კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვისთვის იხსნება კომენდანტის საათი და ვისთვის არა - ხელისუფლების პრივილეგიები გამორჩეულთათვის

19 მაისი, 2021
მანანა ვარდიაშვილი
 
21 მარტს, საღამოს 21:00 სთ-ის შემდეგ, მაშინ, როცა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი ამოქმედდა, მარნეულში, მერიის შენობის წინ ადგილობრივი მცხოვრებლები, ეთნიკური აზერბაიჯანელები შეიკრიბნენ და იცეკვეს - ამ ფორმით მათ კომენდანტის საათის მხოლოდ ერთი დღით გაუქმების თხოვნაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული უარი გააპროტესტეს. 
 
ეთნიკურმა აზერბაიჯანელებმა, რომლებიც 21 მარტს ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავენ, პრემიერ-მინისტრს დღესასწაულისთვის, მხოლოდ ერთი დღით კომენდანტის საათის გაუქმების თხოვნით მიმართეს. მთავრობამ ეთნიკური უმცირესობის თხოვნა არ გაითვალისწინა და მათთვის გამონაკლისი არ დაუშვა. თუმცა, გამონაკლისი დაუშვა და კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მისცა  იმ 30 000 მოქალაქეს, რომელიც 2021 წლის 28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა. 
 
“ნოვრუზ ბაირამი ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის უდიდესი საერო დღესასწაულია. ამ დღესასწაულს, რომელიც იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ძეგლად აღიარა, ჩვენ მთელი წელი ველოდებით. პრემიერ-მინისტრს და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისთვის, მხოლოდ ერთი დღით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათის გაუქმების თხოვნით მივმართეთ. მთავრობის ადმინისტრაციაში გავგზავნეთ წერილობითი განცხადება. მთავრობამ განცხადება განსახილველად რელიგიის საკითხთა სააგენტოს გადაუგზავნა, სააგენტოდან კი არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ბრიფინგზე, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე გაცემული პასუხისას გავიგეთ, რომ მთავრობამ  თხოვნაზე უარი გვითხრა,” - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა,  - “თუ შესაძლებელია, რომ მთავრობამ დროებით გააუქმოს გადაადგილებაზე შეზღუდვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების, მაგალითად, ფეხბურთის გამო ანდა რომელიმე სხვა რელიგიურ დღესასწაულზე, რატომ იყო შეუძლებელი ნოვრუზ ბაირამზე, ერთი დღით კომენდანტის საათის გაუქმება? როგორ შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ მოქალაქეთა ერთ ჯგუფს აქვს გარკვეული უფლება, მეორეს კი - არა. ეს არის დისკრიმინაციული პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ავლენს. ჩვენ დემონსტრაციულად დავარღვიეთ კომენდანტის საათი და ასე გავაპროტესტეთ მთავრობის უარი ჩვენს მოთხოვნაზე.” 
 
ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით თბილისიდან მარნეულში 40-კაციანი ჯგუფი წავიდა. მათ შორის იყო “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრი და აქტივისტი, გიორგი მუმლაძეც. 
 
“მე თვითონ მარნეულელი ვარ და ვიცი, ადგილობრივი თემისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს ნოვრუზ ბაირამს, რომელიც მათთვის დიდი საერო დღესასწაულია. აქ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მთავრობა ზოგჯერ უშვებს გამონაკლისს და კორონავირუსის შეჩერების მიზნით დაწესებულ რეგულაციებს და შეზღუდვებს გარკვეული ჯგუფებისთვის აუქმებს. მაგალითად,  ყველას, ვინც საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე ბილეთი იყიდა, კომენდანტის საათის დროს გადაადგილების უფლება მისცეს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებისთვის კი ასეთი  გამონაკლისი არ დაუშვეს. ეს დისკრიმინაციაა, რომელსაც ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობების მიმართ ავლენს. ჩვენ ხელისუფლების ასეთი - დისკრიმინაციული პოლიტიკა გავაპროტესტეთ და ნოვრუზ ბაირამი ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან ერთად აღვნიშნეთ. თბილისში დაბრუნებისას ჩვენი 4 აქტივისტი კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს,” - ამბობს მუმლაძე. 
 
“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები პატრულის მიერ გამოწერილი ჯარიმებს ახლა სასამართლოში ასაჩივრებენ. 
 
გამონაკლისი რელიგიური უმრავლესობისთვის
 
საქართველოს მთავრობამ გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნა 2021 წლის 6-7 იანვარსაც, როცა მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი შობის დღესასწაულს აღნიშნავდა, აკრძალვის დროებით გაუქმება კი იმ გარემოებით გაამართლა, რომ საქართველოში მოსახლეობის “უმრავლესობა მართლმადიდებელია.”
 
თუმცა, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დაწესებული შეზღუდვები არ შემსუბუქებულა 2020 წლის 25 დეკემბერს, მაშინ, როცა, შობას სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ზეიმობდნენ. 
 
საქართველოს მთავრობამ რელიგიურ უმცირესობებს შეზღუდვების დროებითი გაუქმების სანაცვლოდ, რელიგიურ მსახურებაზე მისვლის მსურველთათვის ერთდღიანი საშვების დაშვება შესთავაზა.  
 
საშვის მისაღებად, რელიგიურ მსახურებაზე მისვლის მსურველებს მთავრობის ცხელ ხაზზე (144) უნდა დაერეკათ, წარედგინათ ვინაობა (სახელი, გვარი) და პირადი ინფორმაცია( პირადობის მოწმობის ნომერი) გადაეცათ. 
 
მთავრობის ამ შეთავაზებაზე რელიგიურმა უმცირესობებმა უარი თქვეს:  ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ განაცხადა, რომ ადამიანის პირადი ინფორმაციის გადაცემა “პირადი თავისუფლების შეზღუდვაა“ და გარდა ამისა, სასულიერო პირმა არ შეიძლება წინასწარ იცოდეს, წირვაზე ვინ მივა. 
 
ამის გამო, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე, საღამოს 9 საათამდე შესრულდა. 
 
კორონავირუსის პანდემიის შეჩრების მიზნით დაწესებული  შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამაც. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში კი მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ. ღამისთევის წესის აღსრულება ვერ შეძლო ვერც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლმა. 
 
“ახალი კორონავირუსის  - COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ გატარებული მთელი რიგი ღონისძიებებისას, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ავლენს არასეკულარულ და დიფერენცირებულ დამოკიდებულებას საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიასა და სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის. წლების განმავლობაში რელიგიის თავისუფლებასთან მიმართებით სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობასთან ერთად, სულ უფრო აშკარა ხდება დომინანტი რელიგიური ინსტიტუციისა და გაბატონებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიისადმი ხელისუფლების წარმომადგენელთა ღია ლოიალობა,” - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში, რომელიც რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით ხელისუფლების დისკრიმინაციულ პოლიტიკას საგანგებო მიმართვით გამოეხმაურა. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართვაში  საგანგებოდ აღნიშნა ისიც, რომ სახელმწიფომ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს  ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა არ მისცა.   
 
“2021 წლის პირველ ნახევარში, საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, მათი გნაცხადებით, ეს არ ეხება კულტურულ და რელიგიურ დღესასწაულებს. ამიტომ, 2021 წლის 18 მარტს, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო წერილით მიმართეს და სთხოვეს, ერთი დღით, 21 მარტს, აზერბაიჯანელ თემს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის აღნიშნვნის შესაძლებლობა მისცემოდათ და კომენდატის საათი (დროებით) გაეუქმებინათ. თუმცა, მიუხედავად მუსლიმი თემის აქტივისტების მოთხოვნებისა და ოფიციალური მიმართვებისა, სახელმწიფომ შეღავათები არ გაითვალისწინა მათთვის და პირიქით - დააჯარიმა.
 
სამწუხაროდ, ახალი სამთავრობო გუნდის პირობებშიც, წელსაც, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციული მიდგომის მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, რაც ქვეყანაში რელიგიური თანასწორობის კუთხით არსებულ მწვავე პრობლემებსა და თანასწორობის პრინციპის უხეშ უგულვებელყოფას მოწმობს,” - აღნიშნულია მიმართვაში. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ: დისკრიმინაციის გარეშე, ერთნაირად დაიცვას, ყველა ადამიანის რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით სარგებლობის ფუნდამენტური უფლება. დაიცვას საქართველოს კონსტიტუციითა და კონსტიტუციური შეთანხმებით გარანტირებული სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის პრინციპი და  კონკრეტული კონფენსიური კუთვნილების მიუხედავად, შესაბამისი რეგულაციების დაცვით, საშუალება მისცეს ყველა ადამიანს, დაუბრკოლებლად ისარგებლოს საკუთარი რწმენისა და რელიგიის თავისუფლებით. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.
 

ახალი ამბები