კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორონავირუსის პანდემია - გასვლითი ვიზიტი ბაღდათში

31 მარტი, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა, 1-ელი ივლისიდან 1-ელ აპრილამდე, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის დროს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 1270-ზე მეტ ადამიანს გაუწია უფასო იურიდიული კონსულტაცია და წარმოებაში აიღო 89 საქმე, საიდანაც 34  წარმატებით დასრულდა.

პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, რომელიც თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება, ცენტრი კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობს და უფლებადარღვეულ ადამიანებს  კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევს.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენის და მოსახლეობისთვის პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, თბილისისა და რეგიონების ხალხმრავალ ადგილებში გადიან და მოქალაქეებს ხვდებიან. 

პროექტის დაწყებიდან, 2020 წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე, რეგიონებში სულ  82 გასვლითი შეხვედრა მოეწყო. 

დღეს მორიგის გასვლის დღეა. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე პროექტის დირექტორთან, ნინო ტლაშაძესთან ერთად მოსახლეობას ბაღდათში უნდა შეხვდეს. 

ამინდში არ გაგვიმართლა. 24 მარტია და ბაღდათში გაზაფხულისთვის უჩვეულოდ ცივა. თოვს და თან სუსხიანი ქარი ქრის. ანა ამბობს, რომ ასეთ ამინდში გარეთ, ქუჩაში ხალხი არ იქნება, ამიტომ მაღაზიებში, აფთიაქებში ან ბაზარში შევალთ და გავჩერდებით ყველგან, სადაც ერთად მყოფ რამდენიმე ადამიანს დავინახავთ. 

ბაღდათის ცენტრში მაღაზიები ღიაა. ანა და ნინო ხალხში დასარიგებელ ბუკლეტებს ამზადებენ და შეხვედრები და გასაუბრებაც იწყება. 

რა უჭირთ ბაღდათში?

მარინა ბ. 54 წლისაა. ის ერთ-ერთ მაღაზიაში გამყიდველია. ამბობს, რომ ბაღდათშიც ის პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში და კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ბაღდათშიც კიდევ უფრო დაამძიმა. 

“საგანგებო მდგომარეობა რომ  გამოაცხადეს და მაღაზიები დაიკეტა, უმუშევრად დავრჩი. ვიცი, რომ როგორც პანდემიის გამო დაზარალებულს, მეკუთვნოდა ფულადი დახმარება და 6 თვის განმავლობაში, თვეში 200 ლარი უნდა ამეღო, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია, რადგან მაღაზიის მფლობელმა შემოსავლების სამსახურს ჩემ შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. მე ინსტანციებში სიარული არ შემიძლია, არც იმდენი ფული მაქვს, რომ ადვოკატი ავიყვანო,” - ამბობს მარინა და გული სწყდება, როცა იგებს, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან კონსულტაციის გავლა უფასოდ შეეძლო და სასამართლოში სარჩელის შეტანის შემთხვევაშიც ცენტრი გაუწევდა სამართლებრივ დახმარებას. 

მარინა ადამიანის უფლებათა ცენტრის ბუკლეტს ჩანთაში იდებს: მომავალში უფასო იურიდიული დახმარება თუ დასჭირდება, იცის, სადაც უნდა დარეკოს. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით ბევრი რეგულაცია და შეზღუდვა დაწესდა: დაიკეტა მაღაზიები, რესტორნები და კაფე-ბარები, მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მანქანებით მიმოსვლა, სამზე მეტი ადამიანის შეკრება, 31 მარტიდან კი დაწესდა კომენდანტის საათი და აიკრძალა საღამოს 9 სთ-დან დილის 6 სთ-მდე ქუჩაში გადაადგილება.   
 
დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების გამო საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი კი საერთოდ დაიხურა -  ასიათასობით ადამიანმა  სამსახური და შემოსავლის ერთადერთი წყარო  დაკარგა. დახმარების გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი და საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგაც ბევრი მოქალაქის უფლება დაირღვა. 

ნინო გ-ძეც ფიქრობს, რომ მისი უფლებებიც დაირღვა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ მაღაზიაში ადამიანის უფლებათა  ცენტრის იურისტის, ანა ჩაფიძის საუბარი მოისმინა, კონსულტაციისთვის საკუთარი სურვილით მოდის. 

“კერძო კომპანიაში ვმუშაობდი, საიდანაც 5 თვის წინ კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული შემოსავლების საბაბით გამათავისუფლეს. ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი ვარ, რადგან კომპანიას შემოსავლები არ შემცირებია. მთავრობის მიერ პანდემიის გამო დაზარალებული ადამიანებისთვის გამოყოფილი დახმარება არ მომითხოვია და არც მიმიღია. ვფიქრობდი, რომ ფულად დახმარებას მხოლოდ საჯარო სექტორიდან გათავისუფლებულ ადამიანებს აძლევდნენ. მეც მაქვს უფლება, დახმარება მოვითხოვო ან იმ კერძო კომპანიის მფლობელს ვუჩივლო, ვინც სამსახურიდან უსაფუძვლოდ გამათავისუფლა?” - კითხულობს ნინო. 

ანა ჩაფიძის იურიდული კონსულტაციის შემდეგ ადამაინის უფლებათა ცენტრის ბუკლეტი ნინოსაც მიაქვს: ახლა ჯერ ყოფილ დამსაქმებელს შეხვდება და მასთან საუბრის შემდეგ გადაწყვეტს, ადამიანის უფლებათა ცენტრს იურიდიული დახმარებისთვის მიმართოს თუ არა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ბუკლეტს გოჩა ბ-ძეც ინახავს. მას საცხობი და პატარა კაფე აქვს. გოჩა გვიყვება, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე კაფე რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, ზარალი დიდია და ახლა, როცა ბანკიდან აღებული სესხის გადავადებას და რესტრუქტურიზაციას ითხოვს, შესაძლოა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის იურიდიული  კონსულტაციით ისარგებლოს. 

„პროექტის მეშვეობით კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას ვუწევთ იმ მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფონზე დაირღვა. პროექტი 1-ელ ივლისს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში 82 გასვლითი ვიზიტი მოვაწყეთ რეგიონებში და 1270-ზე მეტ ადამიანს გავუწიეთ უფასო იურიდიული კონსულტაცია. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა წარმოებაში აიღო 89 საქმე, საიდანაც 34  წარმატებით დასრულდა, დანარჩენზე კი გრძელდება საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში,“ - აცხადებს პროექტის დირექტორი ნინო ტლაშაძე. 

ახალი ამბები