კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს საკვებიც მოაკლდათ და განათლებაც

28 დეკემბერი, 2020
 
მანანა ვარდიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის ხათუნა ჩ.-მა მიმართა. ის მეუღლესთან და 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად ხარაგაულში ცხოვრობს. 4-დან 3 ბავშვი სკოლაში დადის. იმის გამო, რომ ჩ-ის ოჯახს ინტერნეტი და კომპიუტერი არ აქვს, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებიან.  ჩ-ის ოჯახმა უკვე მიიღო გაფრთხილება სკოლიდან - ბევრი გაცდენის გამო, ბავშვებს ეს წელი, შესაძლოა, აკადემიურ წლად ჩაეთვალოთ. 

ხათუნა ჩ.-ის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება და სოციალურ დახმარებას იღებს. მშობლები 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად 2-სართულიანი კერძო სახლის ერთ ოთახში ცხოვრობენ. სახლი, რომელიც ისედაც  ავარიული იყო, 2019 წლის ივნისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ სახურავის გარეშე დატოვა, უკიდურესად გაჭირვებულმა ოჯახმა კი მხოლოდ ერთი ოთახის გამართვა შეძლო. 

„როგორც სტიქიით დაზარალებულებს, მერიამ დახმარება გამოგვიყო და ახლა სახურავს ვაკეთებთ. 6 სული ვცხოვრობთ ერთ ოთახში, რომელსაც ნორმალურად ვერ ვათბობთ. საცხოვრებელ პირობებზე მეტად ახლა ბავშვების სწავლა მადარდებს. ერთი შვილი მე-5 კლასშია, მეორე მე-4 კლასში და მესამე - პირველში. ინტერნეტი არ გვაქვს. არ გვაქვს არც კომპიუტერი ან ისეთი ტელეფონი, რომელშიც პროგრამას - Microsofte Teams გავააქტიურებდით და ბავშვები ონლაინგაკვეთილებზე დასწრებას შეძლებდნენ. ასეთი ტელეფონის ან კომპიუტერის ყიდვას სულ მცირე 300 ლარი სჭირდება. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა, რაც სულ 560 ლარია. 

პრობლემაა ისიც, რომ ორივე უფროს ბავშვს ონლაინგაკვეთილები ერთსა და იმავე დროს აქვთ. გამოდის, რომ 2 კომპიუტერი ან ტელეფონი გვჭირდება. კლასელებისგან ვიგებთ, რა დავალებებს აძლევთ მასწავლებელი და ვცდილობ, რომ გავაკეთებინო, მაგრამ ვხედავ, რომ ბავშვებს მასწავლებლის ახსნის გარეშე სასწავლო პროგრამის ათვისება ძალიან უჭირთ. სკოლაში მითხრეს, რომ ბევრი გაცდენის გამო ბავშვები შეიძლება კლასში დატოვონ. რა გავაკეთო, არ ვიცი. კომპიუტერის და ტელეფონის ყიდვა ახლა ნამდვილად არ შეგვიძლია“, - ამბობს ხათუნა ჩ.

სოციალურად დაუცველ ოჯახს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ ბავშვების გამოკვებაც გაუჭირდა - ლარის გაუფასურების გამო ბევრი საკვები პროდუქტი, მათ შორის - ზეთი, ხორცი და ბურღულეული ძალიან  გაძვირდა. ხათუნას მეუღლისთვის და ბავშვებისთვის საჭმელი უფასო სასადილოდან მოაქვს, სადაც მას მხოლოდ სამი ადამიანის სამყოფ საჭმელს აძლევენ. 

„ეს არის დღეში 3 პური და 850-გრამიანი ორი ქილით საკვები: ბორში, ქათმის ხორცის წვნიანი, ან წიწიბურა, რაც არის იმ დღის მენიუში. 6-სულიანი ოჯახისთვის 3 ადამიანის სამყოფ საჭმელს ვიღებ. სასადილოს ადმინისტრაციას როცა მივმართე და ვთხოვე, რომ ოთხივე ბავშვის სამყოფი საჭმელი მოეცათ, მითხრეს, რომ ახლა ბევრი ბენეფიციარი ჰყავთ, მათ შორის - ბავშვიანი ოჯახებიც დაემატათ და მეტის მოცემა არ შეუძლიათ“, - ამბობს ხათუნა.

ხათუნა 33 წლისაა. ის უმუშევარია. უმუშევარია მისი მეუღლეც. ხათუნამ დახმარების თხოვნით  ხარაგაულის მერიას მიმართა. ის დასაქმებას ითხოვს, მაგრამ - უშედეგოდ. 

„ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა ამ ოჯახში. ოთახში, სადაც მშობლებთან ერთად 4 არასრულწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, ცივა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე,  - „ბავშვები ვერ იკვებებიან სათანადოდ. არა აქვთ ინტერნეტი და კომპიუტერი და ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლება - განათლების მიღების უფლება, რადგან მათ დისტანციურ რეჟიმში სწავლის შესაძლებლობა არ აქვთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ანა ჩაფიძემ უკვე მიმართა განათლების სამინისტროს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვს, რომ სახელმწიფომ  ხათუნა ჩ-ის ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებები შეაფასოს. ოჯახს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ და ბავშვებს განათლების მიღებისთვის საჭირო პირობები შეუქმნან.

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.


ახალი ამბები