კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე

9 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებული ადევნებს თვალს ცესკოს წინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქციას, სადაც შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმმა არაპროპორციული ძალით და კანონდარღვევით რამდენჯერმე გამოიყენა სპეცსაშუალებები - წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ - ცრემლსადენი) აირი. შემაშფოთებელია, რომ პოლიციამ სპეცსაშუალება - წყლის ჭავლი თავდაპირველად გამოიყენა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე და თანაც - ცივ კლიმატურ პირობებში, რითაც მოქალაქეთა ჯანმრთელობას დაემუქრა საფრთხე, მით უფრო - ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში. ბოლო ინფორმაციით კი მედიით ვრცელდება კადრები, რომლის თანახმად, აქციის ერთ-ერთ მონაწილეს და ტვ „პირველის“ ოპერატორს დაუზიანდა თვალი სავარაუდოდ, წყლის ჭავლით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები 2020 წლის 8 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ საქართველოს პარლამენტის და შემდგომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ მოქალაქეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სრულ მიმდინარეობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, მათი დაშლის მიზნით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი და უცნობი სახის (სავარაუდოდ - ცრემლსადენი) აირი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, აქციაზე, ერთი მხრივ, არ გამოკვეთილა რომელიმე სპეციალური საშუალების გამოყენების საჭიროება და, მეორე მხრივ, სამართალდამცველების მიერ არ შესრულებულა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნა, სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პირთა წინასწარი გაფრთხილების შესახებ. აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და სავარაუდოდ ცრელმსადენი აირის გამოყენება წარმოადგენდა არაპროპორციულ ძალას, რამაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„პოლიციის შესახებ კანონის“ თანახმად, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნას „მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად“. ხოლო, ცრელმსადენი გაზი შეიძლება გამოყენებულ იქნას „პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს”. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციაზე ადგილი არ ჰქონია კანონით გათვალისწინებულ არცერთ ზემოაღნიშნულ შემთხვევას, რომელიც გაამართლებდა წყლის ჭავლის ან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მოქალაქეები ცესკოს წინ არსებულ ლითონის მესერზე აბრახუნებდნენ მუშტებით და სხვადასხვა საგნით, რაც არ შეიძლება შეფასდეს ძალადობრივ ქმედებად.

„პოლიციის შესახებ კანონის“ 31-ე მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია, წინასწარ გააფრთხილოს პირი სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, „გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება, გამოიწვიოს პირის ან/და პოლიციელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელი ან შეუძლებელია“. გაფრთხილების გამოუყენებლობის საფუძვლად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კანონით გათვალისწინებული სწორედ აღნიშნული გამონაკლისი მიუთითა და განაცხადა, რომ როდესაც სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა და ძალადობამ შესაძლოა, გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა ან სხვა მძიმე შედეგი, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალება, მათ შორის, წყლის ჭავლი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ინფორმაციით, ცესკოს წინ მიმდინარე აქციაზე არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული არცერთი გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც გაამართლებდა გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების, წყლის ჭავლისა და სპეციალური აირის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს  არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები