კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმატებული საქმეები (ნოემბერი-თებერვალი, 2020-2021 წლები)

5 მარტი, 2021
 
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ ყინწვისის საქმეზე გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმარი უდანაშაულოდ ცნო 

2021 წლის 9 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა და ე.წ. ყინწვისის საქმეზე 2011 წელს გასამართლებული 12 ყოფილი პოლიტპატიმრის მიმართ გამამართლებული განაჩენი გამოიტანა.

საქმეში არსებული უხეში და თვალსაჩინო დარღვევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების, გამოძიებაში არსებული ცხადი პოლიტიკური მოტივების გამო, ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო ინიციატორი, ე. წ.  ყინწვისის საქმის მონაწილე პირებს მინიჭებოდათ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი, რაც 2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დააკმაყოფილა. 

შემდეგ წლებში, ამ საქმეში მსჯავდებულ პირთა მიმართ სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულები კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,ნიკოლოზ გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ’’.

ამის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა (სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის დეპარტამენტიც) ბოლომდე იცავდა 2012 წლამდე არსებითი დარღვევებით, დაკავებულთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად მიღებული ჩვენებებით ჩატარებული გამოძიების პოზიციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა სააპელაციო სასამართლოს ე. წ. ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის  მიმართ განაჩენის გადასინჯვის და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოთხოვნით 2018 წელს მიმართა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის ადამიანის უფლებათა ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგი, რის შედეგადაც  ყინწვისის საქმის მონაწილე 12 პირის სამართლებრივი რეაბილიტაციისასთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

სასამართლომ  დააკმაყოფილა ეთნიკური ნიშნით საქართველოდან დევნილი მ. ბ.-ს სარჩელი მ.მ.-ს მიმართ საცხოვრებელი სახლის გადაცემის მოთხოვნით 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ.მ.-ს სააპელაციო საჩივარი, ძალაში დარჩა ქარელის მაგისტრატი მოსამართლის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა ეთნიკური ნიშნით საქართველოდან დევნილი მ.ბ.-ს სარჩელი მ.მ.-ს მიმართ საცხოვრებელი სახლის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

2018 წლის 29 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისს მიმართა რუსეთის მოქალაქე მ. ბ.-მ. მისი განმარტებით, მ. ბ.-ს მამას #32 ორდერით გადაეცა ქ. ქარელში მდებარე  3 ოთახიანი ბინა. 1991-1992 წლებში განვითარებული კონფლიქტის შედეგად ხუთსულიან ოჯახს დაატოვებინეს საცხოვრებელი ადგილი და ისინი იძულებულნი გახდნენ საცხოვრებლად  ჩრდილოეთ ოსეთში გადასულიყვნენ. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მ. ბ.  საქართველოში 2018 წელს დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მისი ოჯახის კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა  მ. მ. ოჯახთან ერთად. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა გაუწია იურიდიული კონსულტაცია და შედგა სარჩელი უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

2021 წლის 8 თებერვალს, თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ.-ს  სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. 


სასამართლოს გადაწყვეტილებით ირანის მოქალაქემ საქართველოში  დროებითი ბინადრობის ნებართვა მიიღო

2020 წლის 19 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა. ბათილად იქნა ცნობილი  სერვისების სააგენტოს უარი და დაევალა მას მ. ქ.-ზე დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემა.

სექტემბერში, ირანის მოქალაქემ უფლებადამცველ ორანიზაციას თხოვნით მიმართა. მას სურდა გაესაჩივრებინა სერვისების განვითარების სააგენტოს სტანდარტული უარი დროებითი ბინადრობის ნებართვაზე. 29 სექტემბერს გამზადდა სარჩელი, რომელიც გადაეცა მ. ქ.-ს.

19 დეკემბერს სასამართლომ ირანის მოქალაქეს დროებითი ბინადრობის მოწმობის აღების უფლება მისცა. 

ყოფილმა პოლიციელმა ავტოსაგზაო შემთხვევისთვის მაქსიმალური სასჯელი მიიღო 
 
2021 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ დეტექტივ  ა. ი.-ს  სასჯელის მაქსიმუმი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ავტოსაგზაო შემთხვევისათვის, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.

2018  წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა. ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ.-სა და ე. მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ.მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა. ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი.-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში. დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის შემდეგ  კომპეტენტურმა ორგანოებმა არ მოახდინეს რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება.

2020 წლის 19 ივნისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

აგვისტოს ომის მონაწილე 10 წლის შემდეგ სასჯელისგან გათავისუფლდა

2021 წლის 18 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ  დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, დიმიტრი ნოზაძის შუამდგომლობა. შშმ მსჯავრდებული,  აკაკი თოხაძე გათავისუფლდა  სასჯელისგან.

2012 წელს სასამართლომ   6 წლით  თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისთვის. ბრალდებული N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 2011 წელს სრულიად ჯანმრთელი შევიდა. მისი თქმით, საპატიმროში არსებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად გახდა პირველი ჯგუფის შშმ პირი. ექსპერტების დასკვნით, მისი მდგომარეობა განკურნებას არ ექვემდებარებოდა. 2013 წელს მსჯავრდებულს გადაუვადეს სასჯელი და საპატიმროდან გაათავისუფლეს. 

2018 წელს, უსახსრობის გამო, ვერ წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რის შედეგადაც 2019 წლის იანვარში კვლავ დააკავეს. N18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე  2019 წლის 21 ივნისს  თოხაძეს კვლავ გადაუვადდა სასჯელი 1 წლით. 

დიმიტრი ნოზაძემ 2021 წლის 8 იანვარს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა სასჯელისგან გაეთავისუფლებინა შშმ პირი აკაკი თოხაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 2021 წლის 18 თებერვალს დაკმაყოფილდა შუამდგომლობა.

ახალი ამბები