კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედიის როლი ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების კონტექსტში

28 აგვისტო, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქართულ-ოსურ ურთიერთობებში აგრესიის მუხტმა იმატა. 5 დღიანი ომის დასრულების შემდეგ საინფორმაციო ომი გრძელდება. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ომიდან 12 წლის შემდეგაც აგრესიული ტონით საუბრობენ ქართულ-ოსურ კონფლიქტზე. მათ მომზადებულ რეპორტაჟებში პრაქტიკულად არ გვხდება ნეიტრალური და ობიექტური ტონი, ინფორმაციები გაჯერებულია აგრესიული განწყობით. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კრემლის კონტროლირებადი მედია საშუალებებისგან განსხვავებით, ომის შემდეგ დამოკიდებულები შეიცვალა საქართველოში. ერთადერთი, რაც უცვლელი დარჩა, ეს ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოსგან განცალკევებით აღიარების პოლიტიკაა, თუმცა მილიტარისტული პოლიტიკა, საომარი რიტორიკა, პრაქტიკულად აღარ გვხდება ქართულ მედიაში. რასაც ხელი შეუწყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა პრიზმა სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. დაჯილდოება 2013 წლიდან იმართება და ყოველწლიურად პრიზი გადაეცემა იმ ჟურნალისტებს, რომელთა ნამუშევრებიც, ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას გულისხმობს.

რადიო ,,თავისუფლების" ჟურნალისტმა, გოგა აფციაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში 2014 წელს მიიღო. აფციაური გვიამბობდა ისტორიას ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომლის ოჯახი ომმა ორ ნაწილად გაყო. ოჯახის ნაწილი, მშობლები და დედმამიშვილები ცხინვალში ცხოვრობს, ბებია, ბიძები და ბიძაშვილები კი გორთან ახლოს ერთ-ერთ დევნილთა დასახლებაში. დიდი ხანია, მათ შორის კონტაქტი ვერ მყარდება და ამ ორად გაყოფილი ოჯახისთვის ტრაგედია ისევ გრძელდება. გოგა ამბობს, რომ ამ ისტორიის გამოქვეყნებით ხაზი გაუსვა, რომ ომი, პირველ რიგში, მოქალაქეებს ურტყამს და სწორედ მოქალაქეები განიცდიან ამ ომის შედეგებს ყველაზე მეტად.

გოგა აფციაური საუბრობს, რა როლი აქვს ჟურნალისტიკას კონფლიქტის დარეგულირებაში.

,,მშვიდობის ჟურნალისტიკას იმ ქვეყნებისთვის, სადაც კონფლიქტური რეგიონებია, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჟურნალისტებს როგორც ამ კონფლიქტების ესკალაციის, ასევე მისი ტრანსფორმაციის საქმეში გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლიათ. მედიის ენამ შესაძლოა, წაახალისოს კონფლიქტი, ამიტომ თითოეულ სიტყვას და მომზადებული მასალის შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით შესასწავლი. მშვიდობის ჟურნალისტიკის მთავარი არსი მაინც ადამიანური ისტორიების მომზადება მგონია. იმ ადამიანების ისტორიების, ვინც საკუთარი თვალით ნახა ომის საშინელება და გაიღო მსხვერპლი. ასეთი ადამიანების ისტორიები გვაფიქრებს და გვიბიძგებს იქითკენ, რომ მეტად ვიფიქროთ მშვიდობაზე და ამის მისაღწევად არ დავიშუროთ ძალისხმევა. ქართულ მედიაში ცოტა მზადდება ასეთი პროდუქცია, აქცენტები უფრო სხვა მიმართულებით არის გადატანილი. მედია ხშირად ვერ უმკლავდება პოლიტიკურ დღის წესრიგს და მისი გავლენის ქვეშ ექცევა. ადამიანების, მოქალაქეების ხმა კი ამ პოლიტიკურ ხმაურში იკარგება. ქართულ-ოსურ ურთიერთობებში კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ ნდობამ, ბევრი რამ შეიძლება, შეცვალოს. ბოლოსდაბოლოს ასეთი ნდობის პირობებში ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა ჩნდება და ეს საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ერთბაშად მედია და ჟურნალისტიკა ვერ შეცვლის ვითარებას, მაგრამ ზუსტი ინფორმაციის მოპოვებით, არსებული სტერეოტიპების მსხვრევის შესაძლებლობა ჩნდება. ამიტომ კონფლიქტის მეორე მხარეს მცხოვრები საზოგადოებისგან ზუსტი ინფორმაციის მიღება და ასევე ამავე საზოგადოების სამართლიანად ინფორმირება მნიშვნელოვანი ამოცანაა", -ამბობს გოგა აფციაური.

ევროკავშირის პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში 2015 წელს ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა მიიღო. ნინოს რეგიონულ მედიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით ხშირად ამზადებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის კონტექსტში რეპორტაჟებს. იგი ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ქართულ მედიაში, უფრო ნაკლებად კეთდება აქცენტი ქართველებისა და ოსების მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, შერეულ ოჯახებზე, კონფლიქტით და საოკუპაციო ხაზით გახლეჩილ საზოგადოებაზე, რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტს მაინც ინარჩუნებენ.

,,დღეს, სამწუხაროდ, ქართული მედიის დიდი ნაწილისთვის უფრო მნიშვნელოვანია რეიტინგი, თუნდაც სკანდალით მოპოვებული, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უფრო ისტორიული საქმის კეთებაა მნიშვნელოვანი, მითუმეტეს ინტერნეტის ეპოქაში, კონტაქტების გამოყენებით შესაძლებელია საერთო ენის გამონახვა ცხინვალელებთან, თუნდაც საერთო პრობლემებსა და საჭიროებებზე. მესმის, რომ ამას ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა შეუშლის ხელს, მაგრამ დავიწყოთ, ვცადოთ, თუნდაც აპოლიტიკური თემებით. ომით გაწყვეტილი კავშირების აღდგენაში მედიამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს",- აღნიშნა ნინო ჩიბჩიურმა.  

,,უწყვეტი კავშირი" -  ამ სტატიით, მიიღო ჟურნალისტმა გვანცა დოლუაშვილმა  2016 წელს პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. გვანცა ამბობს, რომ მისი სტატიის გმირების მსგავსად დღემდე ახერხებენ უწყვეტი კავშირის შენარჩუნებას კონფლიქტის შედეგად სხვადასხვა მახარეს აღმოჩენილი ქართველები და ოსები.
„აგვისტოს ომის შედეგად, საკუთარ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან დაშორება ასობით ადამიანს მოუხდა. უკვე წლებია, ისინი მშობლიურ სოფელში ჩასვლას და ნათესავების ნახვას ვეღარ ახერხებენ. ასეთი რეალობა მარტივად გვაფიქრებინებს, რომ ომის შედეგად გახლეჩილი ოჯახები ერთმანეთს კარგავენ და ნათესავებთან, ახლობლებთან ურთიერთობას წყვეტენ, თუმცა ჩემი მასალა "უწყვეტი კავშირი" გვიჩვენებს, რომ კონფლიქტის შედეგად სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს ერთმანეთთან კავშირი არ გაუწყვეტიათ, ყოველდღიურად ასობით ადამიანი ურეკავს ერთმანეთს, მავთულხლართები ფიჭურ კავშირს ვერ ახშობს. ამის მაგალითია ამ სტატიის მთავარი რესპონდენტის 43 წლის ეველინა გობუზოვი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე  სოფელ სათიხარში მცხოვრები მისი ნათესავების ურთიერთობა. „უწყვეტი კავშირი“ სწორედ ამ სატელეფონო ზარებით შენახულ ურთიერთობაზე უყვება მკითხველს და მავთულხლართების დატვირთვას, დააშოროს ადამიანები ერთმანეთს, თითქოს აზრსაც უკარგავს", - ამბობს გვანცა დოლუაშვილი.

ახალი ამბები