კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები

22 ნოემბერი, 2020
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ხაშური-ქარელისა და რუსთავი-გარდაბნის მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნებში აკვირდებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცედურების შესრულების პროცესს უბნების გახსნიდან კენჭისყრის დასრულებამდე, ასევე ხმის დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცესს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლების ყურადღების ქვეშ მოექცა ასევე საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორია.

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ზაალ დუგლაძეს დაუპირისპირდა №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე.

რუსთავი-გარდაბნის საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს დაუპირისპირდა №5 საარჩევნო ბლოკის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტებმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადეს, რაც სავარაუდოდ იყო ამ ოლქებში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის მიზეზი. ამავე დროს, ბოიკოტმა მოახდინა გავლენა არჩევნების შედეგზეც -  ორივე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

კენჭისყრის მიმდინარეობისას, საუბნო-საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილნი იყვნენ საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული 6 წევრი, მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული 3 წევრი და ზოგიერთ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დანიშნული 1 წევრი. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის წარმოდგენილნი არ იყვნენ ოპოზიციური პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, რომელთაც უფლება ჰქონდათ მათ მიერ დანიშნული წევრები მიევლინათ საუბნო საარჩევნო კომისიებში. ოპოზიციურმა პარტიებმა თავად განაცხადეს უარი, მათ მიერ დანიშნულ წევრებს მონაწილეობა მიეღოთ საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობაში, მეორე ტურში. საუბნო საარჩევნო კომისიებში, ასევე, მივლინებული არ იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც უფლება აქვთ დაკვირვება განახორციელონ პროცესზე. 

მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენდა საარჩევნო უბნებზე კვალიფიციური და ობიექტური არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლების ნაკლებობა. საარჩევნო უბნებზე ბევრი იყო დამკვირვებლად რეგისტრირებული ისეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთა საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის უცნობია. მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოქმედებები და საუბრები სხვა პირებთან ავლენდა, რომ ისინი მმართველი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. საუბნო საარჩევნო კომისიებში მომუშავე „ქართული ოცნების“ წევრებს, უბნებზე გამოცხადებულ ამომრჩევლებსა და ასეთ დამკვირვებლებს, ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორების დაკვირვებით, აკავშირებდათ ძველი ნაცნობობა. 

არჩევნების ირველი ტურის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე არაიდენტიფიცირებადი პირების ყოფნა, რომლებიც ხშირად ესაუბრებოდნენ მმართველი პარტიის კომისიის წევრებს და, ასევე - მმართველი პარტიის მხარდამჭერ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასეთი მოქმედებებისა და საუბრების შინაარსი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ისინი კოორდინირებულად მოქმედებენ და აკვირდებოდნენ, რამდენი ადამიანი მათი მხარდამჭერი გამოცხადდა არჩევნებზე. 

იმის გამო, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში არ მონაწილეობდნენ რიგი ოპოზიციური პარტიის წევრები, კომისიებში კანონით გათვალისწინებულ 12 წევრზე ნაკლები - რიგ შემთხვევებში 9, რიგ შემთხვევებში კი 10 წევრი იყო წარმოდგენილი. ამის გამო, ზოგიერთ უბანზე რეგისტრატორთა რაოდენობა კანონით გათვალისწინებულ რაოდენობაზე (სულ ცოტა 1 რეგისტრატორი ყოველი 300 ამომრჩევლისთვის) ნაკლები იყო. საარჩევნო კოდექსი უშვებს რეგისტრატორთა რაოდენობის შემცირებას, როდესაც კომისიის წევრთა რაოდენობა ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად საკმარისი არ არის. შესაბამისად, რეგისტრატორთა რაოდენობის შემცირება კანონის დაცვით განხორციელდა. ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის პირობებში, რეგისტრატორთა რიგ შემთხვევებში ნაკლებ რაოდენობას პრობლემა არ გამოუწვევია. თუმცა, ამომრჩეველთა საშუალო ან მაღალი აქტივობის პირობებში, რეგისტრატორთა რაოდენობა შესაძლოა, არ ყოფილიყო საკმარისი და გამოეწვია გადატვირთლობა.

საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენები საპარლამენტო არჩევნებში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - www.humanrights.ge-ის არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტი აკვირდებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა. 

თითოეული ბიულეტენი სხვადასხვა ცალ-ცალკე კონვერტში მოთავსებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ბიულეტენებთან ერთად. საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, საუბრო საარჩევნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ეს ბიულეტენები, სხვებთან ერთად, საოლქო საარჩევნო კომისიაში გადააგზავნოს.

კომისია „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლოდ ბიულეტენებს არ აბათილებდა

შიდა ქართლში, წაღვლის 16.35.37 საარჩევნო  უბნის დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას საარჩევნო კომისიის წევრები შეეცადნენ, გასაბათილებელი ბიულეტენები, რომელზეც ორივე პარტიის კანდიდატი იყო შემოხაზული, მიეკუთვნებინათ „ქართული ოცნებისათვის“. 

ამაზე პრეტენზია გამოთქვა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა და არ მისცა საშუალება, ეს ბიულეტენები ჩათვლილიყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. დამკვირვებელმა ამ მიზნით ფოტოც გადაუღო ბიულეტენებს, რის შემდეგაც კომისიის წევრები იძულებული გახდნენ, ბათილად ეცნოთ ეს ბიულეტენები. 

ამავე დროს, მათ დამკვირვებლის მიმართ გამოხატეს აგრესია - მიუთითებდნენ, რომ მას არ ჰქონდა მათ სოფელში ასე მოქცევის უფლება, ადანაშაულებდნენ, რომ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დააკვირდა. 


ახალი ამბები