კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (აგვისტო - დეკემბერი, 2020 წელი)

26 იანვარი, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგს და უფასო იურიდიულ დახმარებას ახორციელებს პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ.  პროექტი ხორციელდება თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2020 წლის აგვისტო-დეკემბრის პერიოდში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა წარმატებით შეძლეს სამიზნე რეგიონებსა და დედაქალაქში პანდემიის დროს დაზარალებული მოქალქეების უფლებების დაცვა.
თბილისი

შეუსაბამოდ გაზრდილი კრედიტი
2020 წლის აგვისტოში პენსიონერმა ქალბატონმა ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მიმართა, „ლიბერთი ბანკში“ შეუსაბამოდ გაზრდილი დაკრედიტების გამო, რომელიც Covid-19 პანდემიიდან გამომდინარე, 5-თვიანი საშეღავათო პერიოდის შემდგომ დაეკისრა.

საკითხზე რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა შესაბამისი განცხადებით მიმართა  „ლიბერთი ბანკსა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკს, დაშვებული შეცდომის გამოსწორებისა და კრედიტის ხელახალა დაკორექტირების მოთხოვნით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად, 2020 წლის სექტემბერში  „ლიბერთი ბანკმა“ პენსიონერ ქალბატონს დაუკორექტირა სესხი და ჩამოეჭრა ზედმეტად დარიცხული თანხა - 2000 ლარის ოდენობით.

200-ლარიანი სახელმწიფო კომპენსაციის აღდგენა/განაცდურის ანაზღაურება

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა მოქალაქე რ.მ-მ. მან, კორონავირუსის პანდემიის გამო, სამსახური დაკარგა და იღებდა სახელმწიფოს ანტიკრიზისული პროგრამით გათვალისწინებულ კომპენსაციას - თვეში 200 ლარის ოდენობით.

2020 წლის აგვისტოს თვეში, ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ შეცდომით დარიცხული ხელფასის გამო, რ.მ-ს უკანონოდ შეუწყდა კომპენსაცია. მან შეცდომით დარიცხული თანხა დაუყოვნებლივ დააბრუნა კომპანიის ანგარიშზე, მაგრამ კომპანია თავს არიდებდა დოკუმენტაციის გადაგზავნას შემოსავლების სამსახურში. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, რ.მ-მ ვერ შეძლო უკანონოდ დაკარგული დარჩენილი სამი თვის კომპენსაციის აღდგენა - ჯამში 600 ლარის ოდენობით, ასევე დაკარგა უფლება, მიეღო სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კომპენსაციები 2021 წლის იანვრიდან 6 თვის განმავლობაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა განცხადებით მიმართა როგორც დამსაქმებელ სადაზღვევო კომპანიას, ისე შემოსავლების სამსახურსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა მოქალაქისთვის მისი კუთვნილი კომპენსაციის ჩარიცხვა.

კერძო კომპანიამ უპასუხოდ დატოვა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა, მაგრამ შესაბამისი ქმედებებისა და მრავალჯერადი კომუნიკაციის შემდეგ, რ.მ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ორგანიზაციის ბენეფიციარს ანგარიშზე დაერიცხა განაცდური სამი თვის კომპენსაცია - 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით. ასევე აღუდგა კომპენსაციის მიღების უფლება მომავალი 6 თვის განმავლობაში, რაც პანდემიის გამო სამსახურდაკარგული პირისათვის ერთადერთ საარსებო წყაროს წარმოადგენს.

ქვემო ქართლი

საბანკო ვალდებულების შესრულების გადავადება

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქე ქ.ქ-ს „თიბისი ბანკთან“ არსებული სასესხო ვალდებულების შესრულება გადაუვადდა.

კორონავირუსის პანდემიის ე.წ. „პირველი ტალღის“ დროს ქ.ქ.-მ ისარგებლა „თიბისი ბანკში“ არსებულ სესხზე გადავადების შესაძლებლობით; თუმცა, გადავადების გამო დარიცხული დამატებითი თანხა მისთვის მძიმე ტვირთს წარმოადგენდა.

ქ.ქ. ლილოს ბაზრობაზე თვითდასაქმებული პირია. ე.წ. მეორე ტალღის დროს, მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გამო, მოქალაქეს ერთადერთი საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა. მას არ შეეძლო საბანკო ვალდებულებების შესრულება. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი შვილის გარდაცვალების შემდგომ, მისი ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.

მოქალაქის დასახმარებლად, ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა „თიბისი ბანკს“, ასევე - ეროვნულ ბანკს და საქართველოს მთავრობას, რათა ქ.ქ.-სთვის დამატებით დარიცხული თანხები ჩამოეჭრათ, ამასთან - გადაევადებინათ ვალდებულების შესრულების ვადა, ვიდრე არ აღდგება პანდემიის გამო შეჩერებული საქმიანობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, მოქალაქეს „თიბისი ბანკის“ მიერ ვალდებულების შესრულება გადაუვადდა 2021 წლის მაისის თვემდე.

საბანკო ვალდებულების შესრულების გადავადება

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქე ლ.მ. „საქართველოს ბანკში“ სასესხო ვალდებულების შესრულება გადაუვადდა.

ლ.მ-ს აქვს სასესხო ვალდებულება „საქართველოს ბანკში“, მაგრამ  მის შესრულებას ამ ეტაპზე ვეღარ ახერხებს, ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად დაკარგა სამსახური.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა „საქართველოს ბანკს“, რათა ეპიდსიტუაციის და ფინანსური კრიზისის გამო, მომხდარიყო ვალდებულების გადავადება, რაც გამოწვეული იყო ქვეყანაში არსებული ფორსმაჟორული სიტუაციით. მოქალაქის პრობლემის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობას და საქართველოს ეროვნულ ბანკს, რის შემდეგაც ლ.მ. სს „საქართველოს ბანკმა“ გადაუვადა სასესხო ვალდებულების შესრულების ვადა.

იმერეთი

არასრულწლოვანთა დახმარება

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მომართა ქუთაისში მცხოვრებმა თ.ს-მ. იგი ორი არასრულწლოვნის დედაა. 2020 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N 505 დადგენილების მიხედვით, 18 წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, სპეციალურ პორტალზე დარეგისტრირება შეეძლოთ 2020 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილების თანახმად, სოციალური დახმარება ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განცხადების შევსების შემდეგ გაიცემა.

მოთხოვნების შესაბამისად, თ.მ.-მ გაირა რეგისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს  ელექტრონულ პორტალზე, მაგრამ მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილის რეგისტრაცია შეძლო. შესაბამისად, მიიღო მხოლოდ ერთი შვილისთვის განკუთვნილი დახმარება 200 ლარის ოდენობით. არსებული ხარვეზის შესახებ მან არაერთხელ მიმართა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის დახმარებით, თ.მ.-მ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინიტროს და შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით, მოითხოვა არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლისთვის კუთვნილი ერთჯერადი დახმარების გადაცემა. ორგანიზაციის უფასო იურიდიული დახმარების შედეგად, ბენეფიციარი მიიღებს კუთვნილ 200 ლარიან დახმარებას.

სკოლის მოსწავლე ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას შეძლებს

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი დახმარებისთვის მომართა სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ - გ. ლ-მ.
სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში. გ.ლ. მარტოხელა დედაა და ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სკოლები გადავიდნენ ონლაინ-სწავლებაზე, მაგრამ ბავშვებს კომპიუტერები არა აქვთ, რის გამოც ვერ ახერხებენ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას. ამის თაობაზე, ცენტრის იურისტმა მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს. მიმართვის საფუძველზე, სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და გ.ლ-ის ერთ-ერთ შვილს დაზიანებული კომპიუტერი სკოლამ თავისი რესურსით შეუკეთა და გადასცა.

სამეგრელო

ოჯახებმა  არასრულწლოვანთა კომპენსაციები მიიღეს

სამეგრელოს რეგიონში, სენაკის და აბაშის მუნიციპალიტეტებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის უფასო იურიდიული დახმარებით, ოჯახებმა შეძლეს შვილების რეგისტრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე და 2020 წლის 14 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N 505 დადგენილების მიხედვით, 18 წლამდე ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მიღება.

სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სამი არასრულწლოვანი შვილის დედამ ნ.წ.-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე მხოლოდ ორი შვილის რეგისტრაცია და შესაბამისი დახმარების მიღება შეძლო. იგივე პრობლემა შეექმნა სენაკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ფ.წ-საც, რომელმაც ასევე მხოლოდ ორი შვილის რეგისტრაცია მოახერხა საიტზე და მესამე შვილის კუთვნილი დახმარება კი მანაც ვერ მიიღო. ორივე მშობელმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს სენაკის სოციალური მომსახურების სააგენტოს, მაგრამ მათ მიმართვებს რეაგირება არ მოჰყოლია.

აბაშის მუნიციპალიტეტის მცხოვრებ ე.გ.-ს ორი ძმისშვილიდან მხოლოდ ერთმა შეძლო კომპენსაციის მიღება, დაბადების მოწმობაში არსებული ხარვეზის გამო.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა  ოჯახების სახელით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა არსებული ხარვეზების გამოსწორება და არასრულწლოვნებისთვის კუთვნილი დახმარების დარიცხვა. ორგანიზაციის დახმარებით, ყველა ოჯახმა მიიღო კუთვნილი დახმარება.

კახეთი

მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა ზ.ლ.-მ, რომლის და - თ.ლ.  არის შშმ პირი და მას თვეების განმავლობაში შეწყვეტილი ჰქონდა შშმ პირთათვის განკუთვნილი პენსია, საჭიროებდა მხარდამჭერ პირს.

ადამიანის უფლებთა ცენტრის კახეთის რეგიონის იურისტმა ზ.ლ.-ს შეუდგინა განცხადება მისი შშმ დის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე. სასამართლოს განჩნების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილ იქნა თ.ლ.-ს დაბადების მოწმობაც.

ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილი მიზნობრივი ჯგუფებისთვის, მათ შორის - შშმ პირთათვის დახმარებას ითვალიწინებდა - 6 თვის განმავლობაში 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ეს დახმარება ეკუთვნოდა თ.ლ.-საც, რადგან მას პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა  შუამდგომლობით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს დროებითი განჩინების მიღების შესახებ, რითაც მოითხოვა, ზ.ლ. ყოფილიყო მხარდამჭერი თ.ლ.-ს დახმარების მიღების ნაწილშიც.

ეს შუამდგომლობა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. შედეგად, ბენეფიციარმა მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება - 600 ლარის ოდენობით.

სახელმწიფო კომპენსაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრს დახმარების თხოვნით მომართა ეთნიკური ავარელებით დასახლებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში მცხოვრებმა ა.მ.-მ, რომელიც არასრულწლოვანი ზ.მ.-ის ინტერესებს წარმოადგენდა. თავის მხრივ, ზ.მ. ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების გარეშე დარჩა.

საქართველოს მოქალაქე ზ.მ. პორტალზე დარეგისტრირდა მაშინ, როდესაც ის 17 წლის იყო, მაგრამ დარეგისტრირების შემდეგ მას შეუსრულდა 18 წელი, რის გამოც არ ურიცხავდნენ ანტიკრიზისული გეგმით ყველა არასრულწლოვნისთვის გათვალისწინებულ დახმარებას. არსებული რეგულაციების გათვალისწინებით, მნიშვნელობა ენიჭება სწორედ გეგმის დამტკიცებისას არასრულწლოვნის ასაკს. შესაბამისად, ზ.მ.-ს ჰქონდა დახმარების მიღების უფლება.

2020 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით, მოითხოვა ზ.მ.-სთვის კუთვნილი 200-ლარიანი დახმარების გაცემის საკითხის ხელახლა შესწავლა და მისთვის ამ თანხის გადაცემა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ამავე სამინისტროს სოციალური დახმარებების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, ზ.მ.-ს ნოემბერში ჩაერიცხა  კუთვნილი დახმარება 200 ლარის ოდენობით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები