კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებს

17 მარტი, 2021
 
მანანა ვარდიაშვილი

ღია სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის პოლიციამ 2020 წლის 4 ნოემბრის შემდეგ 20 ლარით ასობით ადამიანი დააჯარიმა, მაშინ, როცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე პრიმა მუხლის მე-11 პუნქტი ჯარიმას მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ითვალისწინებდა. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება, რომელიც პოლიციას ღია სივრცეში პირბადის გარეშე მყოფი ადამიანების დაჯარიმების უფლებას აძლევს, 2021 წლის 18 თებერვალს ამოქმედდა. 2020 წლის 4 ნოემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე უკანონოდ დაჯარიმებულთა შორის არიან ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარებიც. რამდენიმე მათგანის საქმე უკვე სასამართლოშია გასაჩივრებული. 

მათ შორის არის ქუთაისში მცხოვრები დ. ჯ-ძე. ის საპატრულო პოლიციამ 2021 წლის 4 იანვარს დააჯარიმა. 

“დამაჯარიმეს მაშინ, როცა შენობიდან გამოვედი და პირბადე ჩამოვიწიე. ახლოს არავინ იყო. ოქმში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული კოდექსის 42-ე პრიმა მუხლის მე-11 პუნქტი დავარღვიე,” - ამბობს დ. ჯ-ძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ანა ჩაფიძემ დ. ჯ-ძის მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საპატრულო პოლიციის სამმართველოში გაასაჩივრა. 2021 წლის 16 იანვრის დადგენილებით,  შს სამინისტრომ საჩივარი არ დაკამაყოფილა. საქმეს ახლა ქუთაისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

2021 წლის 31 იანვარს, ზუგდიდში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ, პირბადის გარეშე ყოფნისთვის, 20 ლარით დააჯარიმეს ი.ბ-ც. პოლიციელის მიერ შედგენილ ოქმში აღნიშნულია, რომ მანაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 42-ე მუხლის მე-11 პუნქტი დაარღვია.  

“ეს ოქმი გავასაჩივრეთ ზუგდიდის საპატრულო პოლიციაში. საქმე იმაშია, რომ პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი აწესრიგებს. კოდექსის 42-ე მუხლი ჩამოთვლის, რა შემთხვევაში რა ფულადი სანქცია მოქმედებს. ცვლილება, რომელიც ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წლის  18 თებერვალს შევიდა. მანამდე, კოდექსში ღია საჯარო სივრცე ნახსენები არ იყო და ჯარიმა მხოლოდ დახურულ სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე ვრცელდებოდა. თუმცა, პირბადის ღია სივრცეში გამოყენების აუცილებლობა განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის N368 დადგენილების მე-3 მუხლის ა1 ქვეპუნქტით (ეს ცვლილება განხორციელდა 2020 წლის 3 ნოემბერს), რომლის საფუძველზეც საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო აჯარიმებდა, ოქმში კი დაჯარიმების საფუძვლაად უთითებდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 4211-ე მუხლს, სადაც მხოლოდ დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იყო გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისად, პირისთვის ადმინისტრაციული პასუხიმგებლობის დაკისრება, “ - ამბობს ადამიანის უფლებათა  ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე. 

ქართულმა სასამართლომ უკვე განიხილა  მსგავსი საქმე. 2021 წლის 10 მარტს საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ,  კახა ყიფიანმა  გააუქმა 2020 წლის 25 დეკემბერს პოლიციელის მიერ გამოწერილი 20-ლარიანი საჯარიმო ქვითარი, რომლითაც მოქალაქე გიორგი ჭიღლაძე ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნისთვის დააჯარიმეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. 

ახალი ამბები