კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზაზა გახელაძის 34 წლის იუბილე ოკუპანტების ტყვეობაში

30 ივნისი, 2021
ნათია ფარეხელაშვილი, შიდა ქართლი

23 ივნისს ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში 34 წელი შეუსრულდა. ოჯახი ზაზას დაბადების დღეს მის გარეშე წელს პირველად შეხვდა. მრავალთვიანი მოლოდინის მიუხედავად, მათთვის მთავარი იმედგაცრუება პრემიერ მინისტრის უკან წაღებული დაპირება გახდა. ირაკლი ღარიბაშვილი გატაცებულის ოჯახს 8 მაისს შეხვდა, არწმუნებდა, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან მაისის ბოლოს გათავისუფლდებოდა.

 „იმედი გაცრუებული იყო უკვე 31 მაისს საღამოს, როდესაც არაფერი არ ხდებოდა, და მშვიდი ჩვეულებრივი დღე იყო მათთვის, მაგრამ არაჩვეულებრივი დღე იყო ჩვენთვის, რადგან მთელი დღე ვიყავით რაღაცის მოლოდინში და ეს რაღაცა იყო ზაზას დაბრუნება, რომელიც სამწუხაროდ მორიგ ჯერზეც არ გამართლდა“, - ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მის გასათავისუფლებლად თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ გრძელდება. მოლაპარაკებები იმდენად არაეფექტური იყო, რომ ამის დამალვა შეხვედრებიდან გამოსული ქართული მხარის წარმომადგენლებსაც უჭირდათ. 

„ერთადერთ პოზიტიურ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ჩვენ ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხს განვიხილავთ“, - ეს სიტყვები ბოლოს ერგნეთში 15 ივნისს გამართული შეხვედრის შემდეგ უთხრა ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

 ერგნეთის შეხვედრებს ჟენევის ფორმატი ანაცვლებდა. შეხვედრიდან შეხვედრამდე არ იცვლებოდა თითქმის არაფერი - არც დღის წესრიგი და არც მხარეების პოზიციები. მოლაპარაკებები იმდენად ჩიხში შევიდა, რომ ზაზა გახელაძის ოჯახმა საპროტესტო აქციების გამართვის და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. „გადავალთ ჩვენც ოკუპირებულ მხარეს. დაგვიჭირონ და ჩვენს შვილთან მაინც ვიქნებით”, - განაცხადა ზაზა გახელაძის მამამ. 

მიხეილ გახელაძეს ეს გადაწყვეტილება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადააფიქრებინა და რუსეთის პატრიარქს კირიონ მეორეს წერილით მიმართა, რითაც გახელაძის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა. პატრიარქის წერილის შემდეგ უკანონო პატიმრის მამა ხელისუფლებას დამატებით კიდევ ერთთვიან ვადას აძლევს, თუ ამ პერიოდშიც არ მოხდება ზაზა გახელაძის გათავისუფლება, მიხეილ გახელაძე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე ოჯახთან ერთად აპირებს გადასვლას. 

„ეკლესიის წინაშე ვფიცავარ, ჩემს შვილებს ვფიცავარ, ჩემს შვილიშვილებს ვფიცავარ, მე თუ კიდევ მოვითმინო ეს და ესე გავჩერდე”, - ამბობს ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე. 

ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია, სიმბოლურად, მის დაბადების დღეს - 23 ივნისს გაიმართა. დილიდან ხალხმრავლობა იყო სოფელ ქვემო ჭალაში. გახელაძეების ოჯახის სოლიდარობის გამოსაცხადებლად რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ, იქიდან კი სამთავისის მონასტრამდე ფეხით მსვლელობა მოაწყეს. 

ელენე ხოშტარია პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი: „გაღიზიანებას იწვევს რუსეთი, როდესაც იტაცებს საქართველოს მოქლაქეებს და ტერიტორიებს. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების მიდგომას - არ გააღიზინოს რუსეთი, ეს დამოკიდებულება მცდარია და  საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლების მიმართ ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს. რუსეთი როცა იტაცებს შენს მოქალაქეებს, შენ კი ამაზე უბრალოდ ჩუმდები, ეს ნიშნავს, რომ ამას ეგუები, მათ შორის - ადამიანების წამებას და ტყვეობაში ყოფნას“. 

იმ დროს, როდესაც ქვემო ჭალაში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა, თბილისში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. სხდომის მთავარი განხილვის საკითხიც სწორედ საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები იყო. ოპოზიცია ხელისუფლებას უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ყველა ბერკეტს იყენებს, მაგრამ კონკრეტულად რას - ამას შს მინისტრი არ აკონკრეტებს. 

ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი: „ამ შემთხვევაში, ნამდვილად გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ მე ერთი შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველანი ჩართულები არიან ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად“. 

ზაზა გახელაძე მე-12 თვეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება. ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ იგი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით - „სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლეზე თავდასხმა” და „საზღვრის უკანონო კვეთა” - გაასამართლა და 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები