კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო ქონების მიტაცება თუ ისტორიული სამართლიანობა - დავა ტყის ფონდის მიწებისთვის

7 თებერვალი, 2021
 
ნათია ფარეხელაშვილი, humanrights.ge

საქართველოს მასშტაბით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს ტყის ფონდიდან ტერიტორიების ამორიცხვა და კერძო მფლობელებზე გადაფორმება. ტყის მიწების კერძო პირებზე რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი თვითმმართველობებში შექმნილი ე.წ. აღიარებითი კომისიის გადაწყვეტილებებია, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთრების შესახებ არქივში დაცულ ცნობებს ეყრდნობა. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს პირად ინფორმაციას და არ საჯაროვდება. თუმცა, ხშირად მისი სასამართლოზე წარდგენაც ვერ ხერხდება, რაც მსგავსი საფუძვლის არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. 

გარემოსდამცველების მოსაზრებით, ტყის საზღვრების კორექტირება ორ ძირითად პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს - ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას. როგორც CENN-ის სატყეო მიმართულების ხელმძღვანელი, რეზო გეთიაშვილი მიიჩნევს, სასურველია, გადაწყვეტილების მიღების დროს ორივე პრინციპი იყოს გათვალისწინებული, რის საშუალებასაც ტყის ახალი კოდექსით განსაზღვრული საკუთრების და სარგებლობის სხვადასხვა ფორმების არსებობაც იძლევა. „თუმცა, ეს პრინიპები ერთმანეთთან ყოველთვის არაა თავსებადი და ესეც ბუნებრივად უნდა მივიღოთ, ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც, მაგრამ სახელმწიფო მართვის სისტემები სწორედ მსგავსი კონფლიქტების პასუხისმგებლიანი გადაწყვეტისთვის არსებობს. ბუნებრივი ტყეების კერძო საკუთრებად რეგისტრაცია უნდა ემყარებოდეს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს და ამასთან ერთად - ტყეების კონსერვაციული ღირებულების წინასწარ შეფასებებსაც. რიგ შემთხვევებში, სახელმწიფომ შეიძლება გამოიყენოს კერძო საკუთრების დაცვის, კომპენსირების და თუნდაც ჩანაცვლების მრავალფეროვანი მექანიზმებიც“ - ამბობს რეზო გეთიაშვილი. 

ტყის საზღვრების კორექტირების არსებული სისტემა არ გულისხმობს პროცესში ტყის მართვის ორგანოს მონაწილეობას, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა საქართველოს ტყეების ეფექტიანი მართვის განხორციელებისთვის და მოიცავს როგორც ტყის ცალკეული უბნების განადგურების, ასევე სატყეო ფართობების ფრაგმენტაციის და გაცილებით დიდი მასშტაბის ბუნებრივი ეკოსისტემების დაზიანების საფრთხეს.

რეზო გეთიაშვილი, CENN: „ჩვენს შემთხვევაში, გვაქვს სრულიად საწინააღმდეგო პრაქტიკა, როცა გადაწყვეტილების მიღებაში გარემოსდაცვითი სტრუქტურები საერთოდ არ მონაწილეობენ. ტყეების ამორიცხვა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოსგან დამოუკიდებლად, რომელიც პასუხისმგებელია არა მხოლოდ საექსპერტო, არამედ სამართლებრივი საფუძვლების მომზადებაზეც. ქვეყანაში დღეს ასობით მსგავსი გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი პრინციპის სრული იგნორირებით. უარესიც, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ორი პრიციპიდან არცერთი არ არის დაცული და შეიძლება საქმე გვქონდეს სახელმწიფო ქონების მიტაცებასთან ისტორიული სამართლიანობის აღდგენის სახელით“.

ტყის ფონდის ტერიტორიებზე ერთიანი ხედვის არარსებობას სახელმწიფო უწყებების განსხვავებული დამოკიდებულებაც მოწმობს. საჯარო რეესტრი ტყის ფონდის კუთვნილ მიწებს კერძო მფლობელების საკუთრებაში, ხშირ შემთხვევაში, ისე არეგისტრირებს, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ინფორმაციასაც არ აწვდის. ამის ნათელი და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბულაჩაურში მოქალაქე ლ. კ.-სთვის 2200 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით 71.64.80.112 ) კერძო საკუთრებაში გადაცემა, რომელიც მანამდე ტყის ფონდში ირიცხებოდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია  ადამიანის უფლებათა ცენტრისთვის და CENN-ისთვის გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა: 1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ტყის მასივის კონტურში არსებული მიწის კერძო პირზე რეგისტრაცია 2) მიწის ნაკვეთის უკან, ტყის ფონდში ჩარიცხვა.

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: ,,მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს სოფელ ზემო ბულაჩაურში განხორციელებულ კონკრეტულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით მივმართეთ მცხეთის რაიონულ სასამართლოს, მოვითხოვეთ მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო აქტების ბათილობა და მიწის ნაკვეთის კვლავ ტყის ფონდში ჩარიცხვა".

ალექსი მერებაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციის შეფასებაც ვთხოვეთ. როგორც აღმოჩნდა, სააგენტო დარწმუნებულია მათი გადაწყვეტილებით გამოცემული ადმნისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაში. 

,,ჩვენ სასამართლოში სწორედ ამას ვდაობთ, რომ სააგენტომ კანონის მოთხოვნები ფორმალურად შეასრულა, მაგრამ რეალურად, არსად არ არის დასაბუთებული თუ რატომ დაურეგისტრირა კერძო პირს საკუთრებაში სააგენტომ ტყის ფონდის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. გარდა ამისა, სარეგისტრაციო პროცესში არ იყო ჩართული ეროვნული სატყეო სააგენტო, რომელმაც სასამართლოში წარმოადგინა სიტუაციური ნახაზი, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ფიზიკურ პირს არა მისი ტრადიციული სარგებლობის, არამედ, ისტორიულად, სატყეო ორგანოების მართვისა და სარგებლობის ქვეშ არსებული ობიექტი დაურეგისტრირდა“, - აცხადებს მერებაშვილი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დავით დამენია იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის უკან, სახელმწიფო ტყის ფონდში დაბრუნება მოხდება. 

„სატყეო სააგენტოში ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთები 1986 წლიდან მოყოლებული წარმოადგენდა ტყის ფონდს, მისი ამორიცხვის პერიოდში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ეროვნულ სააგენტოს სულ მინიმუმ უნდა სცოდნოდა რომ მიმდინარეობდა მსგავსი პროცესი, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა შეესწავლა დოკუმენტაცია და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია. ჩვენი პოზიცია ემთხვევა ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიციას, რომელიც სასამართლოს გზით ითხოვს, ამორიცხული ტერიტორიის უკან, ისევ სახელმწიფო ტყის ფონდში დაბრუნებას. მოცემულ დავაში ეროვნული სატყეო სააგენტო ჩართულია როგორც მესამე პირი (დაინტერესებული მხარე), ჩვენ დავაფიქსირეთ კიდეც სასამართლოზე წერილობითი ფორმით ჩვენი პოზიცია და იმედი გვაქვს, რომ ერთიანი მცდელობით მოვახერხებთ მიწის ნაკვეთების სახელმწიფო ტყის ფონდში დაბრუნებას“, - აცხადებს დამენია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნებს,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მსგავსად, არ ეთანხმება ლ. კ.-ც.  მისი განცხადებით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1930 წლიდან ოჯახის საკუთრებაა და ტყის ფონდში 2011 წლის 4 აგვისტოს საქართველოს მთავრობის დადგენილების გამო მოექცა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტო არ ჩაბმულა და რეგისტრაცია მისი მონაწილეობის გარეშე მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

„საკუთრების უფლება უაღრესად მნიშვნელოვანია და მისი დაცვა უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად. თუმცა აღნიშნული უნდა მოხდეს შესაბამისი, სწორი სამართლებრივი საფუძვლებით და ამის სანაცვლოდ არ უნდა დაზარალდეს ტყე“, - ამბობს დავით დამენია.

,,თავად ნაკვეთის მესაკუთრის პოზიციით, დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა მის მამკვიდრებელს, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი. ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ორთოფოტო და ფაქტი, რომ იგი შედიოდა ტყის ფონდის საზღვრებში გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ უკანონო რეგისტრაციით განხორციელდა ნაკვეთის მიტაცება, შესაბამისად, სასამართლოსგან გვაქვს მოლოდინი, რომ სარჩელის სრულად დაკმაყოფილდება, უკანონო რეგისტრაცია გაუქმდება და მიწის ნაკვეთი ტყის ფონდს დაუბრუნდება“, -აცხდებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.  

ფოტოზე მწვანე ფერით მონიშნულია ტყის ფონდის საზღვრები, წითელი ხაზი კი დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვარს აღნიშნავს.

დღეის მდგომარეობით მხარეები სასამართლოს მხრიდან სხდომის ჩანიშვნის თარიღს ელოდებიან. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შეჩერებულია. 

აღსანიშნავია, რომ ამ კონკრეტული შემთხვევის გარდა, კიდევ ასობით მიწის ნაკვეთზეა განხორციელებული რეგისტრაცია. ამას 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა დაკანონების გამარტივებულმა წესმა შეუწყო ხელი. ამ წესზე დაყრდნობით თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შექმნილმა აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთების გაცემა მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. პრობლემის მასშტაბების შესამცირებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან  დაუყოვნებლივ რეაგირება და ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც კერძო მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესები, ისე ტყის ფონდის მიწის ნაკვეთების ხელშეუხებლობა. 

ახალი ამბები