კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრი ასობით ადამიანს დაეხმარა

30 ივნისი, 2021
მანანა ვარდიაშვილი

პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ მიმდინარეობისას ადამიანის უფლებათა ცენტრის  (HRC) იურისტებმა 130 საქმე აიღეს. ამ პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 ივლისამდე, ადამიანის უფლებათა ცენტრი პანდემიის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობდა და უფლებადარღვეულ ადამიანებს ეხმარებოდა. მართალია, პროექტი დამთავრდა, მაგრამ ცენტრის იურისტები აგრძელებენ იმ საქმეებზე მუშაობას, რომელთა დასრულებაც პროექტის ბოლოსთვის ვერ მოესწრო. 

პროექტს - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დახმარებით განახორციელა. პროექტის მიზანი იყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის და შემდგომ პერიოდში სავარაუდო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და ცნობიერების ამაღლება მათზე თბილისსა და საქართველოს ხუთ რეგიონში - შიდა ქართლში, კახეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში.

პროექტის ფარგლებში ცენტრის იურისტებმა მოქალაქეებს 2010 უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს: აქედან 1051 პირადი კონსულტაცია იყო, 732 -  სატელეფონო, 227 კი ონლაინ გაცემული კონსულტაციაა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, პროექტის დირექტორი ნინო ტლაშაძე და ცენტრის იურისტები humanrights.ge-სთან იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რომელიც პროექტზე მუშაობის პერიოდში შეხვდათ. 

„პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები თბილისსა და პროექტით გათვალისწინებულ ხუთ რეგიონში, რაც 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს, ხვდებოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ჯამში, ჩვენ 116 ასეთი გასვლითი ვიზიტი გვქონდა. შეხვედრების ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენლები მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას პროექტით გათვალისწინებული უფასო იურიდიული დახმარების შესახებ, აცნობდნენ საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას და ადგილზე პასუხობდნენ მოსახლეობის შეკითხვებს, რომლებიც, ძირითადად, მათ სამართლებრივ თუ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხებოდა. საწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა გადახდილი მისთვის უსამართლოდ გამოწერილი ჯარიმა, რადგან არ ჰქონდათ კერძო ადვოკატის აყვანის საშუალება და არ იცოდნენ, რომ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც მათ უფასო იურიდიული დახმარების მიღება შეუძლიათ. ეს სერიოზული გამოწვევაა“,  - ამბობს პროექტის დირექტორი ნინო ტლაშაძე.  

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების მიერ წარმოებაში აღებული 130 საქმიდან 11 სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებას ეხება, 24 - ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დავას, 33 კი სახელმწიფოს მხრიდან მიუღებელ კომპენსაციას და დახმარებას. რამდენიმე საქმეში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები  წარმოადგენდნენ იმ ოჯახების ინტერესებს, სადაც უკიდურესი გაჭირვების გამო, ბავშვებს არ ჰქონდათ ინტერნეტი, მობილური ტელეფონი ან კომპიუტერი, რის გამოც ვერ ესწრებოდნენ ონლაინ გაკვეთილებს ანდა არ ჰქონდათ სუფთა სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალზე ხელმისაწვდომობა. 

ცენტრის მიერ წარმოებაში აღებული საქმეებიდან ყველაზე მეტი - 51 საქმე კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებს ეხებოდა. 

„როგორც ანალიზმა გვიჩვენა, იმ  საქმეებში, რომლებიც კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის ადამიანების დაჯარიმებას ეხებოდა, ხშირად შსს-ს თანამშრომლები არ სწავლობდნენ სავარაუდო სამართალდარღვევის საქმეების მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს და არ ითვალისწინებდნენ ინდივიდუალურ მოცემულობებს. ცალკეულ შემთხვევებში კი, დაჯარიმება კანონის მოთხოვნათა გვერდის ავლით, პოლიციელის მიერ სამართლებრივი ნორმის არასწორი ინტერპრეტაციით ხდებოდა. კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრების უფრო მეტი შემთხვევა გვექნებოდა, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: რეგიონებში გასვლითი ვიზიტების დროს ბევრი უსამართლოდ დაჯარიმებული ადამიანი გვხვდებოდა, რომელიც ამბობდა, რომ გასაჩივრებას არ აპირებდა, რადგან პოლიციელებისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მთავრობა ამ ჯარიმებს აუცილებლად ჩამოწერდა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ანალიტიკოსი ლაზარე ჯიბლაძე. 

2021 წლის 24 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მართლაც გამოვიდა პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმების გაუქმების ინიციატივით. პრემიერის განცხადებით, ინიციატივა 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ეხება. საუბარია იზოლაციის, კარანტინისა და პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო დაკისრებულ დაახლოებით 76 მილიონი ლარის გადაუხდელ ჯარიმებზე.

კიდევ ერთ გამოწვევაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე.
„ამ პროექტის ფარგლებში 58 საქმე ავიღე. აქედან 32 წარმატებით დასრულდა. ჩვენ მიერ გაწეული უფასო იურიდიული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით - მაშინ, როცა გარკვეული რეგულაციები მოქმედებდა, მაგალითად -  გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ადამიანებს გადაადგილება უჭირდათ, ზოგს კი აუცილებელი საბუთების ამობეჭდვისთვის საჭირო ფულიც არ ჰქონდა. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეებდით მათ მაგივრად და მაშინ, როცა ბევრი ადამიანი სამსახურის და შემოსავლის გარეშე იყო დარჩენილი, ასეთ დახმარებას მათთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იყო პრობლემებიც. იმ საქმეების განხილვა, რაც კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებს უკავშირდებოდა, დროში ძალიან გაიწელა, რაც ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ამ საქმეების განხილვას განგებ აჭიანურებდა. მოსახლეობის ნაწილი კი გასაჩივრებას თავს არიდებდა: ამბობდნენ, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, შეიძლებოდა ხელისუფლებასთან პრობლემები შექმნოდათ“.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს პანდემიით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვას, რაც კრიზისის დასრულების შემდგომ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც აქტიურად გაგრძელდება. „ყველა ის საქმე, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში ავიღეთ წარმოებაში და ჯერ არ დასრულებულა, ორგანიზაციის სხვა პროექტებში გადანაწილდება და არცერთ საქმეს შუა გზაზე არ მივატოვებთ“, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში აღებულ 40 საქმეზე მუშაობას ისევ აგრძელებენ. 

იურისტებმა პროექტის განმავლობაში მოქალაქეებს გაუწიეს 2010 უფასო იურიდიული კონსულტაცია; მათგან 1051 იყო პირადი კონსულტაცია, 732 სატელეფონო და 227 ონლაინ. მათ შორის 1073 იყო ქალი და 937 კაცი. 

ახალი ამბები