Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ქალი პატიმრები საქართველოში - პრობლემები და რეკომენდაციები

March 23, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროს წარმოადგენს პატიმართა უფლებების დაცვის ხელშეწყობა. ორგანიზაცია, წლებია, მონიტორინგს ახორციელებს სხვადასხვა სახის პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, სწავლობს პატიმართა მოპყრობის საკითხებს, დაწესებულებებში არსებულ გარემოსა და პირობებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს პასუხისმგებელი უწყებების მიმართ პრობლემური საკითხების გამოსწორების მიზნით. მსგავსი მონიტორინგის ვიზიტებით ადამიანის უფლებათა ცენტრი, ბოლო წლებში, რამდენიმეჯერ ეწვია ქალთა N5 სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას. ორგანიზაციამ შეისწავლა ქალი პატიმრების პრობლემები მათთან ინდივიდუალური გასაუბრების, დაწესებულების ინფრასტრუქტურულ გარემოსა და საცხოვრებელ პირობებზე სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე დაკვირვებისა და დაწესებულებაში დაცული სხვადასხვა დოკუმენტაციის გამოკვლევის გზით. ვიზიტების შედეგად მომზადდა საჯარო ანგარიშები და შემუშავდა რეკომენდაციები პასუხისმგებელი უწყებების წინაშე, რომელიც ეხება როგორც პენიტენციურ სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებსა და გამოწვევებს, ასევე, კონკრეტულად ამ დაწესებულებისათვის დამახასიათებელ ცალკეულ პრობლემებს. 

საზოგადოებაში არსებული მცდარი წარმოდგენები ქალი პატიმრების შესახებ ხელს უშლის მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას და სასჯელის მოხდის შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან რეინტეგრაციას. ქალი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობის საკითხისა და მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობის ფართო საზოგადოების წინაშე აქტუალიზება არსებითად მნიშვნელოვანია ქალ პატიმრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და სტერეოტიპების წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი ძირითადი უფლებების დაცვის ხელშესაწყობად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2015 წელს, საქართველოში არსებული ბულგარეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა მონიტორინგი ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში. მონიტორინგმა გამოავლინა სხვადასხვა პრობლემები დაწესებულებაში არსებული პირობების, ქალი პატიმრების მოპყრობისა და ჯანდაცვის კუთხით: 
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, გაშიშვლების გზით პირადი სრული შემოწმების პრაქტიკა და ქალი პატიმრებისათვის ბუქნების გაკეთების მოთხოვნა;
  • ხანგრძლივი პაემნის შესაძლებლობის პრაქტიკული არარსებობა ქალი პატიმრებისათვის;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მნიშვნელოვანი საცხოვრებელი და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები;
  • დაგვიანებული და არაეფექტური სამედიცინო მომსახურება;
  • დაწესებულების თანამშრომლების მიერ უცხო ენების არასათანადო ცოდნა, რის გამოც ბრკოლდება უცხოელი ქალი პატიმრებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება მათ უფლებებთან დაკავშირებით, ასევე, მათი კომუნიკაცია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. 
  • მონიტორინგის შედეგად N5 დაწესებულებაში გამოვლენილ დადებით ტენდენციას ქალ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით წარმოადგენდა მრავალფეროვანი კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებების გამართვა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქალი პატიმრები. 
ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოვლენილ გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. 2015 წელს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულებისათვის ხანგრძლივი პაემნით უფლებით სარგებლობისათვის მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა - დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა კოტეჯის ტიპის ნაგებობა, რომელშიც განთავსდა ოთახები ხანგრძლივი პაემნისათვის. 

2016 წელს N5 დაწესებულებაში დამონტაჟდა სკანერის აპარატი და დაწესებულების დებულებაში შევიდა ცვლილებები პირადი სრული შემოწმების წესებთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიენიჭა უფლება, თავად აირჩიოს სრული შემოწმების მეთოდი (პირადი სრული შემოწმება ან სკანერით შემოწმება). თუმცა, 2018 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქალთა N5 დაწესებულების მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ ორივე მეთოდის, გაშიშვლების გზით პირადი სრული შემოწმებისა და სკანერით შემოწმების ერთობლივი გამოყენების პრაქტიკა. პირადი სრული შემოწმების გამოყენების შემთხვევებში ქალ პატიმრებს კვლავ სთხოვდნენ ბუქნების გაკეთებას, რაც წარმოადგენს არასათანადო მოპყრობას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქალთა N5 სპეციალურ დაწესებულებაში 2018 წელს განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ დაწესებულებაში კვლავ პრობლემურია ქალი პატიმრების დროული და ეფექტური სამედიცინო დახმარება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, ასევე, უცხოელი ქალი პატიმრებისათვის არსებითად მწირი სარეაბილიტაციო-რესოციალიზაციის აქტივობები და გარე სამყაროსთან კონტაქტის შეზღუდული გზები, საზღვარგარეთ მყოფ მათი ოჯახის წევრებთან ვიდეოპაემნის შესაძლებლობის არარსებობის გამო. ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში კვლავ არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემა. ადამიანის უფლებათა ცენტრი განაგრძობს ამ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებასა და პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების წინაშე ადვოკატირებას ქალი პატიმრებისათვის აქტუალური პრობლემების გამოსწორებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით. 

News