კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იზოლაციის უკუეფექტი - ფრისელმა მამაკაცმა საოკუპაციო ღობე ავტომანქანით გაანგრია

19 მაისი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი
 
საოკუპაციო ღობეებს და მავთულხლართებს თუ აქამდე ღიად და საჯაროდ მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებლები აპროტესტებდნენ, ახლა უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეც არის პროტესტის ერთეული შემთხვევები. ამის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ერთი თვის წინ ოკუპირებულ ფრისში მცხოვრები ეთნიკურად ოსი მამაკაცის ქმედება, რომელმაც ავტომანქანით გამოანგრია საოკუპაციო ღობე და სოფელ დიცში შემოვიდა, ადგილობრივებს შეხვდა, გამოელაპარაკა და ისევ გამონგრეული საოკუპაციო ღობის გავლით ბრუნდებოდა ფრისში, რა დროსაც მას საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. მის წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიებაც. 
 
სოფელ დიცში ერთ-ერთი ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ ეთნიკურად ოსს შეხვდა ვანო საური იყო.
 
„ერედველი ბიჭი ვარო, არ მიშვებდნენო და ღობე გავანგრიეო. აგინებდა ოსსაც  და ქართველსაც. ქართულად ლაპარაკობდა. თვითონ რომ არ ეთქვა, ოსი ვარო, ვერც გაიგებდი, რომ ოსი იყო. ცოტა ხანს გაჩერდა აქ,  მერე მანქანა მოატრიალა  და ისევ იქით წავიდა, ღობისკენ. როგორც მერე გაირკვა, ფრისელი ყოფილა. შეიძლება ერედველიც იყო და ახლა ფრისში ცხოვრობს. ცოლი მყავს ქართველიო, ამბობდა”, - იხსენებს ვანო საური. 
 
აღდგომის დღეებშივე, ოკუპირებული ძუკაანთაკარიდან ხურვალეთში 4 ეთნიკურად ოსი მოქალაქე გადმოვიდა, მათ ხურვალეთში დაკრძალული ნათესავის საფლავს პატივი მიაგეს და ძუკაანთკარში დაბრუნდნენ. აღნიშნულ ფაქტს ადგილობრივებიც შეესწრნენ - ამბობენ, რომ ოსების  საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.
 
„იმ დღით საოკუპაციო ხაზთან რუსები არ იდგნენ, ვუყურებდი როგორ გადმოვიდნენ, ქართულად და ოსურად საუბრობდნენ, მივიდნენ საფლავთან და უკან გაბრუნდნენ, როდესაც ხაზი გადაკვეთეს და იმათ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ მილიციის მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს”, - გვეუბნება  ხურვალეთის ერთ-ერთი მკვიდრი. 
 
მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო ორი თვის განმავლობაში უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები აქტიურად განაახლა, რაზე მეტყველებს ეს ორი შემთხვევა?! humanrights.ge  შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აწ უკვე ყოფილ მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ახლა როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი  აგრძელებს ქართულ-ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით მუშაობას. ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ საოკუპაციო ღობეებს და მავთულხლართებს აქვს ბერლინის კედლის კონცეფცია და მასობრივი შემოღობვები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებში უკვე უკურეაქციას იწვევს. 
 
„ამ მავთულხლართებს აქვს ბერლინის კედლის კონცეფცია, მისი დანიშნულებაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არ შემოუშვას დანარჩენ საქართველოში.  ადრე თუ მავთულხლართი პირობითად ხუთი კილომეტრის მანძილზე იყო გავლებული, რაც შესაძლებელს ხდიდა აღნიშნული ხუთი კილომეტრის შემოვლას და ე.წ. საზღვრის გადმოკვეთას​, ახლა ეს მანძილი გაიზარდა ოც კილომეტრამდე, შესაბამისად ძნელია შემოვლა და მოქალაქე იძულებული ხდება რომ გაარღვიოს​. სწორედ ეს მოხდა დიცის შემთხვევაში, სავარაუდოდ ნასვამ მამაკაცს ყელში ამოუვიდა სიჩუმე, ფარისევლობა და პროტესტის ამ ფორმას მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ  საოკუპაციო ღობეების გამონგრევა და ამ ფორმით აქეთ გადმოსვლა უფრო რადიკალურია. ასევე უნდა ითქვას, რომ გავრცელებული არ არის, თუმცა საკმაოდ ხშირია, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლების დიდი ნაწილი არღვევს უკანონო ბორდერიზაციის ინსტალაციებს და ჩუმად, ხმაურის გარეშე გადმოდის დანარჩენ საქართველოში. ამას მოწმობს დე ფაქტო მთავრობის სტატისტიკაც, აჯარიმებენ როგორც ჩვენი მხრიდან გადასულებს, ისე საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან. ერგნეთის ფორმატის შეხვედრებზე ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას ცნობილი ხდებოდა, რომ დაკავებულების 80 პროცენტს  თავად ცხინვალში მცხოვრებლები წარმოადგენენ", - აცხადებს  პაატა ზაქარეიშვილი.
 
სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო ხაზიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე, უკვე წლებია რაც ოსებს და ქართველებს შორის სახალხო დიპლომატიის მიმართულებით მუშაობს. ჩლაჩიძე ამბობს, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლები, დღითიდღე რწმუნდებიან ორ რამეში: პირველი ის არის, რომ ომი და დაძაბულობა არც ქართველების და არც ოსების ინტერესებში არ შედიოდა და არ შედის და მეორე, მათ განვითარება და ცხოვრება საოკუპაციო ღობეებით და მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე უკვე შეუძლებლად მიაჩნიათ.  
 
ლია ჩლაჩიძე: „იზოლაცია და ჩაკეტილი ე.წ. საზღვრები მობეზრდა ხალხს და ეს ჩვენ ვნახეთ აღდგომის დღეებში, როდესაც ოკუპირებული ფრისში მცხოვრებმა საოკუპაციო ღობე გამოანგრია ავტომანქანით და დიცის ცენტრამდე მოვიდა. ეს მისი მხრიდან პროტესტი იყო შექმნილ მდგომარებაზე. ამაზე მეტყველებს მისი სიტყვები როდესაც აგინა ოსებსაც და ქართველებსაც, თუმცა ვფიქრობ რომ მისი გინების ადრესატი სინამდვილეში საოკუპაციო რეჟიმი იყო, რომელმაც ცხოვრება გაგვირთულა ქართველებს და ოსებს. საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს პრაქტიკულად გეტოებში აქცევს, სწორედ ამის პროტესტი იყო საოკუპაციო ღობის გამონგრევა, რამაც ბერლინის კედელი გამახსენა.  ადრე თუ გვიან  ნამდვილად მოელის ბერლინის კედლის ბედი საოკუპაციო ინსტალაციებს, მათ ოსები და ქართველები ერთად დავანგრევთ. გარდა ამ ფაქტისა აღდგომის დღეებში ოკუპირებული ძუკანთკარიდან 4 ადგილობრივი გადმოვიდა ხურვალეთში, ისინი ჩვენს მხარეს დაკრძალული ახლობლის საფლავზე გავიდნენ, ეპატიჟებოდნენ იქვე მყოფ ქართველებსაც. ხალხს ყელში ამოუვიდა საოკუპაციო ღობეები, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, გამყოფი ხაზის რომელ მხარეს ცხოვრობ.  ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ეს მდგომარეობა, ფაქტია, რომ ხალხს აღარ უნდა შემოსაზღვრულ სივრცეში ცხოვრება.  სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით უნდა გადაიდგას კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები".
 
საოკუპაციო რეჟიმს მავთულხლართებით და ღობეებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქალქეების შეკავება უჭირს, რაზეც სტატისტიკასთან ერთად უკვე მათივე განცხადებებიც მეტყველებს. დიცთან საოკუპაციო ღობის გამონგრევის ფაქტზე ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი განცხადებას ავრცელებს სადაც ვკითხულობთ, რომ  „ამგვარი ინციდენტების ანალიზი მიუთითებს უპასუხისმგებლო მოქალაქეების არსებობაზე, რომლებიც მისდევენ ქართველი პოლიტიკოსების, სპეცსამსახურებისა და მათ მიერ კონტროლირებადი ნაციონალისტური ორგანიზაციების შეხედულებებს, რომლებიც არ ცნობენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და იღებენ ზომებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის გასანადგურებლად”.
 
საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლა ტახტისძირი - დირბის და ღოღეთი - თამარაშენის მონაკვეთზე. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით,  მცოცავი ოკუპაციის შედეგად დამატებითი ტერიტორიები იკარგება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით კი აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია არ ხდება და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები საოკუპაციო ხაზთან მიმდინარეობს.
 

ახალი ამბები