კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტყის ფონდის მიწების დატაცება - კანონი და პრაქტიკა

13 ოქტომბერი, 2020
 
ნათია ფარეხელაშვილი

ტყის ფონდის კუთვნილი მიწის კერძო პირებზე დარეგისტრირების პრობლემა დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. ამორიცხული და სატყეო საკანონმდებლო ჩარჩოდან გასული ფართობები მყისიერად იჩეხება. პრობლემის მასშტაბები კიდევ უფრო გაიზარდა 2020 წლის 1 იანვრიდან, დაკანონების გამარტივებული წესის ამოქმედების შემდეგ, როცა თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შექმნილმა აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთების გაცემა მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. არის შემთხვევები, როცა ტყის ფონდში შემავალი მიწის ნაკვეთები განცხადების და რამდენიმე მოწმის დადასტურების საფუძველზე რეგისტრირდება.

ტყის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი აქტუალური 2020 წლის გაზაფხულზე გახდა, მას შემდეგ რაც საქართველოს პარლამენტმა, ახალი „ტყის კოდექსი“ მიიღო. კანონი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შედის, რომლის მიხედვით კერძო საკუთრებაში, გადაცემული ტყე სტატუსს ინარჩუნებს და მასზე უფლება–მოვალეობების მნიშვნელოვანი ნაწილი ვრცელდება,  რაც შეეხება ამორიცხვას, ამ შემთხვევაში, ტყე ფიზიკურადაც ქრება და იურიდიულადაც.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი(CENN), უკვე წლებია, აქტიურად მონაწილეობს ტყის მდგრადი მართვის გაძლიერებაში. ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის, რეზო გეთიაშვილის განცხადებით, ტყის ფონდში შემავალი მიწების გასხვისება, გრძელვადიან პერსპექტივაში, არაერთ პრობლემას მოიტანს. რეზო გეთიაშვილი პრობლემებს სამ ჯგუფად ყოფს: ტყეების არამდგრადი მართვა, სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა და სახელმწიფო ქონების მიტაცების ლეგალიზაცია.

რეზო გეთიაშვილი, CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი: „ეს არის სისტემური პრობლემა, რაც ქვეყნის მასშტაბით იწვევს ტყეების სწრაფ, მყისიერ განადგურებას და ეს ხდება კანონის ფარგლებში. საქმე ეხება არა მხოლოდ ცალკეული, ამორიცხული ტერიტორიების გაჩეხვას, არამედ ტყის კიდევ უფრო ვრცელი ფართობების შეუქცევად დაზიანებას. რიგ შემთხვევებში, კერძო პირების საკუთრებაში გადაცემული ფართობები ღრმადაა შეჭრილი ბუნებრივ ლანდშაფტში, რის გამოც სახეზეა ეკოსისტემების ფრაგმენტაცია. იკარგება მათი ეკოლოგიური ფასეულობა, საფრთხე ექმნება ბიომრავალფეროვნებას, იზრდება სტიქიების რისკი. სამწუხაროდ, ეს, ძირითადად ხდება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეებში, კურორტებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე სოფლების სიახლოვეს.



პრობლემების მეორე ჯგუფი ეხება  ჩვენს უფლებებს. კარგად ვიცით, რომ ტყე არის საჯარო ინტერესის საგანი. ტყეში შესვლის და დასვენების უფლება საყოველთაოა და იმ შემთხვევაშიც კი შენარჩუნებულია, როცა ტყე კერძო საკუთრებაში გადადის. ამორიცხვის დროს კი ჩვენი სამოქალაქო უფლებები უკვე სამუდამოდ ირღვევა. ეს განსაკუთრებით მწვავედ დგას ადგილობრივ დონეზე, სადაც ტყე არა მხოლოდ რეკრეაციულ ფუნქციას ასრულებს, არამედ თავისი წვლილი შეაქვს საოჯახო და ფერმერული მეურნეობის, მცირე ბიზნესის და ზოგადად, სოფლისა და რეგიონის განვითარებაში. იკარგება ადგილობრივი ლანდშაფტის ღირებულება, მცირდება ცხოვრების ხარისხი, ეცემა უძრავი ქონების ფასი და ხშირად საფრთხე ექმნება განვითარების პერსპექტივას. შესაბამისად, დარღვეულია არა მხოლოდ სამოქალაქო უფლებები, ზიანდება კერძო ინტერესებიც და მოსახლეობას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი ადგება.

მესამე, ყველაზე მძიმე პრობლემა, ეს არის სახელმწიფო ქონების მიტაცების ნიშნები. საქმე გვაქვს უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემასთან, რომლის ფასიც, რიგ შემთხვევებში, ასეულობით ათასი ლარია. მასშტაბებზე წარმოდგენის შესაქმნელად – ცალკეულ სოფლებში და საკურორტო ტერიტორიებზე ბოლო წლებში უკვე ათეულობით მსგავსი შემთხვევა ფიქსირდება. მსგავსი მასშტაბი კი ყოველთვის დიდი რისკია კარგი მმართველობის სისტემური რღვევის და კორუფციის თვალსაზრისით. 

მაგალითად, ამორიცხული და კერძო პირზეა გაცემული ბაკურიანის ცენტრში, სათხილამურო ტრასასთან არსებული უნიკალური ტყის მასივი. აღნიშნული მიწის, როგორც უძრავი ქონების, საბაზრო ღირებულება ნახევარ მილიონს აჭარბებს. ალბათ, ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ ქონების დაუფლება სრულიად უფასოდაა შესაძლებელია. და თუ ეს მართლა შესაძლებელია, მაშინ რამხელა მოტივაციაა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ „წარმატებული გამოცდილება“ გაიმეოროს და ასევე რამხელა ცდუნებას აჩენს საჯარო მოხელეებისთვის, რომ გარიგებაში შევიდნენ. მით უმეტეს, თუ საკუთრების უფლება საზოგადოებისთვის დახურული (დაშიფრული) საკომლო ჩანაწერებით დგინდება და რაც ზუსტად ვიცით, ამ დოკუმენტით ადგილის იდენტიფიცირება, ანუ დაზუსტებული უფლების მტკიცება, შეუძლებელია. 



მოკვლევის ფარგლებში, ჩვენ გადავამოწმეთ, რამდენად შესაძლებელი იყო ამ ტყეებზე საკუთრების უფლების არსებობა თუნდაც საბჭოთა პერიოდში. როგორც საბჭოთა პერიოდის რუკებიდან ირკვევა, ეს არის სატყეო სამეურნეო ტერიტორია, ზედმიწევნით აღწერილი და დარუკებული, რაც გამორიცხავს მის ფლობას და მართვას კერძო საკუთრების სახით. 

დაკვნის სახით – ეს არის სახელმწიფო ქონების ქაოტური და უპასუხისმგებლო კარგვა, რომელიც საკანონმდებლო „თეთრი ლაქებითაა“ გამოწვეული. ამასთან, უხეშად ირღვევა სატყეო კანონმდებლობა, პრინციპები და პროცედურები. ტერიტორიების ამორიცხვა და განკერძოება მიმდინარეობს მართვის უწყების და პასუხისმგებელი პირების გვერდის ავლით. პროცესში არ არის ჩართული ეროვნული სატყეო სააგენტო და თუნდაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გადაწყვეტილებას კი იღებენ უწყებები, რომელთაც ტყეების მართვაზე არანაირი კომპეტენცია არ გააჩნიათ და სატყეო ტერიტორიებზე მათი მანდატი არ ვრცელდება. მაგალითად, მერია დასკვნას გასცემს იმ მიწების ფლობასა და განკარგვაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრო ბალანსზეა“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ალექსი მერებაშვილმა, მუნიციპალიტეტების მერიებში შექმნილი აღიარების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ტყის ფონდის მიწების, კერძო საკუთრებაში გადაცემის რამდენიმე ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა. იურისტი ტყის ფონდის მიწების დარეგისტრიერების გაუქმებას და სახელმწიფოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის გადახედვას ითხოვს.
 
ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთების დატაცების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ე.წ. გამარტივებული წესის შემოღების შემდეგ, როცა ადამიანებს მიეცათ საშუალება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობით ან/და იდენტურობის დამდგენი ოქმით დაირეგისტრირონ მათთვის სასურველ ადგილას სასურველი მიწის ნაკვეთი. ამას ხელი შეუწყო ასევე დამკვიდრებულმა კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკამაც, როდესაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, არ ასაბუთებს საკუთარ გადაწყვეტილებას ტყის ფონდიდან მიწის ამორიცხვისას. ტყის კოდექსით კი ამ დასაბუთების ვალდებულება არსებობს. ტყის ფონდის მიწების დატაცებას ხელს უწყობს ასევე შესაბამის სარეგისტრაციო პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოს ჩაურთველობა. მიგვაჩნია, რომ სასამართლოში წარდგენილი ჩვენი საქმეები დაკმაყოფილდება, თუმცა ყველა შემთხვევაზე შეუძლებელია დავის წარმოება, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები რათა თავიდან იქნას აცილებული ტყის ფართობების შემცირება, დატაცება და განადგურება“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი დეტალურად გვესაუბრება პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე: „პრობლემა დაწყებულია 90-იანი წლებიდან. დღევანდელი მდგომარეობა კი ამ მძიმე მემკვიდრეობის შედეგია. გაუგებრობა შექმნა 2011 წელს საჯარო რეესტრის მიერ  სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების  ოფისებიდან დარეგისტრირებამ. იმის გამო, რომ ტერიტორიებს ადილზე არ ნახულობდნენ, გარკვეული ცდომილებები გამოიწვია. მუშაობის აღნიშნული სპეციფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ათიათასობით კერძო მესაკუთრის ფართობი მოექცა და დარეგისტრირდა როგორც ტყის ფონდის ტერიტორია, ხოლო ტყის გარკვეული ტერიტორიები დარეგისტრირდა კერძო საკუთრებად. ამ პროცესში ნეგატიური როლი შეასრულეს თვითმმართველობებში შექმნილმა აღიარების კომისიებმა, ვინაიდან ტყის ფართობების დარეგისტრირება კერძო ნაკვეთებად, კანონმდებლობის სრული დაცვით ხდებოდა, მათ შორის იყო ისეთი ტერიტორიებიც, რომლებიც წარმოადგენდა ე.წ.  ყოფილ საკოლმეურნეო ტყის ფართობებს და იმართებოდა მუნიციპალიტეტების მიერ. 90-იანი წლების შემდეგ აღნიშნული ტერიტორიების  სტატუსი გაურკვეველი გახდა. ბევრმა ადამიანმა ამით ცუდად ისარგებლა, რამაც განაპირობა ტყის ტერიტორიების კერძო საკუთრებად დარეგისტირება. ტყის ფონდის კუთვნილი მიწის კერძო პირებზე  დარეგისტრირების პრობლემა დღესაც მწვავეა. ბოლო წლების მანძილზე ჩვენ ათეულობით ფაქტი გავიგეთ, როდესაც სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები გადავიდა კერძო პირის მფლობელობაში“.



რა არის არსებული სიტუაციიდან გამოსავალი და რა ხედვა აქვს სამინისტროს. ამ კითხვაზე კარლო ამირგულაშვილი გვპასუხობს: „გასული წლიდან გვაქვს  ინტენსიური კომუნიკაცია, კონსულტაციები და თანამშრომლობა საჯარო რეესტრთან. ასევე ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან და მართვის ორგანოებთან. ვიკვლევთ ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებს, რათა მიეცეს ამას (თუკი ამის საჭიროება გამოიკვეთება) შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა. ჩვენ მივიღეთ ახალი ტყის კოდექსი, რომელიც ძალაში მომავალი წლის 1 იანვრიდან შევა. იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ტყის ფონდის მიწების კერძო საკუთრებაში არასწორად დარეგისტრირებას, რაც იმდროინდელი კანონმდებლობით იყო გამოწვეული. ბევრ განკერძოებულ ფართობთან დაკავშირებით დღემდე არსებობს შეკითხვები, რამდენად სწორად ხდებოდა აღიარების კომისიებში დოკუმენტაციის წარდგენა და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება. მით უფრო, რომ ხშირად ტყის მართვის კომპეტენტური ორგანოები არ იყვნენ ჩართული პროცესებში. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობა, რაც სამწუხაროდ ასეთ ფაქტებს კანონის ნორმების ფარგლებში აქცევს და ცხადყოფს, რომ კანონმდებლობის ზოგიერთი ნორმა ეწინააღმდეგება ერთმანეთს. სამინისტრო სწავლობს ფაქტებს და თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც მომზადდეს“.


კითხვაზე - უნდა შესთავაზოს თუ არა სახელმწიფომ ტყის ფონდის კუთვნილი მიწების სანაცვლოდ სხვა მიწის ფართობები კერძო მესაკუთრეებს, კარლო ამირგულაშვილი აცხადებს, რომ კერძო მესაკუთრეების სურვილის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია იმ შემთხვევებში, თუკი კერძო საკუთრებად დარეგისტრირებულ ტერიტორიაზე ტყეა ამოსული: „ასეთი ფართობები ჩვენ გვაქვს უკვე ძალიან ბევრი, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, აჭარაში, გურიაში. ჩვენ, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან და საჯარო რეესტრთან ერთად  ვხედავთ, რომ ათიათასობით კერძო მესაკუთრე, ვინც შეცდომით მოხვდა ტყის ტერიტორიაზე, ქონებას ვერ გაყიდიან, რადგან ეს მიწები სარგებლობს ტყის სტატუსით. სამწუხაროდ, გვაქვს ტერიტორიების მიტაცების ფაქტები, რომლებსაც ჩვენ საჯარო რეესტრთან ერთად ვსწავლობთ, რათა ამას მივცეთ ერთი მხრივ, სამართლებრივი მსვლელობა და მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ უნდა შევიდეს კანონმდებლობაში ცვლილებები, რათა მიტაცების ფაქტები აღარ განმეორდეს. ამ ეტაპზე მიდის ტყის ინვენტარიზაციის პროცესი, ეს არის ყველაზე უტყუარი და კარგი საშუალება, რათა ჩვენ ზუსტად ვნახოთ ფართობების მდგომარეობა და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდეს გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრა. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რადგან ტყის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეუძლებელია შედეგის ერთ დღეში მიღება.  შეჯამების სახით რომ ვთქვათ,ჩვენ ვმუშაობთ საჯარო რეესტრთან უკვე არსებულ ფაქტებზე, რომლებზეც სამინისტროს აქვს გარკვეული შეკითხვები, მათი კანონიერების თაობაზე.  შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვგონია, რომ იყო მიტაცება, მაგრამ, სინამდვილეში, ადგილი ჰქონდეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას კონკრეტული კერძო მესაკუთრისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება ისეთი ფაქტებიც, როცა საქმე გვექნება გარკვეულ კანონდარღვევასთან“.

ტყის ფონდის მიწების გასხვისების პრობლემასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწფო უწყებებს დროულ და კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიშობენ, რომ საკითხის მიმართ არასათანადო დამოკიდებულება ქვეყნისთვის ეკოლოგიური ზიანის მომტანი იქნება და საქართველო დაკარგავს სატყეო რესურსებისა და სატყეო მიწების ღირებულ და მნიშვნელოვან ნაწილს, რაც ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.


ახალი ამბები