კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალუბანში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი და წინასაარჩევნო ურთიერთბრალდებები

26 ოქტომბერი, 2020
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

აქამდე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შესვლისა და წინასაარჩევნო შეხვედრების ჩატარების პრობლემაზე თუკი საუბრობდნენ, ახლა უკვე შეხვედრების ჩაშლის პრობლემის წინაშე დადგნენ - 16 ოქტომბერს გორისა და კასპის საარჩევნო ოლქში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან თარხნიშვილს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში რამდენიმე ადგილობრივმა შეხვედრა ჩაუშალა. 

თარხნიშვილის განცხადებით, პროვოკატორები მართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. „წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ექვსამდე პირმა შეგვიშალა ხელი და პროვოკაციამოგვიწყეს.ეს მართველი პარტიის მხრიდან ოპოზიციური პარტიებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლისპირველი შემთხვევა არ არის, რადგან  ერთი კვირის წინ ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელი შეუშალეს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატსაც​. აღნიშნული ქმედებები არის მიზანმიმართული პროვოკაცია. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და შეწყდეს ოპოზიციაზე თავდასხმის ფაქტები“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა.

სოფელ ახალუბანში დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ეთერ ჯალაღანია, მობილური ტელეფონით ცდილობდა, მათი პარტიის კანდიდატის, ლევან თარხნიშვილის საარჩევნო პლაკატზე „ქართული ოცნების" კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატის გადაკვრის ფაქტი გადაეღო. 

მართველი პარტიის მხარდამჭერებმა, რომლებიც ჯალაღანიას თქმით, ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, ჩათვალეს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებს აზიანებდნენ და დაპირისპირებაც ამან გამოიწვია, თავდაპირველად - სიტყვიერი, რომელიც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ეთერ ჯალაღანიას სათვალე გაუტეხეს, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებათ „ევროპული საქართველოს“ სხვა წარმომადგენლებსაც.

„​კარდაკარზე დავდიოდით და კედელზე ჩვენი კანდიდატის პლაკატზე გადაკრული ხოჯევანიშვილის პლაკატი შევამჩნიე. კუთხე ავწიე, რომ დამეფიქსირებინა ეს ფაქტი და სიტუაცია ამის შემდეგ დაიძაბა. მომვარდნენ, ყელში წამიჭირეს, სათვალე დამიმტვრიეს“, - აღნიშნა ეთერ ჯალაღანიამ.

ოპოზიციის ბრალდებებზე საპასუხო ბრიფინგი მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში რამდენიმე საათში ჩაინიშნა. განცხადება „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი ხოჯევანიშვილს უნდა გაეკეთებინა, მაგრამ გეგმა შეცვალეს და კანდიდატის ნაცვლად მართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიხეილ გოგინაშვილმა ისაუბრა. 

მიხეილ გოგინაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა პროვოკაცია თავად მოაწყვეს. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. თუმცა, გოგინაშვილმა, ვერც ის პირი დაასახელა, ვისაც იარაღი ჰქონდა და ვერც ის, დააკონკრეტა, თუ ვის ემუქრებოდა.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში გვყავს დესტრუქციული, მოძალადე და კრიმინალური ოპოზიცია. ინციდენტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის ცენტრში მოხდა, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ იყო პროვოცირებული. ამ მოძალადე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს და საკუთარი პლაკატების გაკვრა სცადეს, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა და ამის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა ადგილობრივებს. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს და შესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, დროულად მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, მიხეილ გოგინაშვილმა.

გოგინაშვილის ამ განცხადებას კიდევ ერთი საპასუხო კომენტარი მოჰყვა „ევროპულ საქართველოში“. ეთერ ჯალაღანიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განცხადება არა მხოლოდ სიცრუეზე იყო დაფუძნებული, არამედ ძალადობის წახალისებასაც ისახავდა მიზნად.

„ეს იყო სრული აბსურდი. ერთადერთი იარაღი, რაც მე იქ ვნახე, ეს იყო ქვები, რომელიც ხელში ეკავა მათ მხარდამჭერებს“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. დაპირისპირების შესახებ უკვე გამოკითხეს  „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ოპოზიციურ პარტიაში სამართლიანი გამოძიებას იმედი აქვთ და მოითხოვენ, რომ მათზე თავდასხმები შეწყდეს.

სტატია დაიწერა პროექტის - „2020 წლის საპარლამენტო მონიტორინგი საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

ახალი ამბები