კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოვიდკრიზისი ჯანდაცვის სისტემაში

27 ნოემბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი საქართველოში უკვე კარგა ხანია, ოთხი ათასს ასცდა. ჯანდაცვის ქართული სისტემა დაავადების ასეთ გავრცელებას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა - ადამიანები ვერ უკავშირდებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, დაგვიანებით ან საერთოდ ვერ იღებენ ოჯახის ექიმის კონსულტაციას, გადატვირთულია საავადმყოფოები, სადაც ადგილები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვისაც კი აღარ არის. რთულ მდგომარეობაშია სამედიცინო პერსონალიც. პანდემიის დაწყებიდან - 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით საქართველოში 10 ექიმი დაიღუპა და რამდენიმე ასეული დაინფიცირდა. კოვიდსაავადმყოფოებს ახლა მედპერსონალიც აღარ ჰყოფნით. 

თუმცა, მოსაზრებას, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უმკლავდება კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილ ვითარებას, არ იზიარებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე. 23 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოში დღეს მობილიზებული საწოლფონდით შეიძლება მომსახურება გაეწიოს საქართველოს მოსახლეობაზე ორჯერ დიდ ქვეყანას“.

მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მობილიზებული 7 363 საწოლიდან კოვიდინფექციის სამკურნალოდ 5952 გამოიყენება, მათგან 5741 უკვე დაკავებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპაციენტთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ძალიან მაღალია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ პაციენტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა ნამდვილად სჭირდება: „საერთაშორისო მაჩვენებლით, ადეკვატური მენეჯმენტის პირობებში, სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროება კოვიდის აქტიური შემთხვევების 10-15, მაქსიმუმ 20%-ს. ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, დიდია სხვადასხვა ფაქტორის გამო. აქ მუშაობს ქართული ფენომენიც, რომელსაც არ დავაკონკრეტებ, შიში და ა.შ.“ - ამბობს ამირან გამყრელიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი “ქართულ ფენომენში” სავარაუდოდ, „ჩაწყობას“ გულისხმობს - ექიმების შეფასებით,  საავადმყოფოებში ამჟამად ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის საჭიროება არა აქვთ, მაგრამ ჰყავთ გავლენიანი ახლობელი ან  ნაცნობი, რომელიც „ზემოდან რეკავს“. 

covid-19-ის სიმპტომების მქონე ან კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები humanrights.ge-სთან თვითონ ჰყვებიან, თუ რისი გადატანა უწევთ არსებულ ვითარებაში.

ისტორია 1 - ნათია დ.

ნათია გურჯაანში ცხოვრობს. 10 ნოემბერს მას, მის მეუღლეს და 4 თვის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ PSR-ტესტმა აჩვენა, რომ სამივეს covid-19 ჰქონდა, ისინი თავს კარგად გრძნობდნენ. მის დედამთილს და მამამთილს კი კოვიდის ყველა სიმპტომი გამოუვლინდათ.

„არიან რისკჯგუფში. 9 დღეა, სიცხე აქვთ. სამი ღამეა, არ სძინავთ. სუსტად არიან და ადგომა უჭირთ. სიმპტომებს ემატება სუნთქვის უკმარისობა. ყველა ვართ იზოლაციაში. გვინდა, რომ აუცილებელი გამოკვლევები ჩაიტარონ კლინიკაში, მაგრამ რადგან კორონავირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტში არიან, ეკრძალებათ სახლიდან გასვლა. სამი დღეა, ვრეკავთ ყველგან, თუ სადმე შეიძლება დარეკვა და პასუხი ვერ მივიღეთ, როგორ მოვიქცეთ“, - ამბობს ნათია. 

წრეზე ტრიალიაც სწორედ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და ჯანდაცვის ცხელ ხაზზე დაკავშირების შემდეგ დაიწყო.

„დავრეკეთ 112-ში. იმათ - ოჯახის ექიმს მოგამაგრებთ, დაგირეკავთ და გადაწყვეტს, გადასაყვანები არიან თუ სახლში უნდა იმკურნალონო. ნახევარი დღე ველოდეთ ოჯახის ექიმის ზარს და შემდეგ დავრეკეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე. 24 საათი დაელოდეთ და თუ არ დაგირეკათ, მერე დაგვიკავშირდითო. 24 საათში რამე რომ გართულეს მეთქი? ვერაფრით დაგეხმარებით, 24 საათი უნდა დაველოდოთო. გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში დავრეკეთ და 112-ში უნდა დარეკოთ, საპატრულოსგან ნებართვა აიღოთ, რომ იზოლაციას დაარღვევთ კლინიკამდე გადასაადგილებლად და პრობლემა არ არისო. დავრეკე ისევ 112-ში და ჩვენ ნებართვას ვერ მოგცემთ,  ჯანდაცვის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოთო. დავრეკეთ ისევ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და იქიდან ისევ 112-ში გადამამისამართეს. ორი დღეა, წრეზე დავდივართ, ვრეკავთ და ვერავინ გვეუბნება პასუხს როგორ მივიდეს ორი ადამიანი კლინიკამდე, რომ გამოკვლევები ჩაიტაროს. გასაგებია რომ პანდემიაა ქვეყანაში. გასაგებია, რომ რესურსი არ გვყოფნის და გასაგებია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემას დედა არ ჰყავს, მაგრამ, რადგან ადამიანი კანონს იცავს და იზოლაციას არ არღვევს, უნდა მოკვდეს? არც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოცდენას ვითხოვთ, არც იმ მწირი რაოდენობის საწოლის დაკავებას, რაც კლინიკებშია. უბრალოდ გვინდა, რომ ჩვენი მანქანით, ჩვენი ხარჯებით მივიდნენ კლინიკამდე, ჩაიტარონ საჭირო გამოკვლევები და დაბრუნდნენ სახლში და ამის უფლებას არ გვაძლევენ, რადგან თურმე პროტოკოლი არ აქვთ!“

ისტორია 2 - ია ს.

იაც რეგიონში ცხოვრობს. covid-19 მასაც ნოემბრის დასაწყისში დაუფიქსირდა. ფიქრობს, რომ ის და მისი მეუღლე 31 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დაინფიცირდნენ. covid-19 დაუდასურდა მის ორ შვილსაც, რომელთაგან უფროსი 7 წლისაა, ხოლო უმცროსი - 5 თვის. უფროსებმა დაავადება შედარებით მსუბუქად, სახლში გადაიტანეს. 5 თვის ბავშვის მდგომარეობა კი ექიმმა საყურადღებოდ მიიჩნია და ის თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს. 

„ახველებდა და ღამით ძლიან ჭირვეულობდა, ვერ იძინებდა. ექიმმა თქვა, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ და საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. პალატაში, სადაც წესით 1 ბავშვი უნდა იყოს, სამი ბავშვი იწვა. მესმის, რა მდგომარეობაც არის ქვეყანაში და ამაზე პრეტენზია არ გვქონია. 6 დღე ვიყავი საავადმყოფოში და ამ ხნის განმავლობაში პალატაში დამლაგებელი არ შემოსულა - ჩვენ თვითონ ვალაგებდით პალატას. არც ამაზე გვქონია პრეტენზია. მედპერსონალი არ ჰყოფნით. შემოდიოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ცოდნა და არც გამოცდილება. ალბათ სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები თუ იყვნენ. ბავშვს ვერ ჩაუდგეს კათეტერი და დაჯიჯგნეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან 2 დღის შემდეგ ბავშვს ხელზე გამონაყარი გაუჩნდა. გამონაყარი კოვიდის ერთ-ერთი სიმპტომია. საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა ხელი. ვერ გავიგე, ეს კორონას სიმპტომი იყო თუ კათეტერის გაკეთებით გამოწვეული გაღიზიანება. დილის 11 სთ-ზე რომ დავურეკე ექიმს და ვთხოვე, ბავშვი ენახა, მეორე დღის საღამოს 8 სთ-მდე ვერავინ მოვიდა. ამასობაში მე იძულებული გავხდი, რომ ონლაინკონსულტაციისთვის სხვა ექიმისთვის მიმემართა და წამლებიც მისი რეკომენდაციით თვითონ შევიძინე. საავადმყოფოში კი ვიყავი, მაგრამ ექიმის კონსულტაციას ვიღებდი ტელეფონით და ინტერნეტით და რაც მთავარია, საავადმყოფოს გარეთ მყოფი ექიმებისგან. 

და კიდევ, მედპერსონალი მუშაობდა ეკიპირების გარეშე. როცა ვკითხე, რატომ არ ატარებდნენ სპეციალურ ხალათებს და ნიღბებს, მითხრეს, რომ ეკიპირებით მუშაობა უჭირთ. საავადმყოფოდან გამოვედით უკვე. გამოსვლის დღეს გავიგე, რომ საავადმყოფოს კიდევ სამი ექიმი დაინფიცირდა. არ ვიცი, დარჩენილი პერსონალი ამდენ ავადმყოფს როგორ გასწვდება“.

ისტორია 3 - ეკა ლომიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი

„ჩემთვის  ძალიან ახლობელ ადამიანებს დაუდასტურდათ COVID-19. უკვე 9 დღეა ბინაზე მკურნალობენ. 2 დღის წინ  დამძიმდა ბებიას და ბაბუას მდგომარეობა, რომლებიც ასევე ოჯახის ექიმის დანიშნულებით მკურნალობდნენ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 2 დღის წინ ეს ადამიანები ტესტის გასაკეთებლად გადაიყვანა. ერთს დაუდასტურდა ინფექცია, მეორეს  - არა. მათგან კორონავირუსით ინფიცირებულს  შესთავაზეს ე.წ კოვიდსასტუმროში გადაყვანა. ბაბუას - კაცს, რომელიც არის 72 წლის და აქვს მწვავე უკმარისობა ჰაერის და 70 წლის ბებიას, რომელიც ფეხზე ვერ დგება და საკვებსაც თითქმის ვერ იღებს, თურმე საერთოდ არ ეკუთვნის გადაყვანა. ადამიანების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება, დანაშაულის ტოლფასია. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლისა და ჯანმრთლობის უფლება. ეს უფლება გაწერილია კონსტიტუციაში და ის რეალური და ხელშესახები უნდა იყოს“, - ამბობს ეკა ლომიძე.   

ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე შექმნილი სისტემური კრიზისის თაობაზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა ხელისუფლებას საგანგებო განცხადებით მიმართა.  მიმართვაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მაღალია მომართვიანობა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხრიდან, რომლებიც ვერ იღებენ საჭირო სამედიცინო მომსახურებას. გადატვირთული მიმართვიანობის, საავადმყოფოებში საკმარისი ადგილების დეფიციტის გამო, სულ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. განსაკუთრებით კრიტიკულია მდგომარეობა რეგიონებში, სადაც არასაკმარისი ინფრასტრუქტურისა და მედ-პერსონალის დეფიციტის გამო, უკვე შეინიშნება კრიზისის ნიშნები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა  მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა და თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვით აღმოუჩინონ დახმარება საჭიროების მქონე ყველა ადამიანს და მოახდინოს სამედიცინო პერსონალის მობილიზება კრიზისის ყველა კერაში, რათა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებსაც მიეცეთ საშუალება, რომ ისარგებლონ შესაბამისი სამედიცინო სერვისებით და დაუყოვნებლივ აამოქმედოს დამატებითი ცხელი ხაზი, რათა 112-ის ფუნქციონირებას არ შეეშალოს ხელი და რეაგირების გარეშე არ დარჩეს სამართალდარღვევათა თუ გადაუდებელი დახმარების სხვა შემთხვევები.

27 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 118 690 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3801 ბოლო 24 საათში. ინფიცირებულთაგან  98 781 გამოჯანმრთელდა, 1124 კი გარდაიცვალა. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით შემოღებული ღონისძიებები 28 ნოემბრიდან კიდევ უფრო მკაცრდება: ჩერდება მეტრო, მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. იკეტება დიდი სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ბაზრობები. იხურება რესტორნები და კვების ობიექტები და ისინი მთლიანად მიტანის სერვისზე გადადიან. დისტანციუ რეჟიმზე გადადის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლაც. 

ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი შეზღუდვების შედეგი 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება და კორონავირუსით ყოველდღიური ინფიცირების და გარდაცვალების რაოდენობა მკვეთრად შემცირდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.




ახალი ამბები