონაწილეობის მეშვეობით. კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების შესაძლებლობების ისედაც რადიკალური უპირატესობის ფონზე, არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის შეიქმნება უფრო სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური ცხოვრების მეტ დინამიურობას, სიჯანსაღეს, განახლებას და ახალი სახეების წარმოჩინებას. 

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

ახალი ამბები