კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპარლამენტო არჩევნები პანდემიის პირობებში

16 ივლისი, 2020
 
ლანა გიორგიძე 

2020 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სწორედ ამ დროს ელოდებიან ეპიდემიოლოგები ახალი კორონავირუსის მეორე ტალღას. 2 ივლისს საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად დაზუსტდა ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა, ხოლო ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა შეზღუდვები იქნება არჩევნების დღეს, ან რა წესების დაცვა იქნება აუცილებელი საარჩევნო უბნებზე, ამას საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია საჭიროებისამებრ განსაზღვრავს.

საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის (ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა) თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში  მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ.

3 ივლისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე - „დემოკრატიული არჩევნების გამართვა პანდემიის ფონზე“, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე შევიდა. 

„დღისათვის ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მოგვცა ეუთო/ოდირმა და ჩვენმა სახელმწიფომ დღეისათვის მოახერხა, რომ ყველა ეს რეკომენდაცია შესულიყო საარჩევნო კოდექსში. ჩვენ დღეს ყურადღებას ვამახვილებთ დემოკრატიული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე ოქტომბერში და რასაკვირველია ეს ყველაფერი არის მორგებული საარჩევნო კანონმდებლობაზე. ჩვენ რასაკვირველია გავითვალისწინეთ ის უსაფრთხოების საშუალებები, რომელიც ჩვენ მოსახლეობას კოვიდ -19 ის პირობებში არჩევნებში მონაწილეობის მიღებისას დაიცავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანამდე, 22 ივნისს პარლამენტში გაიმართა მოლაპარაკება - როგორ და რა პირობებში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრას  ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დეპუტატები და სამოქალაქო სექტორის წევრები ესწრებოდნენ.

პარლამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა, რა თქმა უნდა, საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს, ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც.

ამირან გამყრელიძემ საერთაშორისო გამოცდილების შესახებაც ისაუბრა და  განმარტა, რომ არჩევნები პანდემიის დროს ასევე ჩატარდა სერბეთსა და საფრანგეთში. 

იქამდე კი, თითქმის ერთი თვით ადრე, 5 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისია მონაწილეობდა ონლაინ სიმპოზიუმში - „არჩევნები პანდემიის დროს“, რომელიც ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ორგანიზებით ჩატარდა. 

ცესკოს ინფორმაციით, ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა პოლონეთზე, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მიმდინარე წლის 10 მაისს იგეგმებოდა; შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სამხრეთ კორეის შესახებ, სადაც 15 აპრილს, ეპიდემიის ფონზე, არჩევნები გაიმართა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 10 მაისს დაგეგმილი პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. ეს უნდა ყოფილიყო ევროპის ფარგლებში პანდემიის გამოცხადების დღიდან პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. მმართველ პარტიას ჰქონდა მცდელობა საფოსტო კენჭისყრით გაეგრძელებინა არჩევნების ჩატარება, მაგრამ მათ წინააღმდეგობა მიიღეს ოპოზიციური პარტიებისგან. მათი თქმით, ვერ მოხერხდებოდა საფოსტო კენჭისყრის სისტემის დროულად გამართვა და დანერგვა დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. 

ადგილობრივი არჩევნები 1 წლით გადაიდო დიდ ბრიტანეთშიც. ლიბერალ-დემოკრტების პარტია შეეწინააღმდეგა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ადგილობრივი არჩევნების გადადება სწორი მიდგომაა, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ერთი წლით გადადება, როცა საარჩევნო კომისიის რჩევა შემოდგომამდე გადავადებას მოიაზრებდა“.

საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არჩევნები პანდემიის პირობებში გლობალური გამოწვევაა, ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ.
„არჩევნები და პანდემია კიდევ ცალკე თემაა, რომელიც ჩვენ ასევე მოგვცემს წარმატებული გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, არჩევნები პანდემიის პირობებში არის ასევე გლობალური გამოწვევა, ესეც რაღაც ახალი მოვლენაა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ აქაც ისეთი, რასაც დავაგროვებთ, ცოდნის სისტემატიზაციასაც მოვახდენთ და შემდეგ უკვე დავტოვებთ იმისთვის, რომ ინსტიტუტები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 

2020 წლის 31 ოქტომბერს, უბნებზე მისულ ამომრჩევლებს, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს პირბადისა და დამცავი საშუალებების გარეშე არ დაუშვებენ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო ამ არჩევნებსაც ცხადია, მომზადებული შეხვდება. როგორც მან, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, პრიორიტეტი არის ამომრჩევლის უსაფრთხოება. 

„შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ნაკლებად საფრთხის შემცველია, მათ შორის პანდემიის პირობებში, ამომრჩევლისთვის უბანზე მისვლა, ვინაიდან, ამომრჩეველს არ უწევს 15 წუთზე მეტი კონტაქტის განხორციელება საარჩევნო უბანზე. ჩვენ ვითვლით ხოლმე და ვიცით, რომ ამომრჩეველს სჭირდება დაახლოებით, 5-10 წუთი რომ შევიდეს უბანზე, მოხდეს მისი იდენტიფიცირება და განახორციელოს ხმის მიცემა. შესაბამისად, 15 წუთზე და ნაკლები დროის კონტაქტი არ ითვლება რისკის მქონე კონტაქტად. თუმცა, როდესაც უბანზე რიგი იქნება, უნდა იყოს რეკომენდაცია, რომ დავიცვათ ფიზიკური, სოციალური დისტანცია, მაგრამ შიგნით, უბნებში სამწუხაროდ, სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელი იქნება“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბნები კორონავირუსის გავრცელებისთვის რისკს წარმოადგენს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ სხვადასხვა რეგიონში საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლები ყოვნდებიან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ქმნის. აღნიშნული პრობლემა სხვადასხვა მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის, ხშირ შემთხვევებში, საარჩევნო კომისიის წევრთა არასაკმარისი მომზადებითა და საარჩევნო პროცედურების არასათანადო ცოდნით, ასევე ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო წესებისა და პროცედურების არცოდნით. ასეთ ფაქტებს ხშირად აქვს ადგილი ისეთ საარჩევნო უბნებზე, სადაც არ არის შესაძლებელი 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანციის დაცვა, რადგანაც ინფრასტრუქტურა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. საერთო ჯამში, აღნიშნული პრობლემების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი რისკები არსებობს. ამ კონკრეტულ პრობლემებთან გამკლავების ეფექტური გზები ამჟამად მთავრობას არ წარმოუდგენია. შესაბამისად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ არის მომზადებული კორონავირუსის პირობებში არჩევნების გამართვისათვის", - განაცხადა ნინო ცაგარეიშვილმა.   

თამარ ჟვანიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, რომ დამცავი ბარიერების მოწყობას მხოლოდ საოლქო კომისიებში გეგმავენ, რადგან მისი თქმით, იქ უფრო მეტი დროის გატარება უწევს მოქალაქეს.  რაც შეეხება საკარანტინე ზონებში მოთავსებული მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესს, ამაზე ცესკოს თავმჯდომარის თქმით, გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. არც საზღვარგარეთ მოქალაქეთა ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული პოზიცია, რადგან თამარ ჟვანიას თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების შედეგად მიიღებენ ამაზე გადაწყვეტილებას, გაითვალისწინებენ თითოეული ქვეყნის სპეციფიკას პანდემიის პირობებში. საარჩევნო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

IDFI -ის განცხადებით, არჩევნების გადავადება შესაძლოა, ერთადერთი გამოსავალი ყოფილიყო იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნების თარიღი ყველაზე კრიზისულ პერიოდებს დაემთხვა და ხელისუფლებას მოულოდნელად მოუწია პანდემიის გამოწვევებთან გამკლავება. 

„როგორც სამხრეთ კორეის მაგალითიდან ვიხილეთ, სწორი დაგეგმვისა და შესაბამისი ინვესტიციების შედეგად, სრულიად შესაძლებელია პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება. რაც მთავარია, ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, რათა მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე მოხდეს შესაძლო დარღვევების გამოვლენა და აღმოფხვრა.

ოქტომბერში თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება, რომლის დაძლევა დაკავშირებულია ინოვაციური მეთოდების დანერგვასთან, დამატებით ხარჯებთან და ძალისხმევასთან. ანგარიშგასაწევია დროის ფაქტორიც. ხელისუფლებამ დროულად უნდა დაიწყოს კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება გახადოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად“, - ნათქვამია IDFI-ს 
განცხადებაში.

31 ოქტომბერს დაგეგმილი არჩევნებისთვის სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 42,760,652 ლარია გამოყოფილი, აქედან 19,531,295 ლარი შრომის ანაზღაურებისთვის გამოიყო. ცესკოს დადგენილებაში უცნობია, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა მოხმარდება კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და აღჭურვილობას. 

ახალი ამბები