კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის არჩევნებზე დაკვირვების პირველადი შეფასებები

31 ოქტომბერი, 2020
 
პრესრელიზი - 31.10.2020 - 20:00 საათი

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის ბოლო საათებში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მხრიდან შეხვდათ წინააღმდეგობები საჩივრების დარეგისტრირების პროცესში. იყო დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გაძევების მცდელობაც. 
  
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საქართველოს პარლამენტის არჩევნებს საქართველოს შვიდ რეგიონში აკვირდებიან:  1. კახეთში - საგარეჯოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 2. ქვემო ქართლში - გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში; 3. სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 4. შიდა ქართლში, გორის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში; 5-7) იმერეთის, აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 

საარჩევნო უბნებზე არჩევნებს ასევე აკვირდებიან და აშუქებენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-ს ჟურნალისტები. დამკვირვებელთა და ჟურნალისტთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად ქვეყნდება ორგანიზაციის ფეისბუკ-გვერდსა და ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ასევე - მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ვითარება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. 

დარღვევების თაობაზე მომზადებულ საჩივრებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარუდგენს საოლქო და ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს, საჭიროების შემთხვევაში კი - სასამართლოს. დამკვირვებლები ბოლომდე მიჰყვებიან ყველა პროცესს საბოლოო შედეგის მიღებამდე. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი მიანიშნებს, რომ უმეტესწილად ეს დარღვევები გამოწვეულია საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ბოლო წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის. კომისიის წევრთა თუ თავმჯდომარეთა შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს დამრღვევთა გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები. 

დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მრავალჯერ ნახსენები პრობლემაა, ასევე, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში გახსნილი საარჩევნო უბნების თავმჯდომარეებმა არ იციან სახელმწიფო ენა - ქართული, რის გამოც ვერ ახერხებენ გამართულ კომუნიკაციას დამკვირვებლებთან და ამომრჩევლებთან.

წინა სხვა არჩევნების მსგავსად, შემაშფოთებელ ტენდენციად რჩება ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდა შესწორება და საარჩევნო უბნის მიმდებარედ 25 მეტრის რადიუსში აიკრძალა პარტიათა კოორდინატორების ყოფნა, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ, როგორც ამ 25-მეტრიან რადიუსში, ისე მის გარეთ, საარჩევნო უბნის სიახლოვეს, საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი და 45-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 

საჩივრების ნაწილის შინაარსი:
  • ბოლნისი. #14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია უბანზე არეულობა და დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა „ძალა ერთობაშიას“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამომრჩეველს ამავე რეგისტრატორმა  იქამდეც არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულთა დაკავშირებით  დაიწერა საჩივარი.
  • წყალტუბო. #22.58.02 საარჩევნო უბანზე  ყუთის ზედამხედველმა ერთ ამომრჩეველზე გასცა 2 კონვერტი და ამომრჩეველმა ცალ-ცალკე ჩადო მაჟორიტარული და პროპორციული სიის ბიულეტინები. ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოითხოვა დამრღვევის დისციპლინური პასუხისმგებლობა. 
  • ქუთაისი. #23.59.10. საარჩევნო უბანზე  ნაკადის მომწესრიგებელი არ არეგულირებს ამომრჩეველთა ნაკადს, რაც იწვევს ქაოსს. შენიშვნისა და გაფრთხილების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი როგორც უბანზე, ისე საოლქო კომისიაში. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავდაპირველად საჩივარს არ არეგისტრირებდა. გაფრთხილების შემდეგ, რომ შესაძლოა, დამდგარიყო მისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, თავმჯდომარემ დამკვირვებელს მისცა უბანზე საჩივრის დარეგისტრირების საშუალება.
  • გარდაბანი. ქესალოს #64-ე საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ხელში ეკავა მობილური, მაგრამ იმ მომენტისთვის არ აწარმოებდა ფოტო ან ვიდეო გადაღებას. თავმჯდომარემ მას აუკრძალა ფოტოგადაღება და დაემუქრა, რომ დაატოვებინებდა უბანს. დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის თაობაზე. 
  • ბათუმი. 28.79.19 საარჩევნო უბანზე უბანზე მყოფი ორი პარტიული დამკვირვებელი ინიშნავდა მოსული ამომრჩევლების სახელებსა და გვარებს, რაზეც თავმჯდომარეს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა სთხოვა, მოეხდინა რეაგირება, რადგან ეს ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ნიშნებს. თავმჯდომარემ რეაგირება არ მოახდინა და განაცხადა, რომ პირიქით, ეს ქმედება უბანს შესაძლო ე. წ. კარუსელისგან დაიცავდა.  დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი. 
  • ბოლნისი. 14.23.51 საარჩევნო უბანზე დილიდან იყო ქაოსური სიტუაცია. ეზოში მობილიზებული იყო ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც გააკეთეს ე.წ. კორიდორი. ნაწილი შემოდიოდა საარჩევნო უბანზე, თითქოსდა კონკრეტული ამომრჩევლის დასახმარებლად და ქმნიდა არეულობას. თავმჯდომარე სათანადოდ არ რეაგირებდა ამ დარღვევებზე, არ უზრუნველყოფდა უბანზე მშვიდ გარემოს და არ ახდენდა საარჩევნო უბნის ეზოში  ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლის პრევენციას. 
  • მარნეული. 13.22.72 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობისას, 12:00 საათზე სადემონსტრაციო ოქმში თავმჯდომარემ მიუთითა, რომ ამ დროისთვის მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის 270, მაგრამ რეალურად, რეგისტრატორებს ხელმოწერები რაოდენობა არ გადაუთვლიათ. თავმჯდომარის განცხადებით, მან სავარაუდო ციფრი მიუთითა. დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ გადაითვალეს ხელმოწერები და დაფიქსირდა, რომ 257 ამომრჩეველი იყო მისული უბანზე.
  • გორი. 15.32.38.  საარჩევნო უბანზე სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხშირად ცდილობდნენ ამომრჩეველთან კონტაქტს, ხმამაღლა საუბრობდნენ და არკვევდნენ ამომრჩევლის ვინაობას. დამკვირვებელმა თავმჯდომარეს მიუთითა, რომ გაეკონტროლებინა სიტუაცია. დაიწერა საჩივარი დამრღვევ პირთა ტერიტორიიდან გაშვების მოთხოვნით. 
არჩევნები იარაღის გარეშე!

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი მხარდამჭერებთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში, საარჩევნო უბანთან ახლოს არის გადაღებული. დიმიტრი შაშკინი ადასტურებს, რომ სოფელ ტალავერში დღეს იარაღით ნამდვილად გადაადგილდებოდა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს, რომ ეს საარჩევნო უბანზე ხდებოდა. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმაც. მისი განცხადებით, ისიც იარაღით გადაადგილდება და დიმიტრი შაშკინსაც, რომელიც დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში იარაღით გადაადგილდებოდა, ასევე აქვს იარაღის ტარების უფლება აქვს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით,  მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია, პირს ჰქონდეს, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, იარაღის ტარების უფლება, მსგავსი ფაქტები სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს მშვიდობიან საარჩევნო გარემოს და გააჩენს ეჭვებს, რომ პოლიტიკური სუბიექტების ინტერესია, ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე მოახდინონ ზეგავლენა, რაც უფრო მეტად მსუსხავი ეფექტის მქონე შეიძლება იყოს უშუალოდ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნისა და საარჩევნო უბნის  ტერიტორიაზე გადაადგილებისას. მართალია, ეს პრაქტიკა (თუ პირი იარაღით უშუალოდ  საარჩევნო უბანზე არ იმყოფება), კანონდარღვევას  არ წარმოადგენს, მაგრამ დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს, უჩენს კონტროლის განცდას და უზღუდავს დამოუკიდებელ და თავისუფალ არჩევანს.

ამასთან, სწორედ ამომრჩევლის ნებაზე კონტროლის პრევენციისათვის, მოქმედი რეგულაციით, პოლიციის და, ზოგადად, შეიარაღებული პირების ყოფნა, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დაშვებული  კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა კენჭისყრის შენობაში. ასევე, პოლიციის მუშაკები შეიძლება, იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს სრულიად აუცილებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით. სხვა ყველა შემთხვევაში, საარჩევნო უბანზეც და უბანთან ახლოს შეიარაღებულ პირთა ყოფნა აკრძალულია და აკრძალვის მიზანს სწორედ იმ მსუსხავი ეფექტის თავიდან აცილება წარმოადგენს, რომელსაც ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ახალი კორონავირუსის - „კოვიდ 19“-ის გავრცელების საფრთხე საარჩევნო უბნებზე

ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პირობებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი გამოწვევა არის კენჭისყრის უსაფრთხო გარემოში ჩატარება. ცესკოს განცხადების მიუხედავად, რომ ამომრჩეველთა უსაფრთხოება დაცული იქნებოდა, მონიტორებისგან და სოციალური ქსელიდან მიღებული ინფორმაციით, ჩანს, რომ დიდი პრობლემაა საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა, რის გამოც შეუძლებელი ხდება რეკომენდებული დისტანციის დაცვა. რეგიონებში ბევრი უბანი მცირე ზომისაა და ამომრჩევლების შესვლამდეც კი, მხოლოდ კომისიის წევრები და სტატიკური დამკვირვებლები მთლიანად ავსებენ უბანს ისე, რომ იზრდება ვირუსის გავრცელების რისკი. დიდი პრობლემაა, საარჩევნო უბნებზე პირბადის გარეშე გადაადგილება. არის შემთხვევები, როდესაც დამკვირვებლების, კომისიის წევრების და თავჯმდომარის მოთხოვნებს ამომრჩევლები არ ემორჩილებიან და არ იკეთებენ პირბადეს, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს სამედიცინო ცნობა სასუნთქი გზების პრობლემების შესახებ. ასეთი სახის დაბალ სამოქალაქო კულტურას ავლენენ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც და უბანზე მყოფი დამკვირვებლებიც.

სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევა საარჩევნო უბანზე  

ადამიანის უფლებათა ცენტრის საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებლის მიერ, პანკისის რეგიონის სოფელ დუისში, მე-18 ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე, იდენტიფიცირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების (№38/2020) დარღვევის უხეში ფაქტი. 

კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ვიდეოჩანაწერში ჩანს, კომისიის ერთ-ერთი წევრი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესების დარღვევით ატარებდა პირბადეს და ამასთან, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს საარჩევნო ბიულეტენებს თითის ნერწყვით დასველების შემდეგ გადასცემდა. 

ცესკო დადგენილების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით; ასევე, კენჭისყრის შენობაში არ უნდა იყოს დაშვებული კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, ორივე მოთხოვნა დარღვეულია, რაც ქმნის მომეტებულ საფრთხეს ამომრჩეველთა ინფიცირებისათვის, განსაკუთრებით - კორონავირუსით ინფიცირებულთა მზარდი სტატისტიკის გათვალისწინებით.

კენჭისყრის შენობაში მყოფი პირები ვალდებული არიან, დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვრული პირბადის ტარებისა და სხვა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების შესახებ წესები. 

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი უბნიდან უკანონოდ გააძევა 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის 22-ე საარჩევნო ოლქის 72-ე საარჩევნო უბნიდან (სოფელი ალგეთი) ორგანიზაციის დამკვირვებლის, გვანცა მიხაილიდის გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. 

დამკვირვებლის განმარტებით, მარნეულის 72-ე საარჩევნო უბანზე, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ორი პოლიციელი, სავარაუდოდ - სამსახურებრივი იარაღებით, რომლებსაც ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ ამავე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან. 

მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის მუშაკთა ყოფნა საარჩევნო უბანზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთის ან დაცვის მიზნით. ასეთი საჭიროება კი მარნეულის მუნიციპალიტეტის 22-ე საარჩევნო ოლქის 72-ე საარჩევნო უბანზე არ ყოფილა. პოლიციელთა უბანზე ყოფნის ფაქტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ინფორმაცია მიაწოდა კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც, პოლიციელებს ტერიტორიის დატოვებისაკენ მოუწოდა, მაგრამ მათ საარჩევნო უბანი არ დაუტოვებიათ. ცენტრის დამკვირვებელმა ხელმეორედ მიმართა კომისიის თავმჯდომარეს, რის შემდეგაც კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის სხვა წევრებმა ცენტრის დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და მოუწოდეს უბნის სასრწაფოდ დატოვებისკენ. მათ შეადგინეს ოქმიც და დამკვირვებელს, უკანონოდ, იძულებით დაატოვებინეს საარჩევნო უბნის ტერიტორია.

ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ცესკოს წარმომადგენელი, რომელმაც ცენტრის დამკვირვებელს განუცხადა, რომ რადგან ოქმი უკვე შედგენილი იყო, ვერაფერს გააკეთებდა. თუმცა, იგი ოქმის შედგენამდეც ფლობდა ინფორმაციას ინციდენტის შესახებ და ცენტრის დამკვირვებლის განცხადებით, არანაირი ზომა არ მიუღია.

ცოტა ხნის შემდეგ,  საარჩევნო კომისიის წევრთა ნებართვით, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე და გააგრძელა კენჭისყრის პროცესის დაკვირვება.  

ინციდენტის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა შესაბამისი საჩივრები და მოითხოვა საარჩევნო კომისიის დამრღვევ წევრთა პასუხისგება.

კომისიის წევრებმა და თავმჯდომარემ სავარაუდოდ ალკოჰოლური სასმელი დალიეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 09.11.50 საარჩევნო უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დააფიქსირა ალკოჰოლური სასმელის მოხმარების სავარაუდო ფაქტი კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების მხრიდან, რაზეც შეიტანა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და დაწერა საჩივარი, რომელსაც არ ურეგისტრირებდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 

კომისიის თავმჯდომარე იყო აგრესიული და ცდილობდა დამკვირებელზე ზეწოლას. მან ასევე სცადა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა ჯგუფის კოორდინატორზე, დიმიტრი ნოზაძეზე ფიზიკური ძალის გამოყენება, მიმართა მას უხეშად და შეურაცხმყოფელი სიტყვებით. 

საარჩევნო უბანზე ალკოჰოლური სასმელის სავარაუდო მოხმარების ფაქტის შესახებ ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მაგრამ საარჩევნო უბანზე ამ დრომდე არავინ მისულა კომისიის წევრთა ალკოჰოლური თრობის შესამოწმებლად. 

შემთხვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას წარედგინა 2 საჩივარი, საარჩევნო უბანზე სმის პროცესსა და თავმჯდომარის მიერ დამკვირვებელსა და კოორდინატორზე ზეწოლისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. საჩივრებით მოთხოვნილია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და თავმჯდომარის პასუხისგება.

HRC ერთ-ერთი საარჩევნო ყუთის მონაცემების გაუქმებას ითხოვს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში, 14.23.37 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში დარეგისტრირებული იყო პიროვნება, რომელთანაც არ მისულა გადასატანი საარჩევნო ყუთი.  ოჯახის წევრებმა ეს პიროვნება მოგვიანებით უბანზე მიიყვანეს ხმის მისაცემად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მის ნაცვლად უკვე ჰქონდა სხვას მოწერილი ხელი. როგორც გაირკვა, რეალური ამომრჩევლის ნაცვლად, ამავე სოფელში მცხოვრებ სხვა პირთან მიუტანიათ გადასატანიო საარჩევნო ყუთი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა საოლქო კომისიაში და მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემების გაუქმება აღნიშნულ უბანზე. 

ზეწოლა humanrights.ge-ს ჟურნალისტზე

ბოლნისი. სოფელ სავანეთში, 51-ე საარჩევნო უბნის გარეთ ორმა უცნობმა პირმა შეავიწროვა ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგამოცემის - humanrights.ge-ს ჟურნალისტი იდრის რუსთამოვი, რომელიც ცესკოს მიერ აკრედიტებულია არჩევნების პროცესის გასაშუქებლად. მათ ჟურნალისტისთვის კამერის ჩამორთმევა სცადეს. უარის და განმარტების შემდეგ, რომ აკრედიდეტებულ ჟურნალისტს ავიწროებდნენ, უცნობმა პირებმა დატოვეს უბნის მიმდებარე ტერიტორია.

ახალგაზრდა კონტროლიორები

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაზარლოს N40 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: კენჭისყრის შენობაში, შესასვლელთან ახლოს, მაგიდასთან ისხდნენ პირები სიებით. ერთ-ერთს ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი და წარმოადგენდა ორგანიზაციას „ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“. ისინი აჩერებდნენ კენჭისყრის შენობაში შემოსულ ამომრჩევლებს და იწერდნენ მათ სახელს და გვარს. მსგავსი მოქმედებები შეიცავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედების ნიშნებს. საარჩევნო კოდექსში 2020 წლის ივლისში შესული ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის შენობაში და შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე 25 მეტრ რადიუსში იკრძალება ამომრჩევლის შეფერხება (საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტი). ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორის მოთხოვნით, N40 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირებს მიუთითა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რის შემდეგაც პრობლემა აღმოიფხვრა. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა ადეკვატური რეაგირება ამ ფაქტზე.

სხვადასხვა დარღვევები და შენიშვნები: 

ბათუმი.  #28.79.91 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს მარკირება გაუკეთა იქამდე, ვიდრე სიაში მოძებნიდა. ამის შემდეგ გაირკვა, რომ ამომრჩეველი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში არ აღმოჩნდა. 

პანკისის ხეობა. #24 უბანზე ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.  ერთ-ერთმა ასაკოვანმა ამომრჩეველმა ითხოვა დახმარება,  თუმცა კომისიის წევრებმა დასახმარებლად კაბინაში მასთან ერთად სხვა ამომრჩეველს შესვლის უფლება არ მისცეს  და მამაკაცმა გამადიდებელი ლინზის დახმარებით მისცა ხმა.  ამ ფაქტმა გამოიწვია დაპირისპირება, თუმცა თავმჯდომარემ მალევე აღკვეთა ინციდენტი. 

ბოლნისი. სოფელ სავანეთში, N51 საარჩევნო უბანი 15 წუთის  დაგვიანებით გაიხსნა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოასწრეს უბნის მოწყობა და ვერ გაანაწილეს დროულად ბიულეტენები. შემდეგ ერთდროულად ბევრი ადამიანი შეუშვეს საარჩევნო უბანზე და რეკომენდებული დისტანციის დაცვა მხოლოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ დაიწყეს. 
 
გორი. სოფელ ტირძნისის #62-ე საარჩევნო უბანზე კაბინები ისე დგას, რომ ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა. წესით კაბინები უნდა იდგეს კედელთან. აქ კიდევ კაბინის უკან ხალხი თავისუფლად გადაადგილდება და შესაძლებელია, დაინახონ ამომრჩევლი რა არჩევანს აკეთებს. 

ადიგენი. 17.38.01 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 წარმომადგენელი დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.  

ბოლნისი. 14.23.37 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა საარჩევნო კაბინაში ფოტოს გადაღების ფაქტი, რაზეც დამკვირვებელმა გააკეთა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. 

პანკისის ხეობა. 10.18.05 საარჩევნო უბანზე მესამე რეგისტრატორმა ლია ქავთარაშვილმა დატოვა სამუშაო მაგიდა და მოვალეობა გადააბარა საციით მარგოშვილს. არც მაგიდის დატოვების დროს და არც უკან დაბრუნებისას არ გადაუთვლიათ ხელმოწერები არც ერთს. დარღვევა დაფიქსირდა  ჩანაწერთა წიგნში.

საგარეჯო.  09.11.40 საარჩევნო უბანზე ერთ ერთმა ამომრჩეველმა სურათი გადაუღო შემოხაზული ბიულეტენს და გაიქცა. გაკეთდა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.

საგარეჯო. 09.11.46 საარჩევნო უბანი დაატოვებინეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელს, ელდარ ჯალილოვს. კომისიის თავმჯდომარის მიერ მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, ის უბანზე მოსულ ამომრჩევლებს ესაუბრებოდა, კარნახობდა და ეწეოდა აგიტაციას.  ამასთან არღვევდა პირბადის ტარების წესს.  

ბათუმი.  თითქმის ყველა უბანზე დაფიქსირდა ვიდეოგადაღება სპეციალური პროგრამით, რა დროსაც ხდებოდა  ამომრჩეველთა იდენტიფიკაცია, იყო თუ არჩევნებზე მისული სხვაგან.  ამის თაობაზე თავმჯდომარეებს რეაგირება არ მოუხდენიათ, რადგან ზოგადად, ვიდეოგადაღება დაშვებულია საარჩევნო უბანზე. 

გარდაბანი.  13.21.64 საარჩევნო უბანზე  ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლებას აძლევდნენ მართვის მოწმობის საფუძველზე, რაზეც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მისცა შენიშვნა და აღიკვეთა ფაქტი. 

* * *

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების პროექტები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას.

პროექტების მიზნებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას. 

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში - www.humanrights.ge, ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. ანგარიშში ასახული იქნება რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების მიმართ. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროექტებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტისა და შავი ზღვის ფონდი - რეგიონული თანამშრომლობისთვის მხარდაჭერით. 





ადამიანის უფლებათა ცენტრი


ახალი ამბები