21:13, Wednesday, 02.12.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კორონავირუსის პანდემია და ადამიანის უფლებები

24.09.2020

 
მანანა ვარდიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 1-ელი ივლისიდან 20 სექტემბრამდე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 213 ადამიანს გაუწია იურიდიული კონსულტაცია, აქედან 18 უფლებადარღვეული ადამიანის თაობაზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს მიმართა, 3 საქმეზე კი სარჩელი სასამართლოში შეიტანა. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ახალი კორონავირუსის (COVID – 19) პანდემიად გამოცხადების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა საქართველოშიც გამოცხადდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით ბევრი რეგულაცია და შეზღუდვა დაწესდა: მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მანქანებით მიმოსვლა, სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 31 მარტიდან კი დაწესდა კომენდანტის საათი და აიკრძალა საღამოს 9 სთ-დან დილის 6 სთ-მდე ქუჩაში გადაადგილება.   

დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების გამო საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი კი საერთოდ დაიხურა -  ასიათასობით ადამიანმა  სამსახური და შემოსავლის ერთადერთი წყარო  დაკარგა. დახმარების გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი და საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგაც ბევრი მოქალაქის უფლება დაირღვა. 

პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეისწავლა, გამოავლინა დარღვევების ძირითადი ტენდენციები და უფლებადარღვეულ ადამიანებს კვალიფიციური იურიდიული დახმარება გაუწია.  

ჯარიმები

ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის დროს, 31 მარტიდან 23 მაისამდე 7 974 ადამიანი დაჯარიმდა. მათთვის გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდენობა 23 922 000 ლარია. 

დააჯარიმეს ყველა, ვინც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში შემოღებულ წესებს არ დაემორჩილა და არ დაიცვა მაღაზიაში ან აფთიაქში 2-მეტრიანი სოციალური დისტანცია, ღია სივრცეში ან მანქანაში 3-ზე მეტ ადამიანთან იმყოფებოდა ანდა კომენდანტის საათი დაარღვია.  

დაჯარიმებულთა შორის მოხვდა ლ. ა. ის საპატრულო პოლიციამ 3000 ლარით 2020 წლის 18 აპრილს, დილით, იმ დროს დააჯარიმა, როცა საკუთარი მანქანით აფთიაქში წამლის საყიდლად მიდიოდა. 

ლ.ა-მ იურიდიული დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. 

„მან არ იცოდა, რომ 2020 წლის 17 აპრილის 12:00 საათიდან მანქანით გადაადგილება აკრძალული  იყო, რადგან წინა დღეს შეუძლოდ იყო და ტელევიზორი არ ჩაურთავს. შესაბამისად, ვერ მოუსმინა ვერცერთ საინფორმაციო გამოშვებას“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე, - „ლ. ა-ს მუდმივად მაღალი წნევა აქვს. ეს ქრონიკული დაავადება და მისი კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ მედიკამენტების უწყვეტი მიღებით. წინა დღეს წამალი გამოელია და როგორც კი უკეთ იგრძნო თავი, წამლების შესაძენად წავიდა. პატრულ-ინსპექტორმა მისი მდგომარეობა არ გაითვალისწინა და ჯარიმა გამოუწერა. ჩვენ მოვითხოვეთ საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საჩივარიც დავწერეთ. წარვადგინეთ  სამედიცინო დოკუმენტი - ფორმა NIV-100/ა, ცნობა ლ.ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ მას ქრონიკული დაავადება აქვს და წამლები სჭირდება“.

შსს-მ საჩივარი არ დააკმაყოფილა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ საქმეზე სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა. 

გადავადებული და გაძვირებული სესხები

სესხის გადავადება და მასზე საშეღავათო პერიოდის დაწესება ეკონომიკის სტიმულირების იმ გეგმის ნაწილია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომარეობით დაზარალებულ მოქალაქეებს მთავრობის რეკომენდაციით საბანკო სექტორმა შესთავაზა.

კომერციული ბანკების გადაწყვეტილებით, გადავადდა სამი გადახდა. თუმცა, ამასთან ერთად სამი თვით გაიზარდა სესხის ვადა და გაიზარდა ყოველთვიური გადასახდელი თანხაც, რადგან საშეღავთო პერიოდის განმავლობაში დარიცხული პროცენტი სესხის დარჩენილ ვადაზე გადანაწილდა. 
 
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროგრამაში ჩართულები აღმოჩნდნენ ის ადამიანებიც, ვისაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა არ უნდოდა, ბევრ ადამიანს კი ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეუსაბამოდ გაუძვირდა. 

„პროექტის ერთ-ერთ ბენეფიციარს, საშეღავათო პერიოდით სარგებლობის გამო სამი წლით გაუზარდეს სესხის ვადა, გაიზარდა სესხის პროცენტიც და სესხის ძირი თანხაც. ჩვენ უკვე მივმართეთ საჩივრით როგორც კომერციულ ბანკს, ისე ეროვნულ ბანკს და ველოდებით მათ გადაწყვეტილებას“, - ამბობს ეკა ლომიძე.  

კუთვნილი დახმარების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ყველა დასაქმებულს, ვინც სამსახური კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგა, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარება უნდა მიეღო. თუმცა, უამრავი ადამიანი კომპენსაციის გარეშე დარჩა. 

მათ შორის არის გორელი ჯ. რ. მან გორში, შპს „დეილის“ მაღაზიაში მუშაობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 

2020 წლის აპრილის დასაწყისში ის შეუძლოდ გახდა. „ჰქონდა სიცხე და მაღაზიის მენეჯერს სთხოვა, რომ ექიმთან უნდოდა წასვლა და სხვა თანამშრომლით შეეცვალა, რაზეც უარი მიიღო. მენეჯერი ჟურნალში არც იმას აფიქსირებდა, რომ მაღაზიის  თანამშრომელს სიცხე ჰქონდა. ასე გაგრძელდა თითქმის 12 დღე. 16 აპრილს ის გაათავისუფლეს სამსახურიდან. როგორც განუმარტეს, მასთან შრომითი ხელშეკრულება დადებული  იყო გამოსაცდელი ვადით და დამსაქმებელს ნებისმიერ დროს და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეეძლო ამ ხელშეკრულების შეეწყვეტა. ჯ. რ. მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების რეალური მიზეზი სინამდვილეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯ.რ. საგანგებო მდგომარეობის დროს გაათავისუფლეს, მას დღემდე არ უსარგებლია სახელმწიფოს მიერ გაცემული 200-ლარიანი დახმარებით. ჯ.რ-მ არაერთგზის მიმართა „დეილის“ მენეჯმენტს, რომ მისი მონაცემები ფინანსთა სამინისტროსთვის გადაეგზავნათ, თუმცა - უშედეგოდ“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი, ალექსი მერებაშვილი. 

ახლა საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრი ჩაერთო.  ცენტრმა უკვე მიმართა შპს „დეილის“ და ითხოვს, რომ კუთვნილი კომპენსაციის მისაღებად ჯაბა რომელაშვილის მონაცემები ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნოს.  

პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა უფასო იურიდიული კონსულტაცია უკვე 213 ადამიანს გაუწიეს. პროექტი ხორციელდება ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით. 

„გარდა იმისა, რომ ამ პროექტის მეშვეობით კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას გავუწევთ იმ მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაირღვა, მონიტორინგის შედეგებს და მთავარ მიგნებებს გავუზიარებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც.  ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ მომავალში მსგავს კრიზისს უფრო ნაკლები უფლებადარღვევებით გაუმკლავდნენ“, - აცხადებს პროექტის დირექტორი ნინო ტლაშაძე.  


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო დაკარგეთ თუ არა სამსახური?
დიახ არა

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC