კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მრიცხველიდან დაგვიანებით ამოწერილი ჩვენება - როგორ დარჩნენ ადამიანები კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიღმა

28 იანვარი, 2021
 
მანანა ვარდიაშვილი

1-ლი ნოემბრიდან საქართველოს მთავრობამ ატიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი აამოქმედა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმ აბონენტებს, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარენ, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებრვლის ჩათვლით, კომუნალურ გადასახადებს სახელმწიფო დაუფარავს. თუმცა, მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა მთავრობის მიერ დაწესებული კომუნალური გადასახდების სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლა. 

როგორც გაირკვა, ხშირ შემთხვევებში, დენის და გაზის გამანაწილებელმა კომპანიებმა მრიცხველებიდან დანახარჯის შესახებ ჩვენება ამოიწერეს არა 30-ე დღეს, როგორც ეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით არის დადგენილი, არამდედ 32-ე და 33-ე დღეს, რის გამოც ბევრი მოქალაქე მთავრობის მიერ დადგენილ ლიმიტში (200 კვტ/სთ - ელექტროენერგია და 200 კბ/მ - გაზი) ვერ ჩაეტია.

ადამიანის უფლებათა ცენტრს თბილისში მცხოვრებმა მ. ლ.-მ მიმართა. მისი თქმით, გაზგამანაწილებელი კომპანიის  -  „თბილისი ენერჯის“ მიერ გაზის მრიცხველიდან არასწორად აღებული ჩვენების გამო, მან მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდირების პროგრამით ვეღარ ისარგებლა - „თბილისი ენერჯის“ თანამშრომელმა მ.ლ.-ს ბინაში დამონტაჟებული გაზის მრიცხველიდან  დანახარჯის შესახებ პირველი ჩვენება 12 ნოემბერს ამოიწერა, მომდევნო ჩვენება კი 32-ე დღეს - 14 დეკემბერს, რის გამოც გაზის დანახარჯმა ლიმიტით დადგენილ 200 კუბურ მეტრს 16 კუბური მეტრით გადააჭარბა.  

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამით ბევრმა ადამიანმა ვერ ისარგებლა, რისი მიზეზიც გაზის და დენის გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან ჩვენების დაგვიანებით აღებაა. ორგანიზაციას ასეთი საჩივრით რამდენიმე მოქალაქემ მომართა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე.

მისივე თქმით, ახლა, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური, გავიდა უხელფასო შვებულებაში, ან  შეზღუდვების გამო, კერძო ავტომობილებით და ტაქსებით გადაადგილდება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი მიზნობრივი დახმარება. სახელმწიფოს დახმარება არ უნდა იყოს ფასადური და არც სემეკ-მა უნდა დაუშვას, რომ რომელიმე კომპანიამ მსგავსი დახმარების მიღების შესაძლებლობას ხელი განზრახ შეუშალოს.

გაზის და დენის გამანაწილებელი კომპანიების მიერ დაგვიანებით აღებული ჩვენების გამო, ბევრი ადამიანი სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიღმა რომ დარჩა, ეს ფაქტი სემეკ-მაც აღიარა - კომისიას საჩივრით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. სემეკ-მა  განცხადებაც გამოაქვეყნა და გამანაწილებელ კომპანიებს განუმარტა, რომ მრიცხველებიდან ჩვენების ამოწერა თვეში ერთხელ, წაკითხვის თარიღის დაცვით უნდა მოხდეს, დარღვევით აღებული მრიცხველის ჩვენება კი გასწორდეს.

პრობლემის არსებობას არც ენერგოომბუდსმენი, სალომე ვარდიაშვილი უარყოფს: „ზოგჯერ ეს იყო კომპანიის შეცდომა, ზოგჯერ კი  - აბონენტის. გაზის მრიცხველი ბევრ ადამიანს ბინაში აქვს დაყენებული და ჩვენება მათ კომპანიის თანამშრომლისთვის სატელეფონო სმს-ით უნდა გადაეგზავნათ და დაგვიანებით გზავნიდნენ. ზოგჯერ კომპანიის თანამშრომლები იღებდნენ ჩვენებას დაგვიანებით. ვერ ვიტყვი, რომ კომპანიების მხრიდან ეს მიზანმიმართული ქმედება იყო -  ასეთი ინტერესი მათ, წესით, არ უნდა ჰქონდეთ, რადგან გადახდის თვალსაზრისით დაწესებული 200 კბ/მ ან 200 კვტ/სთ არის მათთვის გარანტირებული თანხა, რომელსაც სახელმწიფო ფარავს. თუმცა, უნდა ვაღიაროთ - სისტემური პრობლემა ნამდვილად იყო. ასეთი საჩივრით ბევრმა ადამიანმა მოგვმართა. სემეკ-მა კომპანიები საგანგებოდ გააფრთხილა. გარდა ამისა, თუკი რომელიმე მოქალაქე კომპანიების მხრიდან გადაცდომას დააფიქსირებს და განცხადებით მოგვმართავს, მის განცხადებას ინდივიდუალურად განვიხილავთ და დარღვევის შემთხვევაში მას  აუცილებლად გამოვასწორებთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე აცხადებს, რომ  კომპანიების მხრიდან ჩვენების დაგვიანებით აღებას ვერც  სემეკ-ის საგანგებო მითითებამ უშველა - „გადაცდომები“  დეკემბერშიც გაგრძელდა:  სს თელასმა ი. გ.-ს მრიცხველიდან ერთი ჩვენება 2020 წლის 26 ნოემბერს ამოიწერა, მომდევნო კი - 33-ე დღეს, 29 დეკემბერს, რის გამოც ი.გ. სუბსიდირების პროგრამაში ვეღარ მოხვდა.

„ეს არის დარღვევა, რაც გამანაწილებელი კომპანიის  თვითნებობაზე და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მუშაობის არაეფექტიანობაზეც მიუთითებს. არ არის ეფექტიანი არც ენერგოომბუდსმენის შეთავაზება - ენერგოომბუდსმენის ოფისი ითხოვს, რომ მოქალაქემ ელექტრონული სახით ხელმოწერილი განცხადება გააგზავნოს. პანდემიის პირობებში  კი ბევრ ადამიანს არ აქვს ინტერნეტზე წვდომა და განცხადების ამობეჭდვის, მასზე ხელის მოწერის და მისი დასკანერების შესაძლებლობა“, - აცხადებს ლომიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამანაწილებელი კომპანიების მიერ დარღვევით აღებული ჩვენების გამო კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის მიღმა დარჩენილი აბონენტების საქმეების განხილვის მოთხოვნით უკვე მიმართა სემეკ-ს, ენერგოომბუდსმენს და საკოორდინაციო საბჭოს. ცენტრი ითხოვს, რომ სახელმწიფომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები, გამანაწილებელი კომპანიების მიმართ კი იყოს უფრო ეფექტიანი, გამოიყენოს  კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და კომპანიებმა კომისიის მიერ დადგენილი მარეგულირებელი ნორმების შეუსრულებლობისთვის პასუხი აგონ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ახლა მიმართვის თაობაზე სემეკ-ის გადაწყვეტილებას და ენერგოომბუდსმენის პასუხს ელოდება. 


ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ახალი ამბები