კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდიანებზე ნადირობა კონსტიტუციის სახელით

26 თებერვალი, 2021
 ლაზარე ჯიბლაძე
შესავალი

სტატიის მიზანია, შეაფასოს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის 16 დეკემბერს დარეგისტრირდა და 1-ლი მოსმენით საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო. კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის, ასევე, პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წესებში დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებას. 

ცხადია, საკითხის შეფსებისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც მის სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ მხარეზე. თუმცა, შეფასებამდე, აუცილებელია, რამდენიმე შეკითხვას წინმსწრებად გავცეთ პასუხი: უნდა გავიგოთ, როგორ ხედავს საქართველოს კონსტიტუცია პარტიათა დაფინანსების საკითხს; გავარკვიოთ, რას გულისხმობს პოლიტიკური პარტიების ბოიკოტი; სწორედ ამის შემდეგ შეიძლება შევაფასოთ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური ასპექტები.
 
ძირითადი ნაწილი

დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკური პარტიის მიზანი მსგავსი პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანების გაერთიანებაა. არჩევნებში მონაწილეობით პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, წარმომადგენლობით ორგანებში, როგორიც არის - პარლამენტი ან მუნიციპალური საბჭოები, რაც შეიძლება მეტი მათი წევრი მოხვდეს. პარალელურად, მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტად იყვნენ ჩართულნი აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაშიც,  როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეებზე.

პოლიტიკური პარტიებისთვის, სხვადასხვა მიზანთან ერთად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სწორედ პარტიის მხარდამჭერთა ინტერესების წარმომადგენლობა და იმ პოლიტიკის გატარებაა, რისთვისაც მას ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა.

სხვა საპარლამენტო დემოკრატიის მმართველობის ფორმის მქონე ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მოქალაქეები ყოველ 4 წელში, ერთიანი საპარლამენტო არჩევნების გზით, აკომპლექტებენ ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - პარლამენტს. 

კონსტიტუციის მე-3 მუხლი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად აცხადებს და სწორედ ამავე მუხლში საუბრობს პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზეც, რითაც განამტკიცებს დემოკრატიული წეს-წყობილების აუცილებელ ნიშანს და პოლიტიკურ საქმიანობას სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირებს. კონსტიტუციის თანახმად: „პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში“. 

შესაბამისად, რამდენადაც კონსტიტუცია დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებას პირდაპირ უკავშირებს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიების საქმიანობას, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მსგავსი ტიპის საქმიანობის შეზღუდვისკენ არის მიმართული, შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს არამხოლოდ რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის, არამედ თავად დემოკრატიული რეჟიმისთვის.

დემოკრატიულ პროცესებში პოლიტიკურ პარტიათა როლის გათვალისწინებით, რაც  მოიცავს მათ კრიტიკულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხალხის ნების გამოხატვასა და ფართო სპექტრის ფუნქციების შესრულებას, აუცილებელია ფინანსური რესურსები, რომელთა დახმარებითაც პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად.

პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად რეგულირდება და იგი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის კულტურაზე, პრეცენდენტებსა და სამართლებრივ სტანდარტებზე.

კონტინენტური ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიები, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც ფინანსდებიან ეროვნული ბიუჯეტიდან, სხვადასხვა სახის ფინანსური რესურსის სახით; მათ შორის - პარტიის რეგულარული მუშაობისთვის, პარტიის წარმომადგენელთა საპარლამენტო ჯგუფების ფუნქციონირებისთვის და საარჩევნო კამპანიის ხარჯებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნების უმრავლესობაში კერძო დაფინანსება ლეგალურია, პოლიტიკურ გაერთიანებათა საერთო ფინანსებთან მიმართებით, მათი როლი, მეტწილად, მეორეხარისხოვანია. განსხვავებულ მიდგომას ვხვდებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, სადაც კერძო შემოწირულობები პარტიების დაფინანსების ძირითად წყაროს  წარმოადგენს. 

„პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში პარტიების ქონებას ქმნის როგორც კერძო შემოწირულობები და საწევრო თანხა, ასევე კანონით დადგენილ შემთვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა. სწორედ, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტი არეგულირებს საქართველოში პარტიების დაფინანსების წესსა და მის ოდენობას.  მართალია, ქართული კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სხვადასხვა წესს,მაგრამ დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პარტიების საწევრო შენატანების მოცულობა უაღრესად დაბალია. ამასთან, ტრადიციულად, კერძო შემოწირულობათა უმრავლესობა მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში კონცენტრირდება. მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელს, „ქართულმა ოცნებამ“ სრული შემოწირულობების 88% მიიღო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ძალის სასარგებლოდ შემოწირული თანხა, სართო შემოწირულობათა 66%, ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - 48% იყო. ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსება, რაც საქარველოში 1997 წლიდან იქნა შემოღებული, ქართულ პოლიტიკურ რეალობაში იმაზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ვიდრე ეს დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშია, რამდენადაც, ძირითად შემთხვევებში, არასახელისუფლებო პარტიათა წლიური შემოსავლის უდიდეს ნაწილს სწორედ სახელმწიფო დაფინანსება ქმნის. 

შესაბამიასად, ეს მოცემულობა კიდევ უფრო ზრდის საკითხის აქტუალურობას და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლო ნეგატიურ ეფექტს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, პოლიტიკური პლურალიზმისა და პოლიტიკური კონკურენციის შემცირებით. 

ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი უთანასწორობის გათვალისწინებით, პარლამენტში არშესული ოპოზიციის დაფინანსების გარეშე დატოვება, პარტიების თანასწორობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპს კიდევ უფრო დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომელიც სახელმწიფოს არა მხოლოდ ფორმალური, არამედ მატერიალური თანასწორობის გამტკიცების ვალდებულებას აკისრებს.

თავის მხრივ, საპარლამენტო ბოიკოტი არ არის ქართული საპარლამენტო ცხოვრების პროდუქტი და არც მხოლოდ ქართული პოლიტიკური რეალობისთვის არის გამოწვევად ქცეული.

ცნობილი ეკონომისტის - ალბერტ ჰირშმანის აზრით, მაშინ, როცა ხალხს არ მოსწონს ის მიმართულება, საითაც კონკრეტული ინსტიტუცია მიდის, მათ მხოლოდ ორი არჩევანი რჩებათ - ხმა აიმაღლონ საკუთარ წუხილებზე ან დატოვონ იგი. 

ჰირშმანის აზრით, მაშინ, როცა პირველ მათგანზე ხდება არჩევანის შეჩერება, ამას დიდწილად სწორედ ინსტიტუციისადმი ნდობა განაპირობებს. სწორედ ეს პარადიგმა გვეხმარება ავხსნათ, რატომ ფუნქციონირებს პარლამენტის ინსტიტუცია და როდის ვერ ახერხებს იგი ამას. ფუნქციონალურ პარლამენტში ოპოზიციას შეიძლება, არ მოსწონდეს მმართველი უმრავლესობა, მაგრამ იგი აგრძელებს მონაწილეობას დებატებსა და ხმის მიცემაში. თუმცა, ასეთ ლოიალურობასაც აქვს გარკვეული ლიმიტაცია. თუკი, მმართველი ძალა არ ახალისებს განსხვავებული აზრის არსებობას, ოპოზიციას უქრება მოტივაცია, მოისმინოს საკუთარი წუხილები პარლამენტის ტრიუბუნიდან და იგი მას ტოვებს. 

პირველი სცენარი, ძირითადად, ისეთი დემოკარატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ინსტიტუციები მყარი და ავტორიტეტის მქონეა, ხოლო სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი - დაცული. ამასთან, მნიშვნელოვან ფაქტორებად შეიძლება დავასახელოთ პარტიათა პოლიტიკური კულტურა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე და ა.შ.

რაც შეეხება მოვლენების მეორე სცენარით განვითარებას, ეს უკანასკნელი მეტწილად ახალგაზრდა დემოკრატიებისა და მყიფე დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობისას იჩენს თავს, რაც სხვა გარემო ფაქტორებითაც შეიძლება იყოს განპირობებული. ისეთი მასშტაბური კრიზისი, როგორიც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის Covid19-ის გავრცელებას ახლავს, მთელი დემოკრატიული სამყაროსათვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად იქცა. ცხადია, დემოკრატიის ეროზია უფრო მწვავე გამოხატულებას ისეთი ტიპის გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნებში ჰპოვებს, როგორიც საქართველო და სხვა ახალგაზრდა დემოკრატიებია. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ 2019 წელს, ევროპის კონტინენტზე 4 სახელმწიფოში (ალბანეთი, სერბეთი, მონტენეგრო, ბულგარეთი) ჰქონდა ოპოზიციას პარლამენტისთვის ბოიკოტი გამოცხადებული. 2020 წლის დასაწყისში, მოგვიანებით კი - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ასეთი ქვეყნების ჩამონათვალს საქართველოც შეუერთდა. 

ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებამ - არ შესულიყვნენ პარლამენტში და ეთქვათ უარი თავიანთ მანდატებზე, სხვადასხვაგვარი შეფასებები უკვე დაიმსახურა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეფასდება ოპოზიციური სპექტრის პოლიტიკური ნაბიჯი, ცალკე უნდა შეფასდეს ხელისუფლების მიერ კრიზისის განმუხტვისთვის მიღებული ნაბიჯების კონსტიტუციურობა. 

წარმოდგენილ კანონპროექტში, რომლის ინიციატორი მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატები არიან, პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების წესის შეცვლის მიზნად დასახელებულია საპარლამენტო საბოტაჟის თავიდან აცილება.
 
ცხადია, საკითხის მსგავს დანახვაში ლოგიკა არსებობს. წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როცა მრავალპარტიულ ქვეყანაში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია არ აპელირებს არჩევნების მასიურად გაყალბებაზე და საკუთარი შედეგებით უკმაყოფილოები ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტში უმრავლესობის მანდატით შესულ პოლიტიკურ ერთეულს, იმ იმედით, რომ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ეს, ერთი შეხედვით, ქმნის საბოტაჟის სცენარს,  მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების წესთან. მრავალპარტიულ დემოკრატიებში, აღნიშნული „საბოტაჟი“ დაბალანსებულია არა სახელმწიფოს მიერ პარტიული საქმიანობისთვის გამოყოფილი თანხის წართმევასთან, არამედ პოლიტიკური პლურალიზმით და თავად პარტიათა პოლიტიკური ანგარიშვალდებულებით საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. 

პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების მიზნად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კორუფციის პრევენციასა და პარტიების მიერ კერძო დონორებზე გადამეტებული დამოკიდებულების თავიდან აცილებას მიიჩნევს. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, პარტიების სახელმწიფო დაფინანსებისთვის დაწესებული ბარიერი საარჩევნო ბარიერზე ბევრად დაბლა უნდა განისაზღვროს. ამდენად, პარლამენტში საქმიანობა იმთავითვე ირელევანტურია პოლიტიკურ პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების კონტექსტში. აღნიშნული მიდგომა გაზიარებულია ვენეციის კომისიის მიერ 2010 წელს OSCE/ODIHR-თან ერთად გამოქვეყნებულ რეკომენაციაშიც, რომლის მიხედვითაც, „[...] პოლიტიკური პლურალიზმის ინტერესები მოითხოვს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ზღურბლი საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საჭირო ბარიერთან შედარებით უფრო დაბალი იყოს”.

ამავე აზრს იზიარებდა ახლა უკვე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მდივანი, სამართლის დოქტორი, ირაკლი კობახიძე, რომელიც საკუთარი ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოში „პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი“. წიგნის ავტორი აკრიტიკებს 2008 წელს ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, საპარლამენტო ბოიკოტის პასუხად, იმდროინდელი ოპოზიციისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტას და განმარტავს: „დაუშვებელია, პოლიტიკურ პარტიას უარი ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე მის მიერ საქართველოს პარლამენტის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზით. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების განაწილების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს პარტიის მიმართ გამოხატული საზოგადოებრივი მხარდაჭერის ხარისხი და არა მათი წარმომადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში“.

დასკვნა

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გამტკიცებულ პოლიტიკურ პარტიათა თანასწორობის პრინციპს, ხელს უწყობს არაკონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და აზიანებს პლურალისტური პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბების პროცესს.

გარდა ამისა, საპარლამენტო ბოიკოტი არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომლის პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერებითა და მისდამი მაღალი საზოგადოებრივი ნდობით; ასევე - პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გაზრდითა და პოლიტიკური პლურალიზმით. შესაბამისად, პარტიების სახელმწიფო დაფინანსების შეზღუდვა არ და ვერ იქნება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ან ე.წ. ,,პარლამენტის საბოტაჟის“ თავიდან აცილების ლეგიტიმური და პროპორციული საფუძველი.

სწორედ ამიტომ, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას მოუწია ამ ცვლილების გაუქმება, ახლა კი, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროა, გაიაზროს, თუ რას ნიშნავს მრავალპარტიულობა, რომელიც სწორედ მათი ხელისუფლების პირობებში მოიპოვა ქართველმა ხალხმა.

სტატია მოამზადა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის, „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოში“. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით.

ახალი ამბები