კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბუნდოვნად შეზღუდული ადამიანის ძირითადი უფლებები

19 აპრილი, 2021
 
გიორგი კაკუბავა

ახალი კორონავირუსის (COVID-19) სწრაფმა და მასშტაბურმა გავრცელებამ  მსოფლიოში არაერთი ქვეყანა და მათ შორის - საქართველო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დააყენა, როგორც ეკონომიკური, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის  თვალსაზრისით. 

2020 წლის 26 თებერვალს ჯანდაცვის მინისტრის სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის კონკრეტული შემთხვევების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად დაიწყო საუბარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. 

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტმა 2020 წლის 21 მარტს საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 ბრძანება დაამტკიცა 115 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, ასევე - 115 ხმით დამტკიცდა პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის დამტკიცების თაობაზე“. 

თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 2020 წლის 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა. პრეზიდენტის დეკრეტით შეიზღუდა საქართველოს  კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები, კერძოდ - თავისუფლების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება, საკუთრების უფლება, შეკრებისა და შრომის უფლება

ხსენებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდა, სახელმწიფოს შეუფერხებლად შეესრულებინა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება და ეზრუნა საზოგადოების უსაფრთხოებაზე, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირებაზე და ქვეყანაში სიტუაციის მართვაზე. 

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 აპრილს მხარი დაუჭირა ერთი თვის ვადით საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას. ამავე ვადით გაგრძელდა პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტიც. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ COVID 19-თან საბრძოლვევლად ზემოაღნიშნული ზომების მიღების საჭიროების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. 

პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა არაერთი სახელმწიფოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის ძალიან რთულ გამოწვევად რჩება.

2020 წლის  22 მაისის მოახლოებასთან ერთად აქტიურად დაიწყო საუბარი პარლამენტის გვერდის ავლით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით. 13 მაისს კი, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებების პაკეტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ექვსმა წევრმა  დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით დაარეგისტრირა. ინიცირებულ კანონპროექტს სამოქალაქო საზოგადოების მწვავე განცხადებები მოჰყვა, იმ საფუძვლით, რომ მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტს. ცვლილებების საჭიროება დასაბუთდა იმით, რომ ვირუსთან ბრძოლაში მიღწეული შედეგების შესანარჩუნებლად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, აუცილებელობას წარმოადგენდა, დახვეწილიყო კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია საკარანტინო ღონისძიებების გამოყენებასთან, პანდემიისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის მართვასთან. აუცილებლობად დასახელდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და იმგვარი რეგულაციები და ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემდა ბერკეტებს, სწრაფად და ეფექტიანად გამკლავებოდა დაავადებას. 

კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საქართველოს მთავრობას უფლება მიეცა, 2020 წლის 22 მაისის შემდეგაც შეძლებოდა შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, პარლამენტის თანხმობის გარეშე. მსგავსი საკანონმდებლო რეგულაციით კი, საპარლამენტო კონტროლის გარეშე მთავრობას უფლება მიეცა, შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, მიიღოს რეგულაციები, ერთი მხრივ, ინფიცირებული ან მასთან კონტაქტირებული პირის განცალკევებასთან, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადად ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირთა მიმოსვლასთან, საკუთრებასთან, შრომასთან, პროფესიულ ან ეკონომიკურ საქმიანობასთან ან/და სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით პირთა თავშეყრასთან დაკავშირებით. 

მთავრობისთვის მსგავსი უფლებამოსილების  დელეგირებამ  იურისტთა წრეებში  არაერთგვაროვანი შეფასებებები გამოიწვია.  

კანონში განხორციელებული ცვლილებების სამართლებრივი გაანალიზება ცხადყოფს, რომ საქართველოს პარლამენტმა უფლების დელეგირებისას მკაფიოდ არ განსაზღვრა მთავრობის სამოქმედო არეალი. ცხადია, რომ პარლამენტმა კანონთა აღსრულებისთვის კი არ მოახდინა უფლებამოსილების დელეგირება, არამედ სრულიად ახალი, მათ შორის არსებულისგან განსხვავებული საკანონმდელო სივრცის შექმნის უფლებამოსილება მიანიჭა აღმასრულებელ ხელისუფლებას. იურიდიულ წრეებში აღნიშნავენ, რომ „საკანონმდებლო უფლებამოსილების  დელეგირებით პარლამენტმა არა მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებაზე თქვა უარი, არამედ სასამართლოს ხელისუფლებასაც შეუზღუდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი“.

ზემოაღნიშნული საკითხის საკანონმდებლო ბუნდოვანებას და არაერთგვაროვან მიდგომას ამყარებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა გიორგი კვერენჩხილაძემ კოლეგებისაგან განსხვავებული აზრი გამოთქვა და მიიჩნია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილება იმგვარად, რომ საქართველოს პარლამენტს არ მიუღია გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით.  მოსამართლის განმარტებით, საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება წარმოადგენს არა კანონის აღსრულების საშუალებას, არამედ საქართველოს მთავრობისათვის ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნის უფლებამოსილების მინიჭებას. მსგავსი დელეგირება კი უთანაბრდება საკანონმდებლო ორგანოს მიერ საკუთარი კონსტიტუციური კომპეტენციის განუხორციელებლობას, რაც შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციასთან და მასში განმტკიცებულ ძირითად პრინციპებთან. 

ზემოაღნიშულის საპირისპიროდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მთავრობისთვის უფლების  დელეგირება განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არ გადაუცია ფუნდამენტური საკითხების მოწესრიგების უფლება და ამასთან, პარლამენტმა სათანადოდ განსაზღვრა გადაცემული უფლებამოსილების შინაარსი, მიზანი და ფარგლები. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დელეგირებული უფლებამოსილების ფუნდამენტური ხასიათის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა ორ ასპექტზე  - დელეგირების დროებითობასა და ნაკლებ ინტენსივობაზე, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ საქართველოს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის არ გადაუცია ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში იმგვარი შეზღუდვების დაწესება, როგორიც შეეხება გადაადგილების ფორმებს, სხვადასხვა ტიპის შეკრებაზე დამსწრე პირთა თუ ავტომანქანაში პირთა დასაშვებ რაოდენობას და სხვა მსგავს საკითხებს, ხარისხობრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს უფლებაში იმგვარ ინტენსიურ ჩარევას, რომელიც მოითხოვდა გადაწვეტილების მიღებას სხვადასხვა პოლიტიკური აქტორებისა თუ პირთა ფართო წრის ჩართულობით.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების   ფარგლები,  კითხვებს აჩენს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ცხადად არ ირკვევა, აღმასრულებელ ხელისუფლებას კონკრეტულად რა ფარგლებში აქვს უფლება, შეზღუდოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. მაგალითად, გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესების უფლება აქვს სრულად თუ ნაწილობრივ. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრი საყურადღებოა იმ კუთხითაც, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა მასშტაბი, თუ რაოდენ განუსაზღვრელი საკანონმდებლო უფლებამოსილების დელეგირება მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და რა რისკის მატარებელი შეიძლება იყოს ზემოაღნიშნული ძალაუფლების კონცენტრაცია ხელისუფლების აღმასრულებელ შტოში, თუნდაც პანდემიის, ეპიდემიის ან სხვა კრიზისული ვითარებისას.

დღეს, როდესაც ახალი კორონავირუისის დროით შემოსაზღვრის საკითხი უცნობია, მრავალი სახელმწიფო და მათ შორის - საქართველო ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას, იმოქმედოს და ებრძოლოს COVID-19-ს, იმგვარად, რომ არ იქნეს დარღვეული ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური  უფლებები.  

სტატია მოამზადა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის, „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით.




ახალი ამბები