კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შრომის უსაფრთხოების დარღვეული წესები - როგორ დაკარგა 27 წლის ახალგაზრდამ ცალ თვალში მხედველობა

31 მაისი, 2021
მანანა ვარდიაშვილი

2020 წლის 23 სექტემბერს, გ. კ-ს, რომელიც თბილისში, დოდაშვილის 37 ნომერში,  შპს „ნათება +“-ის ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე დამხმარე მუშად მუშაობდა, ფიცრიდან ლურსმნის ამოძრობის დროს თვალში ლურსმანი მოხვდა, რის გამოც მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მხედველობასთან ერთად დაკარგა სამსახური და ფიზიკური შრომის უნარიც - ექიმებმა მას ფიზიკური დატვირთვა და 2 კგ-ზე მეტი სიმძიმის აწევა კატეგორიულად აუკრძალეს. 

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამშენებლო ობიექტზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა: კომპანიას სათანადოდ არ ჰქონდა შეფასებული საფრთხე და მისი რისკები, მუშას არ ჰქონდა გავლილი სათანადო სწავლება და არც დამცავი სათვალე ეკეთა. მიუხედავად ამისა, შპს „ნათება +“  გ.კ-სთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გ.კ. მათთან ოფიციალურად არ იყო დასაქმებული და მასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდათ. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე გ.კ.-სთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიზნით სასამართლოს მიმართავს. 

გ.კ. 27 წლისაა. ის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს. სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის გამო ოჯახს როცა ძალიან გაუჭირდა, იძულებული გახდა, უნივერსიტეტში სწავლა შეეწყვიტა და სამუშაოს საძებნელად თბილისში წასულიყო. 

შპს „ნათება +“-ის სამშენებლო ობიექტზე ის 2020 წლის აგვისტოში დასაქმდა. როგორც humanrights.ge-სთან საუბარში გ.კ-ს და, მ.კ. ამბობს, კომპანიის ხელმძღვანელი მის ძმასთან სიტყვიერად შეთანხმდა: ანაზღაურებას ის დღიური გამომუშავების მიხედვით მიიღებდა და თვეში საშუალოდ 1000-დან 1500 ლარამდე აიღებდა. 

უბედური შემთხვევა 2020 წლის 23 სექტემბერს მოხდა. ფიცრიდან ლურსმნის ამოძრობის დროს გ.კ-ს ლურსმანი მარჯვენა თვალში მოხვდა. 

„ნახეთქი ჭრილობა იმდენად ღრმა იყო, რომ დაზიანდა ბადურა და მინისებური სხეული. მარჯვენა თვალში მხედველობა საერთოდ დაკარგა. უკვე შევეგუეთ იმ აზრს, რომ დაზიანებულ თვალში მხედველობა აღარასოდეს აღდგება. ჩემი ძმა მხედველობის დაკარგვას ძალიან განიცდის - სახლიდან, ფაქტობრივად, აღარ გადის. მძიმე ემოციურ მდგომარეობას თან ერთვის ეკონომიური გაჭირვებაც. ბანკიდან სესხი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც ახლა ვეღარ იხდის. მკურნალობასა და გამოკვლევებში 15 000 ლარამდე დავხარჯეთ. თვალი რომ შეუნარჩუნდეს, კიდევ დასჭირდება ოპერაცია, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ. ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ. ჩემმა ძმამ დახმარების თხოვნით მიმართა კომპანიას, მაგრამ კომპანიაში მას დახმარებაზე უარი უთხრეს“, - ამბობს მ. კ.

რა წერია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნაში 

გ.კ-ს სქმეზე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს ორი მოკვლევა და შესაბამისად, ორი დასკვნა აქვს გაკეთებული. 

მოკვლევის ოქმში, რომელიც 2021 წლის 26 იანვრით არის დათარიღებული, აღნიშნულია, რომ უბედური შემთხვევა შრომის უსაფრთხოების წესების დაღვევით იყო გამოწვეული. ოქმში წერია, რომ შემოწმების დროს სამშენებლო ობიექტზე დაცული არ იყო შრომის უსაფრთხოების წესები და გამოვლინდა „კრიტიკული შეუსაბამობა“, რის გამოც ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერდა. თუმცა, ამავე ოქმში ხაზგასმით არის აღნიშნული ისიც, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ვერ დაადასტურეს ფაქტი, რომ გ.კ. ობიექტზე ნამდვილად მუშაობდა, რადგან  ოფიციალური საბუთების მოკვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ შპს „ნათება +“-ს მასთან შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონდა. 

ოქმში კიდევ ერთი საინტერესეო ჩანაწერია. კერძოდ, ოქმში აღნიშნულია: „შრომის უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქტაჟის ჟურნალში ფიქსირდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ გ.კ-ს ჩაუტარდა ინსტრუქტაჟი. თუმცა, არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია პირადი მონაცემების შესახებ (პირადი ნომერი). ამდენად, ვერ ხერხდება პიროვნების იდენტიფიცირება, ასევე შრომის უსაფრთხოების ჟურნალში ხელმოწერა ევალება ობიექტის სივრცეში შემოსულ მესამე პირებსაც, რომელთაც შესაძლოა, ჩაუტარდა ზოგადი ინსტრუქტაჟი. ამდენად, ხელმოწერა ვერ იქნება დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ გ.კ. იყო დასაქმებული სამშენებლო ობიექტზე“.

მას შემდეგ, რაც გ.კ-მ საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით კიდევ ერთხელ მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დეპარტამენტმა საქმეზე ახალი მოკვლევა დაიწყო. 

უბედური შემთხვევის მოკვლევის მეორე ოქმში, რომელიც 2021 წლის 28 აპრილით თარიღდება, აღნიშნულია, რომ „გ.კ. დოკუმენტურად ვერ ადასტურებს მისი შპს „ნათება +“-ში დასაქმების საკითხს, მაგრამ გამოკითხულ პირთა მიერ დასტურდება, რომ ის 23 სექტემბერს და მანამდეც რამდენჯერმე იმყოფებოდა შპს „ნათება +“-ის სამშენებლო ტერიტორიაზე, როგორც სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირი“. 

ამავე დროს, შპს „ნათება +“-ის  ბრიგადირი ადასტურებს, რომ გ.კ. დამხმარე მუშად აიყვანა. ამ ინფორმაციას ადასტურებს კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელიც (ე.წ. პრარაბი ). 

ოქმის თანახმად, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის საქმეში კომპანიაში “სისტემური ხარვეზი” გამოვლინდა. კერძოდ: კომპანიაში არ არსებობდა საფრთხის იდენტიფიცირების და რისკის შეფასების პროცესი; მუშებისთვის და სამუშაო ობიექტზე მყოფი სხვა პირებისთვის ჩატარებული სწავლება/ტრენინგი იყო ფორმალური; სამუშაოები მიმდინარეობდა ინდივიდუალური დაცვის საშაუალებების გამოყენების გარეშე - გ.კ.-ს არ ეკეთა დამცავი სათვალე; კომპანიაში არ იყო დანერგილი შრომის უსაფრთხოების სიტემა, რითაც კომპანიამ შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი დაარღვია. 

გარდა ამისა, შპს „ნათება +“-ის ბრიგადირმა და სამუშაოთა მწარმოებელმა, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ არ შეატყობინეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურს და არც მოკვლევა დაიწყეს. როგორც ოქმშია აღნიშნული, მათი განცხადებით, არ იცოდნენ, რომ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა აცნობონ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ზიანი ადგება ისეთ ადამიანს, ვისთანაც კომპანიას ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვს.
 
რატომ არ იყო შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული გ.კ.-სთან?

გ.კ.-ს და, მ.კ. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი ძმა ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვდა, მაგრამ კომპანიის ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო. 

Humanrights.ge კომენტარისთვის დაუკავშირდა შპს „ნათება+“-ის ხელმძღვანელს, შალვა ძაგანაშვილს ოფიციალურ საბუთებში მითითებულ ნომერზე, მაგრამ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ანა ჩაფიძე ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში არაფორალური დასაქმება გავრცელებული პრაქტიკაა: „სამშენებლო კომპანიებში ეს გავრცელებული პრაქტიკაა - გადასახადების დამალვის მიზნით, ისინი მუშების დიდ ნაწილს ხელზე უხდიან თანხას და ოფიციალურად არ აფორმებენ. სამშენებლო სექტორში არაფორმალური დასაქმება რომ სერიოზული პრობლემაა, ამას სახელმწიფოც აღიარებს, პროფკავშირების გაერთიანებაც და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაც. არაფორმალური დასაქმების გამო ადამიანები რჩებიან სოციალური გარანტიების გარეშე. იმის გამო, რომ კომპანიასთან არ ჰქონდა გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულება, გ.კ.-მ ვერ მიიღო ის დახმარება, რაც სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კორონავირუსის დროს დაზარალებულ მოქალაქეებს მისცა. გარდა ამისა,  კომპანია უარს ამბობს მისთვის კომპენსაციის მიცემაზე. ძალიან ადვილია იმის დადგენა, ადამიანი მუშაობდა თუ არა სამშენებლო ობიექტზე - სხვა თუ არაფერი, ობიექტზე კომპანიას ვიდეოკამერა უყენია. ჩვენ მოვაგროვეთ ყველა საჭირო დოკუმენტი და უახლოეს პერიოდში სასმართლოს მივმართავთ. მოვითხოვთ, რომ კომპანიამ გ.კ.-ს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაუროს“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით ახორცილებს. პროექტის მიზანია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და პანდემიის შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

ახალი ამბები