კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 322 დღე

31 მაისი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალიდან გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი, ზაზას გათავისუფლების ნაცვლად, მისი პატიმრობის დღეებს ითვლის. 2021 წლის 31 მაისი ზაზას უკანონო პატიმრობის 322-ე დღეა. გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრეს. ცხინვალის დე ფაქტო სასმართლომ გახელაძეს რუსი ჯარიკაცების შეიარაღებულ თავდასხმაში  ბრალი აქეთ დადო და 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 
 
სასჯელის მიუხედავად, ფაქტია, რომ რუსი სამხედროებიდან არავინ დაშავებულა და საოკუპაციო ფორმირებებმა, პირიქით, ზაზა გახელაძის სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ზაზა გახელაძის გათავისუფლებას როგორც ჟენევის, ისე ერგნეთის შეხვედრების ფორმატში ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს. 
 
უკანონო პატიმრობის გახანგრძლივების და შეფარდებული სასჯელის ზომიდან გამომდინარე,  გახელაძის საქმე ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოა. საქართველოს ხელისუფლება გატაცებულის ოჯახს აიმედებდა, რომ პროცესს აკონტროლებდა და გახელაძის გათავისუფლება მალე მოხდებოდა, მაგრამ შეფარდებული სასჯელის შემდეგ ხელისუფლება დაიბნა, ერთადერთ პოზიტიურ ნაბიჯად კი იმას მიიჩნევდა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხზე მხარეები საუბრობდნენ.
 
ამ ყველაფრის შემხედვარე გატაცებულის ოჯახი დღითიდღე საქართველოს ხელისუფლების ნდობასაც კარგავდა. ოჯახმა საპროტესტო აქციების დაგეგმვა დაიწყო, რა დროსაც მთავრობის კაცენლარიიდან ზაზა გახელაძის მეუღლის ტელეფონის ნომერზე შემოვიდა ზარი, რომელიც იტყობინებოდა, რომ პრემიერ მინისტრს დაკავებულის ოჯახთან შეხვედრა სურდა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა გატაცებულის ოჯახს უთხრა, რომ აქციებისგან თავი შეეკავებინათ და ხელისუფლებისთვის გარკვეული დრო კიდევ მიეცათ. 
 
„ეს არის ხელისუფლებისთვის ბოლო ნდობის მანდატი და იმედი გვაქვს, რომ პრემიერ მინისტრი გამოიყენებს ამ მანდატს, ჩვენ საპროტესტო აქციების გარდა აღარაფერი დაგვრჩენია - ან ზაზა გამოუშვან ან ჩვენც დაგვიჭირონ“, - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე, ირმა ბუთხუზი, რომელმაც თითქმის ერთი წლის მანძილზე, მეუღლე მხოლოდ ერთხელ, ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის დახმარებით ნახა.
 
ზაზა გახელაძის საქმის შესახებ humanrights.ge ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს დაუკავშირდა.  სწორედ პაატა ზაქარეიშვილის მინისტრობის დროს საქართველოს 14 მოქალაქის გათავისუფლება მოხდა ცხინვალის ციხიდან. ზაქარეიშვილი ამბობს რომ ზაზა გახელაძის საქმეზე საქართველოს ხელისუფლებამ არასწორი პოლიტიკა აირჩია, რომელიც ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა შედეგის მიღწევაში. 
 
„ვთვლი, რომ ზაზა გახელაძის შემთხვევაში სახელმწიფომ შანსები გაუშვა ხელიდან, რადგან საერთაშორისო დონეზე ხდებოდა მეტი კომუნიკაცია, ვიდრე ადგილობრივ დონეზე ადვოკატებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩემი მინისტრობის პერიოდში 14 ადამიანის გამოყვანა შევძელი ცხინვალიდან მოლაპარაკებების საშუალებით. შესაბამისად, თუ მაშინ მოხერხდა მსგავსი ჩიხში შესული სიტუაციიდან გამოსვლა, ახლაც შეიძლებოდა. მიზანშეწონილი იქნება თუ საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს, ითანამშრომლებს ადვოკატებთან. შესაძლებელია, არსებობდეს ფონდი საქართველოში, რომელიც დაფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციების ან სულაც ბიზნესმენების მიერ, საჭიროების შემთხვევაში კი აღნიშნული ფონდი დაეხმარება ოჯახებს ცხინვალში ადვოკატების მოძებნაში" ამბობს პაატა ზაქრეიშვილი. 
 
Humanrights.ge-ს შეკითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ცხინვალში ადვოკატის აყვანა იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს მთლიანად საოკუპაციო რეჟიმი აკონტროლებს, ზაქარეიშვილი პასუხობს: „პროფესიონალი ადვოკატის აყვანა ჩრდილოეთ ოსეთიდან ან რუსეთიდან მდგომარეობას მთლიანად შეცვლიდა. პირველ რიგში, პოლიტიკურად სხვა გარემო შეიქმნებოდა, როცა რუსეთის მოქალაქე, ადვოკატი საუბრობს საქართველოს მოქლაქის უფლებების უხეშ დარღვევაზე, მეორეც ეს ფაქტი საქმეს კონტროლირებად სასამართლოშიც კი თავდაყირა დააყენებდა, რადგან სასაცილოა, რომ ზაზა გახელაძემ თურმე სანადირო თოფიდან 9-ჯერ გაისროლა. სამწუხაროდ ზაზა გახელაძეს არ ჰყოლია ადვოკატი, რომელიც მის უფლებებს დაიცავდა, რისი პრაქტიკაც ჩვენ გვქონდა თუნდაც თამარ მეარაყიშვილის შემთხვევაში, რომელსაც ჰყავდა ადვოკატი და ამ ბრძოლამ გარკვეული შედეგიც გამოიღო. მართალია, ცხინვალში არსებული სასამართლო უკანონოა და საქართველოში არსებულ კანონმდებლობას არ შეესაბამება, მაგრამ ადგილობრივები ამ წესებს ემორჩილებიან. შესაბამისად, შესაძლებელი იყო მეორე მხრიდან ადვოკატის აყვანა. ძირითად შემთხვევებში, ოჯახებს არ აქვთ ფინანსური რესურსი ადვოკატის ასაყვანად. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იყო ბიზნესმენების ან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ხელი არ შეუწყო ხელი ზაზა გახელაძის ოჯახს ადვოკატის მოძიებაში. არ ვთლი, რომ ადვოკატის ყოლის შემთხვევაში გახელაძეს მეორე დღესვე გაათავისუფლებდნენ, მაგრამ 12-წლიან სასჯელს თავიდან ნამდვილად აირიდებდა. ადვოკატი მოითხოვდა კიდევ ერთხელ დამტკიცებას ნამდვილად მოხდა თუ არა იარაღიდან გასროლა 9-ჯერ და გახელაძეს 12 წლის ნაცვლად 4 წელზე მეტ პატიმრობას ვერ მიუსჯიდნენ. ბუნებრივია, ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის ეს 4 წელიც მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ბრძოლის შედეგად 4 წლის შემცირება უფრო იოლი იქნებოდა ვიდრე 12 წლის. ამ ეტაპზე, უკეთეს შემთხვევაში, 12 წლის 5 წლამდე შემცირება იქნება შესაძლებელი, 4 წელი კი შეიძლებოდა 2 წლამდე შეგვემცირებინა“.
 
კონფლიქტოლოგი სოსო ვახტანგაშვილი ამბობს, რომ საქრთველოს ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის საქმე საერთაშორისო პოლიტიკური და სასამართლო ტრიბუნებიდან უნდა გაახმაუროს და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ნაცვლად მისი გათავისუფლება პირდაპირ რუსეთის ფედერაციას უნდა მოსთხოვოს: „ზაზა გახელაძის საქმეში აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. რუსეთის ფედერაციას უნდა შეექმნას სირთულეები. თუკი საერთაშორისო წნეხის შედეგად მათ დისკომფორტი არ განიცადეს, ფაქტია, რომ მხოლოდ ქართულ-რუსული ურთიერთობებით ისინი არ წუხდებიან. ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის აღძვრა რუსეთის წინააღმდეგ  გატაცებული ადამიანების სახელით კარგი იქნებოდა. ჯგუფური სარჩელი რამდენიმე ათეული გატაცებული ადამიანის სახელით დისკომფორტს შეუქმნიდა რუსეთის ფედერაციას. რა თქმა უნდა, ეს სრულად ვერ გადაჭრის არსებულ პრობლემას, მაგრამ იქნება ერთგვარი ბერკეტი რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების მოსახდენად. რუსეთის ფედერაციასაც აღელვებს საერთაშორისო განწყობები და ანგარიშს უწევს მას. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ დისკომფორტი უნდა შეუქმნას რუსეთს საერთაშორისო ტრიბუნაზე. მნიშვნელოვანია მაქსიმალური საჯაროობაა და ყველა ფაქტის გარეთ გატანა, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები, რათა ჩვენ ვამხილოთ რუსეთის მტაცებლური პოლიტიკა. 
 
Humanrights.ge-ს კითხვას - გამოიყენებს თუ არა დე ფაქტო ხელისუფლება გახელაძის საქმეს სხვა თემებზე სავაჭროდ, სოსო ვახტანგაშვილი გვპასუხობს: „ზაზა გახელაძის საკითხს ვერ გადაწყვეტს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება. შესაძლებელია ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს კულტურის სფეროს მიმართულებით, მაგრამ ქართულ მხარესთან ურთიერთობის საკითხები წყდება რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლება კი იმყოფება გამხმოვანებლის პოზიციაში“. 
 
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის გარდა უკანონო პატიმრობაში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი რჩებიან. გენადი ბესტაევი ცხინვალის ე.წ სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთის და ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის უკანონოდ შეტანის ბრალდებით გაამართლა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაშა ხეთერელს კი საოკუპაციო რეჟიმი საზღვრის არაერთგზის გადაკვეთას ედავება.

ახალი ამბები